თხრობა სულიერი კთ [29]. ღმრთისა მოწყალებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“[მთ. 9,13]; (მრკ. 2,17). საყვარელნო, სინანული, ღმრთისა კაცთმოყვარებისაგან უსაზღვრო მოწყალებისა ნიჭი არს, რომელ ჭეშმარიტისა სინანულისა მიერ იქმნების ცხოვნება ცოდვილთა, მოწყალეყოფა ღმრთისა, მხიარულება ანგელოსთა და უჩინოყოფა ეშმაკთა. რამეთუ იყო ვინმე დედაკაცი ქალაქსა შინა მრავლითა სიბოროტითა შებღალული მრავალთა წელთა და ცოდვისა მიერ დამონებული ეშმაკთა. და ყოვლადსახიერმან ღმერთმან, რომელსა არავისი ჰნებავს წარწყმედა, მოდრიკა გული მისი სინანულად. და მოიხსენა დედაკაცმან დღე სიკუდილისა თვისისა და ჟამი მეორედ მოსლვისა უფლისა. და შეძრწუნდა გულითა და აღუარნა ყოველნი ცოდვანი თვისნი მოძღვარსა ლმობიერად. განვიდა ქალაქით და წარვიდა მონასტერსა ქალწულთასა სინანულად. და ვითარცა მიიწია ბჭეთა მონასტრისათა, მეყსეულად მოკუდა. და ღმერთმან გამოუცხადა წმიდასა ვისმე ეპისკოპოსსა, რომელმან იხილნა წმიდანი ანგელოსნი, მოსრულნი წარყვანებად სულისა მის მონანულისა; და მოვიდეს ეშმაკნიცა. წმიდანი ანგელოსნი იტყოდეს, ვითარმედ: „სინანულად მოვიდა ესე და ჩვენი არს“. ხოლო ეშმაკნი იტყოდეს: „ესოდენთა წელთა ჩვენ გვმონებდა ცოდვითა და არცაღათუ მოიწია მონასტრად და ვითარ იტყვით თუ სინანულად მოვიდა?“ მიუგეს წმიდათა ანგელოსთა: „რაჲთგან მოაქცია მაგან გული თვისი სინანულად და ჭეშმარიტებით ყოველნივე აღუარნა მოძღვარსა თვისსა, მიერითგან გულთმეცნიერმან ღმერთმან იხილა გულსმოდგინება მაგისი და შეიწირა სინანული. და რამეთუ მოქცევისა და სინანულისა უფალ ეგე იყო, რომელსაცა შეუდგა ჭეშმარიტებით; ხოლო ჟამთა და წელთა ცხოვრებისა უფალ ღმერთი არს და მეუფე ყოველთა“. სიტყვასა ამას ზედა ჰრცხვენა ეშმაკთა და უჩინო იქმნეს და ანგელოსთა ნათლისათა წარიყვანეს სული იგი მონანული დიდებად ღმრთისა. იხილეთ, საყვარელნო, უსაზღვრო მოწყალება ღმრთისა და სახიერი კაცთმოყვარება, თუ ვითარ ტკბილი იგი წყალობითა მცირედისა ჟამისა სინანულითა მრავალთა და დიდთა ცოდვათა მოგვიტევებს. და ყოვლითა ღონისძიებითა წადიერ არს ცხოვნებად ჩვენდა, უკეთუ ჩვენ ჭეშმარიტის გულით მოვიქცეთ და შევინანნეთ ბრალნი ჩვენნი ურიცხუნი. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, „მოვიქცეთ ბოროტისაგან და ვიქმოდეთ კეთილსა“[ფს. 36,27], რამეთუ არავინ უწყის ჟამი აღსასრულისა თვისისა; არამედ, რაოდენჯერმე ვართ ჴორცთა ამათ შინა, მოსწრაფედ შევინანნეთ ცოდვანი ჩვენნი, ვიდრე დღე არსღა ცხოვრებისა ჩვენისა, რათა არა გვეწიოს ჩვენ ღამე სიკუდილისა, რომელსა შინა ვერვის ჴელეწიფების საქმედ სინანულისა. ვინათგან აღსაარება არს დასაბამი სინანულისა, ძმანო, ზედას ზედა აღსაარებითა ჭეშმარიტითა განვიწმიდოთ სვინიდისი და ბიწი სულისა ჩვენისა. და გულითა ლმობიერითა შევინანნეთ ყოველნივე ცოდვანი ჩვენნი, რათა მოწყალე ვჰყოთ ჩვენ ზედა კაცთმოყვარე ღმერთი, რომელი განვარისხეთ მცნებათა მისთა გარდასლვითა. და კვალად შეგვიწყნარებს სახიერი იგი ტკბილი, მამა მოწყალებისა და ღმერთი ნუგეშინისცემისა. ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, ლმობიერითა ცრემლითა შევინანნეთ ცოდვანი ჩვენნი ქვეყანასა ზედა, რათა ღმერთმან შეგვიწყნარნეს ცათა შინა და ანგელოსნი მხიარულ იქმნენ მოქცევასა და სინანულსა ჩვენსა ზედა, ვითარ იგი უფალი და მეუფე ანგელოსთა ბრძანებს: „სიხარული იქმნების წინაშე ანგელოსთა ღმრთისათა ერთისათვის ცოდვილისა, რომელმან შეინანოს“[ლკ. 15,7]. ჵ, საყვარელნო, მოვიქცეთ და ნუღარა ვჰყოვნით ბოროტსა შინა. ღირსად და შესწორებულად ცოდვათა ჩვენთა სინანული ვაჩვენოთ, რათა ჩვენთვის განმხიარულებულნი ანგელოსნი მშვიდობისანი გამოგვიჩნდენ ჟამსა ჩვენისა მიცვალებისასა მხიარულითა პირითა და ტკბილითა ნუგეშინისცემისა სიტყვითა შეგვიწყალონ. და ჩვენცა სასოებითა მათ შევვედრნეთ სულნი ჩვენნი. და წინამძღვრებითა მათითა უვნებელად განვერნეთ ჴელთაგან ჰაერის მცველთასა, და სირცხვილეულ იქმნენ ეშმაკნი. და სასუფეველად ავმაღლდეთ დიდებად და თაყვანისცემად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე. ამინ.