თხრობა სულიერი კვ [26]. რათა არა განვიკითხვიდეთ კაცთა
ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქვენ“(მთ. 7,2).
აწ უკუჱ საყვარელნო, განკითხვა კაცისა ცოდვასა ზედა, დიდი შეცოდება არს წინაშე ღმრთისა. და რომელიცა განიკითხავს მოყვასსა, თვითცა მისისა ბრალისა თანამდებ იქმნების.
რამეთუ იყო ვინმე კაცი, ღმრთისმოშიში და მართალი და ილოცვიდა მარადღე ღმრთისა მიმართ. დღესა ერთსა იხილა ერთი ძმათაგანი, რომელი სცთა, ვითარცა კაცი ჴორციელი. და მლოცველმან კაცმან განიკითხა იგი. და ოდეს მივიდოდა ეკკლესიად, მოვიდა ანგელოსი უფლისა და დასდგა წინაშე მისა და ჰრქუა: „არა შეგიშვებ შენ ეკკლესიად, რამეთუ არა ღირს ხარ“. ხოლო კაცი იგი შეიპყრა შიშმან და ზარმან, და ძრწოლით ევედრებოდა ანგელოსსა და ეტყოდა: „გევედრები, რაჲ არს საქმე ესე?“ მიუგო ანგელოსმან: „ღმერთმან მომავლინა შენდა მეტყველმან, ვინათგან პირველ ჩემსა შენ განიკითხე ძმა იგი ცთომილი, შენვე განაჩინე ადგილი, სადა დავაწესო სული მისიო“.
ესერა ესმა კაცსა მას ღმრთისმოშიშსა, უმეტესად შეძრწუნდა, დავარდა პირსა ზედა თვისსა და თავსა ქვეყანად სცემდა და მხურვალითა ცრემლითა იტყოდა: „ვსცოდე ენითა ჩემითა, ვსცოდე, უფალო! უფალო, სახიერო და ძვირუხსენებელო, შემინდევ წყალობისა შენისათვის, კაცთმოყვარეო“.
მაშინ ჰრქუა მას ანგელოსმან: „აღსდეგ, შეგინდო შენ ღმერთმან სინანულისა მაგისთვის და ცრემლთა მაგათ შენთა. გარნა ამიერითგან ნუღარავის განიკითხავ, ვიდრემდის ქრისტემან განიკითხოს კაცად კაცადი, მორავიდეს დიდებითა თვისითა, რამეთუ მისდა მოცემულ არს ჴელმწიფება სასჯელისა ყოფად“.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, განვეკრძალნეთ ენასა ჩვენსა, რათა არავინ კაცთაგანი განვიკითხოთ, რამეთუ დიდი შეცოდება არს ღმრთისა განკითხვა მოყვსისა. და ნუცა ძვირსა უზრახავთ ძმასა, და ნუცა რას ბოროტსა ვიტყვით ვისთვისმე, რამეთუ იტყვის სული წმიდა: „დააცხვრე ენაჲ შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკუასა“(ფს. 33,14); [1 პეტ. 3,10]. და თუ ოდესმე გვითქუამს უგუნურებით, აწ „მოვიქცეთ ბოროტისაგან და ვიქმოდეთ კეთილსა“[ფს. 36,27]. რამეთუ კეთილისმოქმედნი აღსდგებიან და საუკუნოსა ცხოვრებისა მიმართ ამაღლდებიან. ხოლო ბოროტისმოქმედნი საუკუნოსა სასჯელითა ჯოჯოხეთად შთაითხევიან და ვითარცა უწყალო იგი მდიდარი, შემწუარი ცეცხლისა ალითა, ინატრიდენ ნაწვეთსა წყლისასა განსაგრილებელად ენისა კაცთა განმკითხველისა [ლკ. 16,24]. და ესეცა მცირე ვედრება არა შეისმინების წინაშე ღმრთისა, ვინათგან აქა ჩვენ არა ვისმენთ ბრძანებასა ღმრთისასა, ვითარმედ: „ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ“[მთ. 7,1].
არამედ ჵ, საყვარელნო, პირველ მის დღისა მოწევნადმდე გევედრები და გამცნებ, აღვირ ვასხნეთ ენასა ჩვენსა დაუპყრობელსა და განვეკრძალნეთ მოყვსისა განკითხვისაგან, ძმისა მიმართ ძვირისზრახვისაგან, კაცთა წყევისაგან და ღმრთის სახელის ფიცისაგან, არამედ მოვიგოთ ჶსალმუნება ენითა, დიდებისმეტყველება ღმრთისა, ლოცვა და კურთხევა მოყვსისა, მარადის ვედრება ცხოვნებისათვის სულისა ჩვენისა, რათა ყოველნი ერთბამად ღირს ვიქმნეთ ზეცისა სასუფეველსა, წმიდათა თანა ვიხარებდეთ, მართალთა თანა ვიშვებდეთ, ღირსთა თანა გვირგვინოსან ვიქმნეთ და ანგელოსთა თანა უგალობდეთ, ვაქებდეთ და ვადიდებდეთ მართლმსაჯულსა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა, თანა მამით და სულით წმიდითურთ დაუსრულებლად, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.