თხრობა სულიერი კა [21]. აღსაარებისათვის ჭეშმარიტისა
ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, აღსარებისა პატიოსნება პირველივე მოასწავა წინასწარმეტყველმან დავით, რომელ სთქუა: „აღუარო უფალსა ბრალი ჩემი და შენ მომიტევე უღმრთოება გულისა ჩვენისა“[ფს. 31,5]. და იოანე ნათლისმცემელმან გამოაცხადა ვითარცა წერილ არს წმიდასა შინა სახარებასა, ვითარმედ: „ნათელს იღებდეს იოანესგან და აღუარებდეს ცოდვათა მათთა“[მრკ. 1,5]. ხოლო ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან დაამტკიცა და წმიდათა მოციქულთა ჰქადაგეს, ვითარცა იტყვის იოანე ღმრთისმეტყველი: „უკეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩვენნი, სარწმუნო არს და მართალ, რათა მოგვეტევნეს ცოდვანი ჩვენნი და განვსწმდეთ ყოვლისაგან სიცრუისა“[1 იო. 1,9]. და წმიდათა მამათა ღმრთივშვენიერად განფინეს ყოველსა ეკკლესიასა შინა, და სულისა ცხონებისათვის ნამდვილ საჭიროდ აღმოაჩინეს.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი, კეთილგონიერი და გულისჴმისმყოფელი, და ჰყვა მას მოწაფე. ხოლო მოწაფე იგი მანქანებითა ეშმაკისათა, იპარებდა პაქსიმადსა და იდუმალ სჭამდა უჟამოდ. ყოველსავე ცოდვასა აღუარებდა მოძღვარსა თვისსა, ხოლო ცოდვასა მას პარავობისასა დაუფარვიდა.
დღესა ერთსა იწყო ბერმან სწავლად მოწაფისა თვისისა და განგებითა ღმრთისათა მოვიდა სიტყვა აღსაარებისათვის და სთქუა ვითარმედ: „ყოველი ცოდვა მიეტევების კაცთა სახიერებითა ღმრთისათა, ხოლო აღსაარებისა დაფარვა მოძღვრისა წინაშე არა მიეტევების: არცა ამას სოფელსა, არცა მას საუკუნესა. რამეთუ იუდაცა ყოველსავე იტყოდა, წინაშე მოძღვრისა მის ყოვლადსახიერისა, გარნა ცოდვა იგი განმცემელობისა არა აღიარა, და მისთვის, მიიღო რა უღირსად საიდუმლო წმიდისა ზიარებისა, შევიდა მისა ეშმაკი“.
ესერა ესმა მოწაფესა მას, შეძრწუნდა სულითა და შეუვრდა ფერჴთა სულიერისა მის მამისათა და ცრემლითა დაალტობდა. და აღუარა ცოდვა იგი პარავობისა და აღმოიღო უბეთაგან პაქსიმადი და უჩვენა. და გამოვიდა წიაღთაგან მისთა შავი კუამლი, სავსე სიმყრალითა, ვითარცა წუნწუბისა. და ცრემლით ევედრებოდა მოტევებასა, და ითხოვდა ლოცვასა შემდგომად კრძალულებისათვის.
მაშინ ჰრქუა მას მამამან სულიერმან: „ჵ, შვილო, ქრისტემან განგათავისუფლა ტყვეობისაგან ეშმაკისა აღსაარებისა ამის მიერ. ამისთვის სასწაულიცა გიჩვენა დასამტკიცებელად სიტყვათა ჩემთა. ამიერითგან ნუღარა სცოდავ, რათა არა უძვირესი რაჲმე გეყოს შენ, არამედ აწ ყოველნივე მოგიტევნეს უფალმან ღმერთმან ჩვენმან კაცთმოყვარებითა თვისითა, რომელსა „არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და ცხოვნება მისი“[იერ. 33,11; ეზეკ. 18,32; 33,11; იო. 12,47].
აწ უკუჱ საყვარელნო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ნათესავი ეშმაკთა განვალს კაცისაგან ლოცვითა და მარხვითა“[მრკ. 9,29]. ხოლო აღსაარებითა, ვითარცა კუამლი, განქარდების და სინანულითა, ვითარცა სიმყრალე, უჩინო იქმნების. რამეთუ ჭეშმარიტისა აღსაარებითა და ლმობიერითა სინანულითა და კანონისა აღსრულებითა, მადლი ყოვლადწმიდისა სულისა დაემკვიდრების ჩვენ შორის, და ეშმაკთაგან სრულიად განვთავისუფლდებით.
ამისთვის, გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, სრულიად აღვიარეთ ცოდვანი ჩვენნი წინაშე სულიერისა მამისა და მოძღვრისა ჩვენისა, რათა არა სირცხვილეულ ვიქმნეთ წინაშე ქრისტესა და ყოველთა ანგელოსთა და კაცთა, და იუდას თანა დავისაჯნეთ აღსაარებისა დაფარვითა და ზაკვით ზიარებითა სიწმიდისა მპარავ ვიქმნეთ, და ეშმაკთა თანა ვიტანჯებოდეთ ჯოჯოხეთსა შინა საუკუნოდ.
არამედ გევედრები, ძმანო, განვიბანოთ სული ჩვენი სინანულისა ცრემლითა და განწმედილნი შემუსრვილის გულით ვეზიარნეთ უკუდავმყოფელთა ქრისტეს საიდუმლოთა, და მისითა მადლითა განმღრთობილნი ღირს ვიქმნეთ დამკვიდრებად ზეცისა სასუფეველსა. და ნაყოფიერნი სულითა მართალთა თანა ვიყვარებოდეთ, მონანულთა თანა ვიხარებდეთ, ვინათგან ნაყოფი სულისა არს სიყვარული ჭეშმარიტი, სიხარული უოხჭნო. ღირსთა თანა ვიშვებდეთ, წმიდათა თანა ვზატიკობდეთ და ღმრთისა ბრწყინვალებითა განათლებულნი მარადის უგალობდეთ, ვადიდებდეთ და თაყვანისვსცემდეთ დაუსაბამოსა მამასა, მხოლოდშობილსა ძესა და ცხოველსმყოფელსა სულსა წმიდასა უკუნითი უკუნისამდე. ამინ.