თხრობა სულიერი კდ [24]. რათა არა სასოწარკვეთილ ვიქმნეთ

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა“(მთ. 9,12; მრკ. 2,17); [ლკ. 5,31]. საყვარელნო, სულისა წყლულება ცოდვა არს და კურნება მისი არს აღსაარება და სინანული. მომწყვლელი არს ბოროტი ეშმაკი და კეთილი მკურნალი არს იესოს მსგავსი მოძღვარი, სახიერი და ტკბილი. ხოლო სასოწარკვეთილება სრულიად სიკუდილი არს თავისა თვისისა და სულისა ჯოჯოხეთად შთაგდება. და რომელმან აღმოიყვანოს ესევითარისა სიღრმისაგან სული დაბრკოლებული, მიემსგავსების იესოს და დიდსა მადლსა შეიძენს სულისა თვისისათვის, ვითარცა წერილ არს: „რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისაგან საცთურისა, იხსნეს სული თვისი სიკუდილისაგან“(იაკ. 5,20). რამეთუ კაცი ვინმე შესცდა ეშმაკისა საცთურითა და შეემთხვია ცოდვა რაჲმე დიდი; და სასოება ცხოვრებისა წარიკვეთა, ვინათგან გამოუცდელ იყო კაცთმოყვარებასა ღმრთისასა. და უკანასკნელ ლმობიერ იქმნა და იწყო სინანულად. წარვიდა მოძღვრისა მიმართ თვისისა და ცოდვა იგი არა აღუარა პირველად, არამედ ჰრქუა: „მამაო სულიერო, უკეთუ ესევითარსა ცოდვასა შინა შთავარდეს ვინმე, არსღაა სასოება ცხოვრებისა მისისა სინანულითა ფრიადითა, ანუ არა?“ ხოლო იგი მამა ბრძენ იყო და კეთილგონიერ, ვითარცა ჰშვენის მოძღვართა. აღაღო განათლებული პირი თვისი აღსავსე მადლითა სულისა წმიდისათა და იწყო უწყებად მისა სამღთოთა წერილთაგან და ღმრთივსულიერთა თხრობათა მიერ, სამოთხისა უშვენიერესთა. და განანათლა გონება მისი მეტყველმან: „შვილო ჩემო საყვარელო, არა არს ცოდვა მძლე მოწყალებათა ღმრთისათა, რამეთუ ბუნებით ტკბილ არს სახიერი იგი. ვითარცა გალობს მეფსალმუნე: „ისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ ტკბილ არს წყალობა შენი“(ფს. 68,17). და მან მხოლომან უცოდველმან ტარიგმან უბიწომან აღიხვნა ცოდვანი სოფლისანი და კაცთმოყვარებით შეიწყნარებს მონანულთა, დაღათუ ოდენ ვინ ღირსად შეინანოს“. ესერა ესმა კაცსა მას, სასოება დიდი მიეცა და მრავლითა ლმობიერებითა აღიარნა ყოველნივე ცოდვანი თვისნი. ხოლო სანატრელი იგი მამა სულიერი არა შეჭმუნდა, არამედ, ვითარცა ბრძენმან მკურნალმან, შეუხვია წყლული სულისა მისისა, და ვითარცა წამალი კეთილი დასდვა სინანულისა. და ყოვლითურთ განცხოველებული ძღვნად პატიოსნად წარუდგინა ღმერთსა, და ვითარცა ვარსკულავი განათლებული, ადიდებდა სახიერებასა მისსა. ამისთვის ჰშვენის ჩვენდა, საყვარელნო, რათა კეთილგონიერი მოძღვარი მოვიძიოთ, შემძლებელი დაცემულისა სულისა აღდგინებად და არა გარეწარობით უმეცრისა და გამოუცდელისა მოძღვრისა აღსაარებად. და ჯერ არს მოწაფეთაგან მოძღვართა მიმართ სრული სარწმუნოება, სასოება და სიყვარული, ვითარცა ქრისტე მეუფისადა. და მაშინ ქრისტე მაცხოვარი ჩვენი პირითა მოძღვრისათა მოგვიტევებს ყოველთავე ცოდვათა ჩვენთა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, რაგვარიცა ცოდვა შეგვემთხვიოს, ნუ წარვიკვეთთ სასოებასა, რამეთუ არავინ არს უცოდველ თვინიერ ღმრთისა. არამედ სასოებით შეუვრდეთ ფერჴთა მოძღვრისა ჩვენისათა და ცრემლითა ლმობიერითა აღუაროთ ბრალნი ჩვენნი. და გულთმეცნიერმან იესო მოგვიტევნეს შეცოდებანი ჩვენნი, რომელსა აქუს ჭეშმარიტებით ჴელმწიფება მიტევებად ცოდვათა. და სულგრძელებით ელის სინანულსა ჩვენსა, და მზა არს მოწყალებად ჩვენდა ძვირუხსენებელი იგი, რათა ჩვენ ცოდვანი შევინანნეთ და მან შეგვიწყნაროს. და უმეტესი მადლიცა მოგვანიჭოს, უმეტესად შემნანებელთა, ვითარცა წერილ არს: „სადაცა განმრავლდეს ცოდვა, მუნ უფროს გარდაემატოს მადლი ღმრთისა“[რომ. 5,20]. ამას რა ვიტყვი, არათუ გნვაადვილებ ცოდვასა, – ნუ იყოფინ! არამედ განვაკრძალებ, რათა არავინ სასოწარკვეთილებად მოვიდეს. ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, სარწმუნოებით აღვიარნეთ ცოდვანი ჩვენნი მოძღვართა ჩვენთა კეთილთა და სარწმუნოთა. და გულსმოდგინედ შევინანოთ ბრალნი გულისა ჩვენისანი, ვითარცა იტყვის: „რაჲცა სთქუათ გულთა შინა თქვენთა, სარეცელთა თქვენთა ზედა შეინანეთ“(ფს. 4,5). და ნუ შეურაცხ ვჰყოფთ მოძღვართა ჩვენთა, ნუცა ძვირსა უზრახავთ ყოვლადვე, რათა არა ცოდვანი ჩვენნი შეორკეცდენ და უმეტესი სასჯელი მიგვეხადოს და იუდასთან დავისაჯნეთ, რომელმან მოძღვარსა ზედა ესევითარი იკადრა. არამედ სასოებითა და სიყვარულითა პატივს ვცემდეთ მოძღვართა, ვითარცა ქრისტესა და ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა ცათასა, ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება და პატივი თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.