თხრობა სულიერი ლდ [34]. ღმრთისა მადლობისათვის
ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, სამღთო მოციქული იტყვის: „მოუკლებლად ილოცევდით, ყოველსა შინა ჰმადლობდით“(1. თესალ. 5,17-18).
საყვარელნო ძმანო ჩემნო, ვითარცა კეთილ არს სათნოება, რომელ ვიქმოდეთ გლახაკთ მოწყალებასა, უცხოთ შეწყნარებასა, შიშველთ შემოსასა, ძმათ მოყვარებასა, მარხვასა და ლოცვასა და ყოველსავე ქველისსაქმესა, ესე ყოველი სათნო არს უფლისა და ვითარცა ძღვენი პატიოსანი შეწირულ წინაშე ღმრთისა, და ეგრეთვე უპატიოსნეს არს და სანატრელ მსხვერპლი კეთილითა გონებითა, მადლობა ღმრთისა მიმართ ნაკლულევანებისათვის, ანუ სიგლახაკისა, გინა სნეულებისა და განსაცდელსა შინა.
რამეთუ იყო ვინმე გლახაკი ბრმა, რომელი დასჯდის წინაშე კართა ეკკლესიისათა და ითხოვდა მოწყალებასა; არა კაცთაგან, არამედ ღმრთისა მიერ, რამეთუ იტყოდა მარადის: „უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, ვითარცა გნებავს, შემიწყალე მე, სახიერო მეუფეო“.
და ვისგანცა მიიღებდა სიყვარულსა, რაჲცა კმა ეყვის მას დღესა, თვით მიიღის და მიმცემელისათვის ილოცის, ხოლო ნამეტნავი წარუღის სნეულთა, გლახაკთა და საპყრობილესა მყოფთა. და მწუხრი მივიდის სადგურსა თვისსა, სადაცა აქუნდა ერთი ძველი ჭილობი, ნახევარი ქვეშე დაიფინის და ნახევარი ზედა კერძო. და სამარადისოდ მადლობისა გულით ილოცის მეტყველმან: „გმადლობ, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, ესოდენისა განსვენებისა ჩემისათვის, რამეთუ რაოდენნი დიდებულნი არიან სნეულნი და რაოდენნი საპყრობილესა შინა დაკრძალულ ჯაჭვითა, რომელ არა ძალუძსთ გარდაქცევად, ანუ აღდგომად. ხოლო მე უღირსი ესოდენისა მოწყალებისა შენისა, მენებოს ფერჴსა განვიწვდი, მენებოს აღვსდგები, მენებოს თუ წარვალ სადამე. ამათ ყოველთათვის ვმადლობ ურიცხვთა მოწყალებათა შენთა, მეუფეო, და გევედრები, ნუ დამსჯი სულითა, განსვენებისა ამისთვის ჴორცთასა, კაცთმოყვარეო, ღმერთო ჩემო“.
ესე ნეტარი იხილეს მონაზონთა სკიტისათა და მიუთხრეს მონასტერსა შინა ძმათა და ყოველნი განკვირვებულ იყვნეს გონებისა მისისა სიმდაბლესა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელსა მრავალნი ესევითარნი დაფარულნი მონანი ჰყვანან სადიდებელად სახიერებისა თვისისა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ყოველსავე ზედა საქმესა კეთილსა ვმადლობდეთ ღმერთსა, რამეთუ იგი სახიერი არს მიზეზი ყოველთა კეთილთა და მომნიჭებელი. და უმეტესად მაშინ ჯერ არს მადლობა ღმრთისა გულითა კეთილითა, ოდეს ნაკლულევანებასა შინა ვიყვნეთ, ანუ სნეულებასა, გინა მწუხარებასა რასმე, გინა განსაცდელსა. ყოვლადვე ყოველსა შინა ვმადლობდეთ განგებულებასა ღმრთისასა, რამეთუ იგი კაცთმოყვარე მარადის კეთილსა განიზრახავს ჩვენთვის, რამეთუ უწყის ყოველთა გულთა მეცნიერმან და რაჲცა უმჯობეს არს სულისა ჩვენისათვის, და კურთხეულ იყავნ სახელი მისი უკუნისამდე.
ხოლო უკეთუ არა ვმადლობდეთ ღმერთსა, არამედ ვსდრტვინვიდეთ მწუხარებასა შინა, არავე განიკურნის სალმობა ჩვენი უთმინოებითა და დრტვინვითა.
გარნა უფროსღა ვმადლობდეთ კაცთმოყვარესა ღმერთსა, რათა შეჭირვებისა მისთვის ცოდვანი მოგვეტევნენ და მადლობით მოთმინებისათვის გვირგვინი უოხჭნო მოგვეცეს.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, ყოველსავე თავს ვიდებდეთ მადლობითა ღმრთისათა, რათა ამასცა სოფელსა კეთილი მოგვანიჭოს ღმერთმან და მას საუკუნესა მოწამეთა და მართალთა თანა გვირგვინითა ბრწყინვალითა ვიხარებდეთ სასუფეველსა ცათასა. და მაშინ უცხადესად ვმადლობდეთ, ვადიდებდეთ და თაყვანისვსცემდეთ ყოველთათვის კეთილის მნებებელსა ჭეშმარიტსა მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და მადლობა საუკუნითგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.