თხრობა სულიერი ლბ [32]. ძვირუხსენებლობისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მიუტევეთ და მოგეტევნენ“(ლკ. 6,37). საყვარელნო, ძვირუხსენებლობა ქრისტეს მსგავსება არს, ვითარცა თვით იესო ჯვარის მცმელთათვის ილოცვიდა და იტყოდა: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“(ლკ. 23,34). და ჩვენ საქმით გვიჩვენა ძვირუხსენებლობა, რათა ვბაძვიდეთ სიტკბოებასა და სახიერებასა მისსა. და თვინიერ მრავლისა შრომისა ძვირუხსენებლობით მოგვეტევების ცოდვანი ჩვენნი, ვითარცა გვამცნებს უფალი: „უკუეთუ თქვენ მიუტევნეთ შეცოდებანი მოყვასსა, მოგიტევნეს თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან“[მთ. 6,14]. ამის სამღთოსა მცნებისა კეთილად აღმასრულებელი იყო ვინმე მთავარი დიდებული, ღმრთისმოყვარე, კაცთმოწყალე, მშვიდი, ტკბილი და სახიერი გულითა, ვითარცა ჰშვენის ქრისტეანეთა. და ჰყვა ვინმე მსახური, რომელმანცა მანქანებითა ბოროტისა ეშმაკისათა, მოჰპარა მრავალი ოქროჲ და ივლტოდა შორსა ქვეყანასა. ხოლო მუნ შეიპყრეს იგი ავაზაკთა, განძარცვეს და თვითცა განჰყიდეს უშორესსა ადგილსა. და ვითარცა ესმა მთავარსა მას ქრისტეს მოყვარესა ტყვეობა მსახურისა თვისისა, შეეწყალა და ლმობიერ იქმნა, წარგზავნა ოთხმეოცდაათი დრაჰკანი და გამოიხსნა იგი. და ოდეს მოიყვანეს, სიყვარულით მიეგება, და ამბორს უყო და არარაჲ ძვირი უხსენა, არცა აყვედრა, არცა ამხილა შეცოდება მისი, რამეთუ განიზრახვიდა თავსა შორის თვისსა: „უკეთუ მე არა მიუტევო ძმასა ამას ცთომანი თვისნი ყოვლითა გულითა, არცა მე მომიტევებს ღმერთი შეცოდებათა ჩემთა“[მთ. 6,15; 18,35; მრკ. 11,26], ვითარცა მართლმსაჯული უფალი ბრძანებს წმიდასა შინა სახარებასა მონისა მისთვის: „რომელსა თანაედვა ბევრი ტალანტი უფლისა თვისისა“[მთ. 18,24]. ხოლო ღმერთმან უმეტესად ადიდა კეთილგონიერი იგი მთავარი ძვირუხსენებლობისათვის მისისა, ამასცა სოფელსა და მას საუკუნესა მართალთა თანა ღმრთივშვენიერითა გვირგვინითა, ვითარცა მზე განაბრწყინვა სადიდებელად თვისსა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ ჩვენცა ძვირუხსენებლობა და მიუტეოთ ყოვლითა გულითა ცთომანი მოყვსისანი, რათა კადნიერება გვაქუნდეს წინაშე ღმრთისა თქმად: „მამაო ჩვენო ზეცათაო, მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“[მთ. 6,12]. და უკეთუ ჩვენ არა მიუტევნეთ ბრალნი ძმათა ჩვენთა, არცა ღმერთი მოგვიტევებს შეცოდებათა ჩვენთა. არამედ გევედრები, საყვარელნო, კეთილითა გონებითა მიუტევნეთ მცნებისათვის უფლისა და სიყვარულისათვის იესოსა და უფროსად ცხოვნებისათვის სულთა ჩვენთასა. რამეთუ ყოვლადტკბილმან, სახიერმან და ძვირუხსენებელმან მეუფემან ჰრქუა პეტრეს: „არა გეტყვი შენ შვიდგზის დღესა შინა მიტევებად ძმათა ცთომასა, არამედ სამეოცდაათ შვიდგზის“[მთ. 18,22](რომელი ესე იქმნების ოთხას­ოთხმეოცდაათი). ხოლო ჩვენცა საყვარელნო ძმანო, მიუტევოთ მოყვასსა საქმით, სიტყვით და გონებით ყოველნი ცთომანი მათნი, ვსწყალობდეთ და ულოცვიდეთ მაჭირვებელთა ჩვენთა, მცნებისათვის უფლისა, რათა იგინიცა და ჩვენცა ყოველნივე ღირს ვიქმნეთ სასუფეველისა დიდებასა, რამეთუ უფალი ჩვენი ტკბილ არს კაცთმოყვარებითა და „მზესა თვისსა აღმოუბრწყინვებს მართალთა და ცოდვილთაცა“[მთ. 5,45], რომელთა შეინანონ. ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, შევიტკბოთ ძვირუხსენებლობა, მიუტეოთ მოყვასთა, შეუნდოთ მაჭირვებელთა, სიყვარული ვაჩვენოთ მოძულეთა, რათა თავთაცა ჩვენთა ვარგოთ და სხვათაცა. და ურთიერთას აღვაშენებდეთ სათნოებითა, ვითარცა იტყვის მოციქული: „კაცად კაცადი მოყვასსა თვისსა სათნო ეყოფოდეთ კეთილისათვის აღსაშენებელად“[რომ. 15,2]. და ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა ცათასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.