თხრობა სულიერი ლე [35]. სიმშვიდით მოთმინებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „იყვნედ წელნი თქვენი მორტყმულ და სანთელი თქვენი აღნთებულ, და ემსგავსენით კაცთა მათ, რომელნი მოელიედ უფალსა თვისსა“(ლკ. 12,35-36). საყვარელნო, ესე არს სიმხნე და მოთმინება ყოველსა შინა, ვითარცა იტყვის სამღთო მოციქული: „ყოველი მოღვაწე ყოველსავე მოითმენნ“[1 კორ. 9,25]. უკეთუ კაცმან, სიბრძნით სიმხნე და სიმშვიდით მოთმინება შეიმოსოს, ყოველსავე ადვილად და შეუწუხებელად მოითმენს, მერმისა მისთვის გვირგვინისა და პატივისა; ღმერთსა მოიმადლებს, ანგელოსთაგან იქების და კაცთაგან ბრძენთა ნეტარებასა მიიღებს. რამეთუ იყო ვინმე ბერი სათნო უფლისა, მშვიდი, მდაბალი, წრფელი, უმანკო, ტკბილი, სახიერი, ძვირუხსენებელი და მომთმინე ყოვლადვე; ჭაბუკი ჰასაკითა, მხცოვანი გონებითა და ჴელოვნება მისი იყო ბოსტნისა მუშაკობა, სიმხნითა და მოთმინებითა ჭირთა შინა და ურვათა, რამეთუ ღამე იღვიძებდა ლოცვისათვის და დღე მუშაკობდა სათნოებისათვის, რომლისაგან თვით იზარდებოდა და უმრავლესითა ძმათა მიმართ სულიერთა სიყვარულსა აღასრულებდა. ესმა ვისმე სხუასა ბერსა სამღთო მოქალაქობა მისი, სათნოებით წარმატება და გონებისა მისისა უმანკოება. და წარვიდა გამოცდად მისა და შევიდა ბოსტანსა მისსა იდუმალ, აღიღო კვერთხი და იწყო შემუსრვად და შელეწვად ყოველსავე ნაყოფსა და ნამუშაკევსა მისსა. ხოლო ყოვლადმშვიდი და მომთმინე ბერი იგი, ბოსტნისა უფალი, მუნ დაჰხვდა, გარნა დაიმალა და შორით ჰხედვიდა. და ვითარცა მან ყოველივე შემუსრა და დაშთა ერთი ოდენ ძირი მხალი, მაშინ გამოსჩნდა და ჰრქუა ფრიად სიმშვიდით და სიტკბოებით: „უფალო ჩემო და პატიოსანო მამაო, უკეთუ სათნო გიჩნდეს, უტევე ერთი ეგე ნაყოფი, რათა მაგას ზედა ვჰყოთ დღეს სიყვარული და პირი ვიხსნათ სადიდებელად ღმრთისა“. ესერა ესმა ბერსა მას, განაგდო კვერთხი და მოწლედ, სიყვარულით შეიტკბო ნამდვილ საყვარელი ძმა იგი და ჰრქუა: „გაკურთხენ შენ უფალმან სიონით გამო, შვილო სასურველო, რამეთუ სიმშვიდით, მოთმინებისათვის შენისა, განისვენებს სული ღმრთისა შენზედა“. იხილეთ, საყვარელნო, გონებისა მისისა სიკეთე და სიბრძნე, თუ ვითარ სიმხნით, წინ აღუდგა გულისსიტყვასა თვისსა და სიმშვიდით მოითმინა. ამისათვის წერილ არს, ვითარმედ: „უადვილეს არს ქალაქისა გამოღება, ვიდრე გულისსიტყვათა დამჭირვა მოთმინებით“. არათუ გულისსიტყვა არა ჰქონდა მას ნეტარსა, ანუ არა ელმოდა ნაშრომთა თვისთა შემუსრვაჲ, გარნა სიმხნით მოითმინა ღმრთისა მცნებისა აღსრულებისათვის. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ჩვენცა შევიმოსოთ ესევითარი სიმხნე და მოთმინება. უკეთუ წმიდათა კაცთა მოქალაქობა და სათნოება გვიამების და სათნო გვიჩნს, ჩვენცა მივემსგავსნეთ მოთმინებასა მათსა, და სათნო ვეყვნეთ მეუფესა ჩვენსა, რამეთუ რაჲცა მათ ნეტართა სასყიდელი მიიღეს ღმრთისაგან, ჩვენთვისცა იგივე გვირგვინი შვენიერი და საყდარი მაღალი განუმზადებიეს ყოვლადსახიერსა და თუალუხუავსა მეუფესა. უკეთუ მათნი სათნოებანი გამოვისახნეთ გულთა შინა ჩვენთა და მათებრ მოვითმინოთ, მათთანავე მივიღოთ გვირგვინი მოთმინებისა ბრწყინვალე და განათლებულნი ავმაღლდეთ ხარისხთა ზედა დიდებულთა და შვენიერთა. ჰე, გევედრები, პატიოსანნო ძმანო, წმიდათა და პატიოსანთა მამათა მსგავსად მოვითმინოთ ყოველივე და მათი სანატრელი მოქალაქობა მოვიგოთ, რათა მათთანაცა ვიდიდნეთ ღმრთივშვენიერად გვირგვინოსანსა მწყობრსა მათსა თანა შეერთებულნი, და ანგელოსებრივისა გალობითა უგალობდეთ სათნოებასა და მოთმინებისა წინამძღვარსა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა, რომელი გვექმნა ჭეშმარიტებისა გზა, მოთმინებისა სახე და სათნოებათა სარკე, რათა მისა მიმართ ხედვითა წარვმართოთ ყოველივე კეთილი, რომელსა უგალობენ ყოველნი ზეცისა ძალნი, რამეთუ მისი არს დიდება და დიდად შვენიერი ბრწყინვალება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.