თხრობა სულიერი კზ [27]. სინანულისათვის კეთილისა
ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა“(მთ. 4,17).
საყვარელნო, სინანული განმწმედელი არს სულისა, სინანული განმანათლებელი არს გულისა, სინანული აღდგომა არს დაცემულისა, სინანული განმდევნელი არს ეშმაკთა და მხიარულმყოფელი ანგელოსთა. ვითარცა ანგელოსთა მეუფე ბრძანებს: „სიხარული იქმნების ცათა შინა წინაშე ანგელოსთა ღმრთისა ერთისათვის ცოდვილისა, რომელმან შეინანოს“[ლკ. 15,10].
რამეთუ იყო ვინმე ძმათაგანი კეთილკრძალული და სამღთოთა საქმეთა მოსწრაფე, ხოლო შურითა ბოროტისა ეშმაკისათა შეემთხვეოდა ძილსა შინა დაცემაჲ. და მსწრაფლ აღსდგის და ცრემლითა ლმობიერითა შეუვრდის ღმერთსა და იტყვინ შემუსრვილითა გულითა: „ვსცოდე, ღმერთო ჩემო, ცად მიმართ და წინაშე შენსა. შემიწყალე მე, ვითარცა უძღები იგი შვილი, რამეთუ მიწა ვარ და ნაცარი; მარადის ვსცოდავ უდებებითა ჩემითა, ვითარცა კაცი უძლური, არამედ შემინდევ შენ, ვითარცა ხარ ღმერთი სახიერი და მოწყალე“.
ესრეთ ლმობიერად ინანდა ძმა იგი სანატრელი. ხოლო იხილა რა ეშმაკმან სასოებისა მისისა სიმდიდრე, ენება რათამცა სასოწარკვეთილებად მოიყვანა იგი, რომელი უძვირეს არს ყოველისავე. გამოუჩნდა მას და ჰრქუა: „ცუდად ჰშვრები, კაცო, ვერ სცხონდები! რამეთუ შებღალულ ხარ ცოდვითა“. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: „დაღაცათუ ვერ ვსცხონდე, არამედ თავსა ზედა შენსა ვიპოვები და გიხილავ შენ ფერჴთა ქვეშე ჩემთა დასჯილად, გარნა მე არა დავსცხრები ვედრებად ღმრთისა ჩემისა, რამეთუ იგი სახიერ არს და კაცთმოყვარე“.
მაშინ უჩინო იქმნა სირცხვილეული ეშმაკი, და განთავისუფლდა ძმა იგი ბრძოლისაგან და ადიდებდა ღმერთსა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, პირველად განვეკრძალნეთ ყოველსავე ცოდვასა და უკეთუ ეშმაკისა მანქანებითა შეგვემთხვიოს ვნება რაჲმე საქმით, ანუ სიტყვით, გინა გონებით, მსწრაფლ შევინანოთ ცრემლითა მხურვალითა და აღსაარებითა კეთილითა. და ვითარცა უძღები იგი შვილი, ვიტყოდეთ: „ვსცოდე, მამაო, ყოვლადსახიერო, ცად მიმართ და წინაშე შენსა“[ლკ. 15,21] და მომიტევე ტკბილო, მოწყალევ კაცთმოყვარებითა შენითა. „მოვიქცეთ ბოროტისაგან და ვიქმოდეთ კეთილსა“[ფს. 36,27]. და შესწორებულად ცოდვათა ჩვენთა შევინანოთ და ნაყოფი გამოვიღოთ სიწმიდისა, ვითარცა ჴმა ბრწყინვალე ღაღადებს სინანულისა ქადაგი იოანე ნათლისმცემელი: „ჰყავთ უკუჱ ნაყოფი ღირსი სინანულისა“(მთ. 3,8; ლკ. 3,8). რათა განვერნეთ მერმისა მისგან რისხვისა, რომელნი მიელიან ცოდვილთა და უნანელთა, ჯოჯოხეთსა შინა სატანჯველი საუკუნო: „ღრჭენა კბილთა, ტირილი თუალთა, მატლი დაუძინებელი, ცეცხლი დაუშრეტელი, ვაება ულხინებელი და გოდება დაუსრულებელი“[მთ. 22,13; მრკ. 9,43-48].
არამედ გევედრები, ქრისტეს მოყვარენო ძმანო, ღირსად შევინანნეთ ცოდვანი ჩვენნი: საქმითნი, სიტყვითნი და გონებითნი. და ნაცულად ვნებულებისა ღმრთივშვენიერთა სათნოებათა ვიქმოდეთ, რათა სინანულითა განწმედილნი და ნაყოფთა სულისათა გამომღებელნი, ღირს ვიქმნეთ ზეცისა სასუფეველისა დიდებასა და დიდად შვენიერსა ბრწყინვალებასა. და ჩვენსა მოქცევასა ზედა გამხიარულებულთა, ანგელოსთა თანა უგალობდეთ ყოვლადსახიერისა ღმრთისა მიუთხრობელსა სიტკბოებასა. და თუალთშეუდგამითა ელვარებითა მისითა განვნათლდეთ სამარადისოდ, რომელსა ღირსმცა ქმნულ ვართ ყოველნი მართლმადიდებელნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისათა, „რომელსა არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და სინანული“[იერ. 33,11; ეზეკ. 18,32; 33,11; იო. 12,47] და ცხოვრება საუკუნო, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.