თხრობა სულიერი კბ [22]. აღსაარებისა დამფარველისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტრე ბრძანებს: „ყოველი რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა“(იო. 3,20). საყვარელნო, ნათელმყოფელი სულისა ჩვენისა, ჭეშმარიტი აღსაარება არს. ვითარცა იტყვის სამღთო მოციქული: „ყოველი განცხადებული ნათელ არს“[ეფ. 5,13]. და რომელი ნათელსა აღსაარებისასა არა მოვალს, იგი ბნელსა შინა არს. და ბნელმან ცოდვისამან დაუბრძნეს თუალნი გონებისა მისისანი, და ემხილების სიბოროტე თვისი ჟამსა სასჯელისასა. რამეთუ კაცმან ვინმე ბოროტ ჴელოვანმან შექმნა ნაცვალი კლიტისა და განაღებდა კარსა ბერისა ვისმე ღირსისა და პატიოსნისასა, რომელსა აქუნდა ჴელთსაქმრითა თვისითა მოგებული მცირედი ოდენ კერმა (რომელ არს ფარა), რათა მით გამოზარდოს თავი თვისი, და უმრავლესსა მისცემდა გლახაკთა მოწყალებად. და იწყო კაცმან მან პარვად კერმასა მისსა. ხოლო ბერმან დასწერა ქარტასა ზედა, ვითარმედ: „უფალო და ძმაო ჩემო, რომელიცა ხარ, ჰყავ სიყვარული და ნახევარი კერმისა ამის შენ წარიღე და ნახევარი მე დამიტევე, სახმრად სიგლახაკისა ჩემისა“. და განჰყო კერმა იგი ორად და დასდვა მას ზედა ქარტა იგი. და ვითარცა მოვიდა ჩვეულებისაებრ მპარავი იგი, იხილა ქარტა, აღმოიკითხა და განხივა იგი და ყოველივე კერმა წარიღო სრულიად. და ოდეს იხილა ძვირუხსენებელმან ბერმან, აკურთხა და ულოცა ბოროტისმყოფელსა თვისსა, ვითარცა უფალი ბრძანებს: „კეთილსა უყოფდით ბოროტისმყოფელთა თქვენთა და ულოცევდით, რომელნი გმძლავრობდენ თქვენ“[მთ. 5,44]. ხოლო ყოვლადსახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ჩვენი, სულგრძელ ექმნა მპარავსა მას და ელოდა სინანულსა მისსა. და ვინათგან ნებსით არა შეიგონა და არცა აღიარა აღსაარებასა შინა, მიეცა იგი სალმობასა სასტიკსა და მიიწია სიკუდილად. და მრავალჟამ განისჯებოდა და არა განვიდა სული მისი ჴორცთაგან. და მაშინღა შეინანა და მოუწოდა წმიდასა მას ბერსა და ჰრქუა ვედრებით: „შემინდევ, მამაო პატიოსანო, და შემიწყალე ჟამსა ამას ჭირისასა და ლოცვა ჰყავ ჩემთვის, რამეთუ მე ვარ, რომელი ვიპარავდი კერმასა შენსა“. მიუგო მას ბერმან: „საყვარელო შვილო, მე მაშინვე მიგიტევე, გარნა შენ რად არა აღიარე აქამომდე?“ და ჰყო ბერმან ლოცვა მისთვის მხურვალითა გულითა. და სახიერი ღმერთი სულგრძელ ექმნა, ვიდრემდის შეინანა და მერმეღა მიიცვალა, ვითარცა თვით ბრძანებს: „არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და სინანული მისი“[იერ. 33,11; ეზეკ. 18,32; 33,11; იო. 12,47], დიდება კაცთმოყვარებასა მისსა. იხილეთ, საყვარელნო, თუ ვითარ ბოროტ არს ცოდვისა ჩვეულებაჲ და უბოროტეს არს აღსაარებასა შინა დაფარვაჲ და სიბნელესა შინა ყოფაჲ. ამისათვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, პირველად განვეკრძალნეთ, რათა არა შთავარდეთ ცოდვასა შინა. და უკეთუ შეგვემთხვიოს ვნება რაჲმე ეშმაკის მანქანებითა, ანუ სოფლისა საცთურითა, გინა ჴორცთა უძლურებითა, მეყსეულად აღვიარნეთ წინაშე მამისა ჩვენისა სულიერისა მოძღვრისა, რამეთუ არავინ უწყის დღე სიკუდილისა თვისისა. ამისთვის მოსწრაფედ შევინანოთ, ძმანო, და აღსაარებითა განვიწმიდნეთ თავნი ჩვენნი და სრულიად განვიკურნეთ წყლულებანი სულისა ჩვენისანი. და ნურარას დაუტეობთ ნაოჭ-ბრძვილისა. ყოველნივე აღვიარნეთ ბრალი ჩვენნი საქმითნი, სიტყვითნი და გონებითნი. და განვთავისუფლდეთ ეშმაკისაგან და ყოველთა საქმეთა მისთაგან; რამეთუ უფალი ბრძანებს: „რომელმან ჰქმნეს ცოდვა, მონა არს იგი ცოდვისა“(იო. 8,34) და ეშმაკისაცა. ხოლო ესრეთ იქმნების განთავისუფლება, რათა ცოდვა მოვიძულოთ და ყოვლითურთ აღვიარნეთ. და მოძღვრისა მიერ მოცემული კანონი გულითა კეთილითა შევიწყნაროთ და აღვასრულოთ და არღარა მივიქცეთ ცოდვისა მიმართ, რათა არა იქმნეს უძვირეს პირველისა. ჰე, გევედრები, ძმანო ჩემნო საყვარელნო, მოვიძულოთ ცოდვაჲ და განვაგდოთ ბოროტი უღელი მისი ჩვენგან. და განვხეთქოთ აპაური მისი და შევიყვაროთ სათნოება და შევიტკბოთ ქრისტეს ტკბილი უღელი და ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა მისსა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მისითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, თანა მამით და სულით წმიდითურთ საუკუნითგან აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.