თხრობა სულიერი ლ [30]. ღმრთისა კაცთმოყვარებისათვის
ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მოვიდა ძე კაცისა მოძიებად და ცხოვრებად წარწყმედულისა“[მთ. 18,11]; (ლკ. 19,10).
საყვარელნო, ესე არს უსაზღვრო ღმრთისა მოწყალება კაცთა ზედა, რომელ არა მოიძაგებს ცოდვილთა, არამედ სულგრძელებით მოელის სინანულსა მათსა და განმზადებულ არს შეწყნარებად მონანულთა. და უკეთუ მოვიქცეთ და ჭეშმარიტის გულით სინანული ვაჩვენოთ, არღარა მოიხსენებს შეცოდებათა ჩვენთა ძვირუხსენებელი იგი და სახიერი, არამედ ურიცხვთა მოწყალებათაცა მოგვანიჭებს, კაცთმოყვარებით ტკბილი უფალი ჩვენი.
რამეთუ იყო ვინმე კაცი, მოშიში ღმრთისა და კეთილთა საქმეთა მოქმედი. ხოლო კეთილის მოძულისა ეშმაკისა საცთურითა მოიკიცხა და შთავარდა ცოდვასა შინა. და იგი მამასა თვისსა სულიერსა მოძღვარსა აღუარა ლმობიერად და მოძღვრისა მიერ განწესებული კანონი გულითა კეთილითა შეიწყნარა. განვიდა უდაბნოდ და ნაპრალსა კლდისასა დაემკვიდრა, რათა სრულ ჰყოს კანონი თვისი და ინანდა ლმობიერად. შეემთხვია დაცემა კლდესა ზედა და მოიწყლა ფერჴი ძლიერად, რომლისაგან ფრიადი სისხლი გამოხდა, სულმოკლე იქმნა ტკივილისა მისგან და სული წარხდა.
მოვიდეს უკეთურნი ეშმაკნი წარყვანებად სულისა მისისა. ჰრქუა მათ ანგელოსმან უფლისამან, რომელი აღსწერდა ღვაწლსა მის მონანულისასა: „მიხედენითღა კლდესა იმას და იხილეთ სისხლი მაგისი, რომელი სინანულსა შინა დასთხია და შეიწირა ღმერთმან სინანული მაგისი!“
ესერა ესმათ ეშმაკთა, არარაჲ აქუნდათ სიტყვაჲ ყოვლადვე, არამედ უჩინო იქმნეს სირცხვილეულნი. და წმიდამან ანგელოსმან წარიყვანა სანატრელი იგი სული სინანულისა მიერ განწმედილი.
რომელიცა ესე იხილა წმიდამან ვინმე და ღმერთშემოსილმან ბერმან დაფარულთ მცნობელმან და მოგვითხრა სადიდებლად ღმრთისა კაცთმოყვარისა.
იხილეთ და გულისჴმა ჰყავთ, საყვარელნო, კაცთმოყვარება ღმრთისა, თუ ვითარ მოწყალე არს და შეიწყნარებს ცოდვილთა მონანულთა. და არავისსა შრომასა უგულებელ ჰყოფს, არცა სისხლსა, არცა ცრემლთა და არცა ოფლთა და არცათუ ერთსა სასმელსა წყალსა გრილსა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ამათ ყოველთა სამღთოთა სიტყვათა და სარწმუნოთა კეთილთა თხრობათა მიერ, ვსცნათ კაცთმოყვარება ღმრთისა და მოვიღოთ სასოება ცოდვათა ჩვენთა შენდობისა. და ღირსად შევინანნეთ ბრალნი ჩვენნი, და სრულიად შევიყვაროთ კაცთმოყვარე ღმერთი ჩვენი, რომელსა ესრეთ უყვართ ჩვენ, გლახაკნი ესე მონანი, რომელ სულიცა თვისი ჩვენთვის დასდვა, რათა ჩვენ ყოველნი გამოგვიხსნეს სატანჯველისაგან და გვიზიაროს დიდებასა თვისსა ღმრთივშვენიერსა. და ესე არათუ ჩვენისა ღირსებისათვის, რამეთუ ყოველი სიმართლე ჩვენი არარაჲ არს მის წინაშე, არამედ მისისა უსაზღვროსა კაცთმოყვარებისა ნიჭი არს. და იგი სახიერი ტკბილი მოწყალე გვამცნებს: „უკეთუ თქვენ მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი მცირედნი, მეცა მოგიტევნე შეცოდებანი თქვენნი მრავალნი... და უკეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან დღესა შინა შვიდგზის და მოიქცეს და გრქუას: შევინანე, მიუტევე მას“[მთ. 6,14; ლკ. 17,3-4].
ეჰა, სახიერებასა ღმრთისასა, საყვარელნო, უკეთუ მაცხოვარი ჩვენი ესრეთ გვამცნებს, ჩვენ უძლურთა და უმადლოთა, რაოდენ უფროსად თვით ტკბილმან და მოწყალემან ჰყოს მოტევება შეცოდებათა ჩვენთა უკეთუ შევინანოთ. გარნა ვაჲ უნანელთა, რამეთუ დიდი სატანჯველი მიელისთ.
ჰე, გევედრები, ჵ, საყვარელნო ღმრთისანო, პატიოსანნო ძმანო, გულსმოდგინეთ შევინანნეთ ცოდვანი ჩვენნი და ყოვლითა გულითა მიუტეოთ შემაწუხებელთა ჩვენთა ცთომანი მათნი, რათა ღმერთმანცა მოგვიტევნეს შეცოდებანი ჩვენნი და განვერნეთ სატანჯველთა საუკუნეთა და ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა ცათასა და ყოველთა წმიდათა თანა ღვაწლისა გვირგვინითა შემკობილნი და ანგელოსთა შორის მოხარულნი, ვადიდებდეთ ყოვლადმოწყალესა მამასა და ვმადლობდეთ კაცთმოყვარესა ძესა და თაყვანისვსცემდეთ ნუგეშინისმცემელსა სულსა წმიდასა, რამეთუ მისი არს დიდება და სიმტკიცე საუკუნითგან აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
დასასრuლი მესამისა თავისა