თხრობა სულიერი ლგ [33]. ღმრთისა სათნოყოფისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მე ვარ ნათელი სოფლისა. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა“(იო. 8,12). და კვალად ბრძანებს: „თქვენ ხართ ნათელნი სოფლისანი“(მთ. 5,14). საყვარელნო, იგი ჭეშმარიტი ნათელი არს გამოუთქმელი, ხოლო ჩვენი ნათელყოფა ესე არს, რათა მარადის ღმრთისა სათნოყოფასა ვიქმოდეთ საქმეთა მიერ კეთილთა, ვითარცა ბრძანებს: „ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქვენნი კეთილნი“(მთ. 5,16). რამეთუ რომელიცა სათნოყოფასა ღმრთისასა იქმოდეს, იგი მარადის ნათელსა შინა არს, დაღაცათუ ჴორციელითა თუალითა ბრმა იყოს, გარნა სული მისი უბრწყინვალეს მზისა ჰნათობს. რამეთუ იყო ვინმე ალექსანდრიისა ქალაქსა შინა ბრმა გლახაკი, რომელი არაოდეს განეშორებოდა ეკკლესიისა ლოცვასა და ისმენდა სამღთოსა მოძღვრებასა, რამეთუ აქუნდა გულისჴმისყოფა კეთილი, ვითარცა წერილ არს: „უფალმან განაბრძვნის ბრმანი“(ფს. 145,8). დასჯდის შიშველი კართა ეკკლესიისათა და ითხოვნ მოწყალებასა. და რომელთაგან მიიღის სიყვარული, იგი ილოცავნ მისთვის ღმრთისა მიმართ. და რაჲსაცა შვიდეულსა შინა შეჰკრებდა, დღესა კვირიაკესა იყიდდა ვაშლსა, ბროწეულსა და ლეღვსა, და მიიღებდა სასნეულოდ და ყოველსავე სნეულთა მათ განუყოფდა და თვით შიმშილითა, წყურვილითა ნაკლულევანი, ჭირვეული მადლობდა ღმერთსა. ამას სათნოებასა და მოთმინებასა შინა დაჰყო ორმოცდარვა წელი. და ესევითარსა საზომსა მიიწია, რომელ ეკკლესიისა განმგე დასნეულდა ფიცხლად და გამოუჩნდა მას მარკოზ მახარებელი და ჰრქუა: „იგი ბრმა გლახაკი მოიყვანე, რათა ილოცოს შენთვის და განიკურნო“. და ვითარცა ილოცა, მსწრაფლ განთავისუფლდა ლოცვითა მის ბრმისათა. ვითარცა წერილ არს: „ამან გლახაკმან ჴმა ჰყო და უფალმან ისმინა მისი“(ფს. 33,7). და ოდეს მიიცვალა ბრმა იგი უფლისა მიმართ, მრავალნი სასწაულნი იქმნნეს გუამისა მის მიერ კეთილმოღვაწისა. და დამარხეს დიდითა პატივითა და დიდებისმეტყველებითა ღმრთისა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ღმრთისა სათნოყოფასა ვიქმოდეთ მარადის, რათა ვიდრემდის ვართ სოფელსა შინა, ნათელ ვიყვნეთ, ვითარცა უფალი ბრძანებს. და ოდეს ამიერ საწუთოჲთ საუკუნოსა ნათლისა მიმართ მივიცვალნეთ, უბრწინვალეს მზისა გამოვბრწყინდეთ სასუფეველსა მამისა ჩვენისა ზეცათასა. ხოლო სათნოყოფა ღმრთისა ესე არს, საყვარელნო, რათა მოვიგოთ: სიყვარული, სიწმიდე, სიტკბოება, სიმართლე, მოთმინება და მოწყალება გლახაკთა მიმართ, ქვრივთა და ობოლთა, სნეულთა და პყრობილთა, მშიართა და შიშველთა და ყოველთავე შეჭირვებულთა და შეწუხებულთა შევეწეოდეთ ქრისტეს სახელისათვის და იგი სახიერი და ტკბილი, მოწყალე ყოველსავე შეიწირავს და არცა ერთსა მცირესა უგულებელს ჰყოფს, ვითარცა ბრძანებს: „რომელმან ასვას სასმელი ერთი წყალი გრილი სახელად ჩემდა, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი“[მთ. 10,42; მრკ. 9,41]. ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, ესე ადვილნი და ყოველთა მიერ შესაძლებელნი მცნებანი სურვილით აღვასრულნეთ და ყოვლადსახიერსა ღმერთსა სათნო ვეყვნეთ, რათა დიდსა და დიდებულსა დიდებასა და დიდად შვენიერსა ბრწყინვალებასა მივემთხვივნეთ; ნათელსა თუალთშეუდგამსა, ელვარებასა განუცდელსა, სუფევასა გამოუთქმელსა, ფუფუნებასა დაუსრულებელსა და გვირგვინოსნობასა უოხჭნოსა, რომელთა ღირსმცა ქმნილ ვართ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელისა თანა მამასა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.