თხრობა სულიერი ლვ [36]. მოთმინებისათვის პატიოსნისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „რომელთა გულითა კეთილითა და სახიერითა ისმინიან სიტყვა და შეიწყნარიან და ნაყოფი გამოიღიან მოთმინებითა“(ლკ. 8,15). საყვარელნო, მოთმინება მრავალსა ნაყოფსა სულისა სარგებელსა გამოიღებს. ვითარცა სამღთო მოციქული იტყვის: „ნაყოფი სულისა არს: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, სარწმუნოება, მყუდროება, მარხვა და მოთმინება“[გალ. 5,22]. ესევითარი ღმრთივშვენიერი არს მოთმინებისა მადლი. რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი: მმარხველი, მლოცველი, მოღვაწე, მოწყალე და მომთმინე ფრიად, სახელით ზენონ.რომელიცა დღესა ერთსა წარვიდოდა პალესტინედ, რათა განჰყიდოს ჴელთსაქმარი თვისი და შესწიროს უფალსა ნაღვაწი თვისი გლახაკთა მიმართ მოწყალებითა. და ვითარცა დაჰშვრა გზისა სლვისაგან, დასჯდა ქვეშე ლეღოვანსა ჭამად პურისა. მერმე ჰრქუა მას გულისსიტყვამან მისმან: „აღიღე აქაჲთ ერთი ლეღვი და შესჭამე, რამეთუ არარაჲ არს საურავი“. მიუგო კეთილგონიერმან ბერმან გულისსიტყვასა თვისსა: „არა ­უწყი­აა, რამეთუ ადამ ერთისა ხისა ნაყოფისა ჭამისათვის ექსორია იქმნა სამოთხისა მისგან საშველებისა და აწ მე რაჲ ვჰყო, რომელი არა არს ჩემი, ვითარ აღვიღო?! რამეთუ მპარავნი სატანჯველად მივლენ. გამოვსცადო უკუჱ თავი ჩემი, უკეთუ ძალმიძს დათმენად აქავე სატანჯველთა“. მეყსეულად დასჯდა სიცხესა ქვეშე მზისასა მრავალჟამ და შესწვა თავი თვისი ერთისა ხილისა გულისთქმისათვის. მერმე ჰრქუა თავსა თვისსა: „გლახაკო და უთმინო კაცო, ვინათგან ვერ ძალგიძს დათმენად აქა სიცხისა, ვითარ დაუთმო ცეცხლსა გეენიისასა? მაშა ნუცაღა იპარავ და სჭამ, რათა არა მიეცე მუნ სატანჯველთა მოუთმენელთა“. ესრეთ სიბრძნისა ჴელოვნებით განიოტა ეშმაკისა მიერ მოვლინებული გულისსიტყვა და დასთრგუნა გულისთქმა ჭამადისა. ამისათვისცა მოთმინებისა მიერ პატიოსნისა გვირგვინი შვენიერი მიიღო და ადიდებდა ღმერთსა. იხილეთ და გულისჴმა ჰყავთ პატიოსანნო მსმენელნო, თუ ვითარ უმცირესადმდე იღვწიან მოთმინებასა ღმრთისა სათნომყოფელნი კაცნი წმიდანი, რამეთუ მცირედისა ნაბერწყლისა მიერ აღეგზნების დიდი სახმილიცა, ვითარცა მცირისა გულისთქმისა მიყოლითა ჯოჯოხეთისა ცეცხლი უშრეტი. ამისთვისცა ეკრძალებიან ვნებათა და მოითმენენ ყოველსავე, ვინათგან: „მცირესა ზედა ურწმუნო, მრავალსა ზედაცა ურწმუნო არს“[ლკ. 16,10] სიტყვისაებრ მაცხოვრისა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო ძმანო, მოვიგოთ ჩვენცა მოთმინება კეთილი და პატიოსანი ყოველსა შინა, რამეთუ მოთმინება შემკრებელი არს ყოველთა სათნოებათა, ნაყოფიერმყოფელი სულისა და მაცხოვარი, ვითარმედ: „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი სცხონდეს“(მთ. 10,22). თუალნი ჩვენნი შევიკრძალოთ უჯეროსა ხედვისაგან, ენასა ჩვენსა აღვირ ვასხათ უქმის მეტყველებისაგან, საყნოსელნი ჩვენნი დავიცვათ უშვერისა ყნოსისაგან, სასმენელნი ჩვენნი დავკრძალოთ ამაოსა სმენისაგან და ჴელნი ჩვენნი დავაყენნეთ ვნებულად შეხებისაგან. და ესრეთ იქმნების, ყოველთავე საგრძნობელთა ჩვენთა მოთმინება, სათნო ღმრთისა. და უფროსად წარმოვაჩინოთ ნაყოფი სულისა საცნობელთა მიერ ჩვენთა: თუალნი აღვიხილნეთ ღმრთისა ხედვად, ენა ჩვენი ფსალმუნებად, საყნოსელი სულისა მადლთა ყნოსად, სასმენელნი სამღთოთა სიტყვათა სმენად და ჴელნი ჩვენნი კეთილმოქმედებად და მოწყალებისა მიცემისათვის განმარტებად. და მათ მიერ იქმნების კეთილი მოთმინება და ესე ყოველნი გონებისაგან სამღთოჲსა, ნაყოფიერება სულისა, ვითარცა ყვავილთა მიერ შემკობილისა სამოთხისა, რომელი განშვენდების მზისა მისგან სიმართლისა. ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, ესევითარი სიბრძნით მოთმინება შევიმოსოთ, სათნოებით აღყვავებულნი, სულით ნაყოფიერნი განვნათლდეთ სამღთოსა ელვარებითა და სასუფეველსა, ვითარცა მზე გამოვბრწყინდეთ, მადლისა და შარავანდედისა მოფენითა მზისა მის სიმართლისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და თუალთშეუდგამი ბრწყინვალება თანა მამით და სულით წმიდითურთ, დაუსრულებელად უკუნითი უკუნისამდე. ამინ.