თხრობა სულიერი კჱ [28]. სხვათა სულისა ცხოვნებისათვის
ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ჩემი ჭამადი არს, რათა ვჰყო ნება მამისა ჩემისა და აღვასრულო საქმე მისი“[იო. 4,34].
საყვარელნო, ესე არს ნება ღმრთისა, რომელ ჩვენცა ვსცხონდეთ და სხუანიცა ვაცხოვნოთ, ვითარცა იტყვის მოციქული: „ნუ ვინ ხოლო თავისასა ეძიებნ, არამედ მოყვსისასაცა სულისა ცხოვნებასა“[1 კორ. 10,24; ფილ. 2,4].
ესე არს ჭეშმარიტი სიყვარული, სათნო უფლისა, ესე არს მსხვერპლი ცხოველი ღმრთისა მიმართ შეწირული, ესე არს ძღვენი პატიოსანი და მსგავსება ქრისტესი.
რამეთუ, ვითარცა მაცხოვარი, ყოველთა უფალი იესო მოვიდა და სამარიტელი იგი დედაკაცი აცხოვნა. ეგრეთვე იყო ვინმე ბერი, წმიდა და პატიოსანი, რომელსა ესვა დაჲ ქალაქსა შინა ბოროტად მქცევი. წარვიდა მისისა სულისა ცხოვნებისათვის და ჰრქუა: „რაჲ არს ესე, დაო ჩემო საყვარელო, რომელ მრავალთა სულთა დააბრკოლებ და ექმნები მიზეზ წარწყმედისა?! და ვითარ თავს იდებ საუკუნოსა ტანჯვასა ჯოჯოხეთსა შინა?“
ესერა ესმა დასა მას, შეძრწუნდა სულითა და იწყო ტირილად, მეტყველმან: „უფალო ჩემო ძმაო, არსღაა სინანული?“ ჰრქუა მას ბერმან: „ჰე, არს ჭეშმარიტად, უკეთუ ღირსად შეინანო, რამეთუ ღმერთი ჩვენი მოწყალე არს და კაცთმოყვარე, და ნებავს ყოველთა ცხოვრება“[ფს. 102,8; 144,8; 1 ტიმ. 2,4].
მეყსეულად შეუდგა ძმასა თვისსა თავშიშველი და ფერჴთშიშველი, და წარვიდენ უდაბნოდ. და მგზავრ ასწავებდა სინანულსა, და იგი ლმობიერად ევედრებოდა ღმერთსა ცრემლითა. და სლვასა მათსა, იხილნეს კაცნი მომავალნი და ჰრქუა ძმამან: „დაო ჩემო პატიოსანო, ვინათგან არა ყოველთა უწყიან თუ დაჲ ხარ ჩემი, მცირედ მივეფარნეთ, რათა არა დაბრკოლდენ ჩვენ ზედა და ჩვენ ვექმნათ მიზეზ ვნებისა მათისა“.
და ვითარცა დასხდენ ერთსა ადგილსა, ვიდრე მათ წარვლეს და ჰრქუა მას ძმამან: „აღსდეგ, დაო, და წარვიდეთ“. ხოლო იგი არა აღსდგა, რამეთუ მომკუდარ იყო. იხილა ბერმან შუბლი მისი შესვარული ოფლითა, თუალნი ცრემლითა, და ფერჴნი შეღებულ სისხლითა, დასდგა ლოცვად და ევედრა ღმერთსა მხურვალედ, რათა გამოუცხადოს საქმე მისი. და აჰა, მოუთხრა მას ანგელოსმან: „ვინათგან სრულიად უგულებელს ჰყო თავი თვისი და ჭეშმარიტის გულით მოიქცა და შეუდგა ქრისტესა, შეიწირა სინანული და აცხოვნა ეგე და მწყობრსა მართალთასა დააწესა სულითა“. ესერა ესმა ღირსსა მას ბერსა, მადლობით ადიდებდა სახიერებასა ღმრთისასა.
ისმინეთ, ქრისტეს მიერ საყვარელნო და გულისჴმა ჰყავთ, სახიერება მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. რამეთუ ვითარცა ავაზაკი მცირედსა ჟამსა აცხოვნა, ეგრეთვე ამისიცა სინანული და აღსაარება მიითვალა. და ცხოვნებისა მისისა მიზეზსა, ბერსა, უხრწნელი გვირგვინი განუმზადა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, უფალნო ჩემნო, რათა ჩვენი ცხოვრება კეთილად წარვმართოთ და სხუათა სულთა ცხოვნებისათვისცა ვზრუნვიდეთ, ვითარცა იტყვის პავლე, ვითარმედ: „ქრისტე არა თავსა თვისსა სათნო ეყო“(რომ. 15,3), „არამედ ყოველთა ექმნა ყოვლადვე, რათა ყოველნი აცხოვნნეს“[1 კორ. 9,22].
ეგრეთვე ჩვენცა, საყვარელნო, ეკკლესიად რა მოვიდოდეთ ლოცვად, სხუათაცა გულსმოდგინე ვჰყოფდეთ. და რაჲსაცა სათნოებასა სულთა ჩვენთა ცხონებისთვის ვიქმოდეთ, მასვე ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთა ვასწავებდეთ და წარუმართებდეთ. და ესე არს ჭეშმარიტი სულიერი სიყვარული და მსგავსება ქრისტესი, რამეთუ ბრძანებს: „ვითარცა მე გიყავ თქვენ, ეგრეთვე თქვენ ჰყოფდეთ... და ნეტარ ხართ უკეთუ ჰყოფდეთ ამას“[იო. 13,15-17].
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, ნეტარებასა სამღთოსა ნუ დავაკლდებით და ვისწრაფოთ სულთა ჩვენთა ცხოვნებად და მოყვასთაცა, რათა ყოველნი ერთბამად გვირგვინითა ბრწყინვალითა ვიხარებდეთ სასუფეველისა დიდად შვენიერსა დიდებასა, ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება, თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.