თხრობა სულიერი ლზ [37]. მოთმინებისათვის კეთილისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“(მთ. 10,22). საყვარელნო, მოთმინება მრავალსა საქმესა ზედა გამოისახვის, ვითარცა იტყვის სამღთო მოციქული: „მოთმინებითა მრავლითა ჭირთა შინა და ურვათა“(2 კორ. 6,4). მოთმინება წმიდათა კაცთა საქმე არს, ანგელოსთაგან საქებელ და ღმრთისა მიერ გვირგვინოსან. ხოლო უთმინოება მრავალთა არს სავნებელ, ვითარცა ადამს თუმცა მოეთმინა ხისა მის გემოს ხილვაჲ, არამცა ექსორია ქმნილ იყო სამოთხით. და აწ ჩვენ, საყვარელნო, მოთმინება შეგვიყვანს სამოთხედვე. ხოლო მოთმინება ყოველსავე საქმესა ზედა გამოისახვის. რამეთუ იყო მონასტერი შვენიერი და მას შინა ღმრთის სიყვარულით შეკრებულნი ძმანი და ჰყვათ წინამძღვარი კაცი ღმერთშემოსილი, რომელსაცა მიართო ვინმე ყურძენი. ხოლო მას ენება ჭამა მისი, გარნა მოითმინა და არა შეეხო, რამეთუ შეიტკბო მარხვისა პატიოსნება და წარგზავნა სხვისა ძმისა უძლურისა სიყვარულად. და ვითარცა იხილა უძლურმან, გულმან უთქუა, გარნა მოითმინა. და მანცა წარგზავნა სხვისა სნეულისა, რომელსა ვერცაღა ძალედვა პურისა ჭამაჲ. ხოლო მანცა სთქუა: „ვინათგან ფრიად უძლურ ვარ, ნუუკუჱ ამას ღამესა მივიცვალო“ და მოითმინა და წარუგზავნა სხუასა ვისმე. ესრეთ მოვლო ყურძენმან ყოველი ძმათ სავსება, და უკანასკნელ მივიდა კვალად წინამძღვრისადა. და ვითარცა გულისჴმა ჰყო წინამძღვარმან მოთმინება მათ ყოველთა, რამეთუ ყოველთავე სუროდა ჭამაჲ, გარნა მოთმინება აჩვენეს, ჰმადლობდა ღმერთსა და მიიღო ეკკლესიად, აკურთხა და ყოველთავე განუყო, ვითარცა ევლოგია. მაშინღა მიიღეს ყოველთა სადიდებელად ღმრთისა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ ჩვენცა მოთმინება სიბრძნით და კეთილგონიერებით, რომლისაგან არს ცხოვნება სულისა. და ნუ ვიქმნებით უთმინო უგუნურებითა, ვითარცა მდიდარი იგი უგუნური, რომელი განიზრახვიდა მრავალთა წელთა განსვენებასა მცონარებითა ჭამასა ნაყროვანებითა და სუმასა მთვრალობითა და სიხარულსა სიბილწითა და მას ღამესა მიეღო სული მისი [ლკ. 12,17-20]. ხოლო ჩვენ, საყვარელნო, ნუ ვიქმნებით მისებრ უგუნურ, არამედ სიბრძნით მოვითმინოთ ყოველივე მადლობითა ღმრთისათა და სათნოებით მზა ვიყვნეთ ყოველსა ჟამსა აღსასრულისათვის, ვითარცა იტყვის მგალობელი: „განვემზადე და არა შევძრწუნდი“(ფს. 118,60). და ნუ ვიქმნებით უთმინო, ვითარცა უგუნური, არამედ ვიყვნეთ მომთმინე, ვითარცა ბრძენი და კეთილად გულისჴმა ვჰყოთ ნება ღმრთისა. და ნუ დავითვრებით ღვინითა, რათა არა დამძიმდენ გულნი ჩვენნი შვებითა და მთვრალობითა, არამედ აღვივსნეთ სულითა, უგალობდეთ და ვაქებდეთ გალობითა და შესხმითა სულიერითა უფალსა. ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, შევიტკბოთ მოთმინება და ამითცა სათნოებითა მივემსგავსნეთ ქრისტესა, მეუფესა ჩვენსა, რომელმან ჩვენისა ცხოვნებისათვის მრავალი დაითმინა. და სახე გვექმნა მოთმინებისა მეტყველი: „ვითარცა მე გიყავ თქვენ, ეგრეთვე თქვენ ჰყოფდეთ... და სადაცა მე ვიყო, მუნცა თქვენ იყვნეთ და ხედვიდეთ დიდებასა ჩემსა“[იო. 13,15; 17,24]. გევედრები, ჵ, ძმანო ჩემნო, საყვარელნო, ვიღვაწოთ მცირედ ჟამ. ვიღვაწოთ, რათა გვირგვინი მოთმინებისა მრავალყვავილოვანი დავიდგათ საუკუნოდ. აქა მცირედ მოვითმინოთ და მუნ ღმრთისა მიერ განვმდიდრდეთ და საუნჯეთა ჩვენთა ზედა ვსუფევდეთ ყოველთა წმიდათა თანა ვიხარებდეთ დაუსრულებელად, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.