თხრობა სულიერი კგ [23]. სასოებისათვის კეთილისა
ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „რომელი იქმს ჭეშმარიტებასა, მოვალს ნათლად“(იო. 3,21).
საყვარელნო, კეთილითა სასოებითა აღსაარებაჲ ნათელი არს გულისა ჭეშმარიტი. ხოლო სიბოროტე შეუნანებელი, ბნელი არს საუკუნო, რომლისათვის გვამცნებს მოციქული: „განვიშორნეთ ძმანო, საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისა“(რომ. 13,12). საჭურველი ნათლისა არს ჭეშმარიტი აღსაარება. რათა სასოება მტკიცე გვაქუნდეს, რომელ, აღსაარებისა მიერ და სინანულისა, ცოდვანი ჩვენნი მოგვეტევებიან ღმრთისა მოწყალებითა უეჭველად, და ესე სარწმუნო არს და მართალ ყოველთა წმიდათა მამათა წამებითა.
რამეთუ იყო ვინმე ბერი, წმიდა და ღმრთისა მიერ განათლებული სულითა და კეთილად გულისჴმისმყოფელი გონებითა. მივიდა მისა მთავარი ვინმე დიდებული და ჰრქუა: „მამაო პატიოსანო, უკეთუ ვინმე შთავარდეს ცოდვასა დიდსა, კვალად შეიწყნარებსაა ღმერთი სინანულისა მიერ და აღსაარებისა?“ ხოლო წმიდამან ბერმან მრავალთაგან იგავთა და სახეთა სამღთოთა წერილისათა გულისჴმა უყო მეტყველმან: „ჰე, ჭეშმარიტად შეიწყნარებს სახიერი ღმერთი და არა უგულებელს ჰყოფს მონანულსა. მითხარღა, საყვარელო შვილო, უკეთუ განიხიოს ქლამინდი შენი, განაგდებაა მას?“ ხოლო მან ჰრქუა: „არა, არამედ კვალადცა შევკერამ და შევიმოს, წმიდაო ღმრთისაო“. ჰრქუა მას ბერმან: „უკეთუ შენ, შვილო, სამოსელსა შენსა ჰრიდებ, არა უფროსად ქველისმოქმედმან ღმერთმან ჰრიდოსაა?! ხატად თვისად დაბადებულსა თვისსა სულსა, რომელმან აურაცხელითა წყალობითა თვისითა ძესაცა თვისსა არა ჰრიდა ცოდვათა ჩვენთა ხსნისათვის“.
ჰრქუა მას მთავარმან: „ცოდვა დიდი სამ წელ შეინანებისაა, ღმერთშემოსილო მამაო?“ მიუგო ბერმან: „მე მრწამს, საყვარელო შვილო, კაცთმოყვარისა ღმრთისა მიერ, უკეთუ აღიარნეს ვინმე ცოდვანი თვისნი, ვითარცა ჯერ არს და შეინანოს გულითა ჭეშმარიტითა, და არღარა მიიქცეს ცოდვისა მიმართ, სამთა შინა დღეთა მიეტეოს ყოველნი ცოდვანი მისნი წყალობითა ღმრთისათა. რამეთუ მოწამე არს ამას ზედა პეტრე მოციქული, რომელმან სამგზის უარ ჰყო რა ქრისტე, განვიდა გარე და სტიროდა მწარედ. და შემდგომად სამისა დღისა სამგზის კითხვითა ვითარმედ, გიყვარმეა? მიუტევა და ცხოვართა თვისთა მწყემსობაცა არწმუნა. და კვალად ავაზაკი, რომელმან აღიარნა ბრალეულება თვისი და სამთა შინა ჟამთა შეინანა და სამოთხე დაიმკვიდრა“.
ამათ ესევითართა სარწმუნოთა სიტყვათა მიერ სასოება შეიმოსა მთავარმან და ლმობიერ იქმნა, აღიარნა მანცა ცოდვანი თვისნი ყოველნივე და შეინანა ჭეშმარიტებით და მადლობით ადიდებდა სახიერებასა ღმრთისასა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, აღვიარნეთ ყოველნი ცოდვანი ჩვენნი წინაშე მოძღვრისა ჩვენისა სასოებითა მტკიცითა და შემუსრვილითა გულითა. და გვრწმენეს უეჭველად, რომელ აღსაარებითა ლმობიერითა და სინანულითა ჭეშმარიტითა, ცოდვანი ჩვენნი მოგვეტევებიან ღმრთისა მიერ და განთავისუფლდებით ვნებათაგან, რამეთუ უფალი ბრძანებს: „უკეთუ ძემან განგათავისუფლნესთ ცოდვისაგან, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ“(იო. 8,32). და ლმობიერითა სინანულითა, ვითარცა წამლითა კეთილითა სრულიად განვიკურნებით, ვითარ იგი იტყვის იაკობ მოციქული: „აღუარებდით ცოდვათა, რათა განიკურნეთ“[იაკ. 5,16]. ჰე, ნამდვილვე ჭეშმარიტად! აღსაარება კურნება არს სულისა, ეშმაკთა მიერ მოწყლულისა და თავისუფლება არს ქრისტეს მიერ ჭეშმარიტისა მონანულისა.
და ნუ დავფარავთ ცოდვათა ჩვენთა, ძმანო, წინაშე მოძღვრისა ჩვენისა სირცხვილისა მიზეზითა, რათა არა დაფარულნი გულისა ჩვენისანი ცხად იქმნენ წინაშე ანგელოსთა და კაცთა; მეტყველისამებრ, ვითარმედ: „არა არს დაფარული, რომელი არა გამოსცხადნეს“(ლკ. 12,2). და უკეთუ გვრცხვენეს აქა აღსაარებაჲ ცოდვათა ჩვენთა წინაშე მოძღვრისა, ქრისტეცა გარემიიქცევს ღმრთივშვენიერსა პირსა თვისსა ჩვენგან და უმეტესად გვრცხვენეს წინაშე ყოველთა დაბადებულთა, ვითარცა თვით ბრძანებს: „რომელსა იგი სირცხვილ უჩნდეს ჩემდა მომართ, ძემანცა კაცისამან არცხვინოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა თვისითა“[მრკ. 8,38].
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, აქავე აღვიარნეთ ცოდვანი ჩვენნი და აღვხოცოთ უსჯულოებანი ჩვენნი სინანულითა, რათა მუნ უბიწონი წარვიდეთ და განწმედილნი ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება, თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.