თხრობა სულიერი ლჱ [38]. სულგრძელებით მოთმინებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალმან ჩვენმან, იესო ქრისტემან, მოითმინა ჯვარი და სიკუდილი და ჩვენ სახე გვექმნა მოთმინებისა, ვითარცა იტყვის წმიდა მოციქული პეტრე: „ქრისტემანცა ივნო ჩვენთვის და თქვენ დაგიტევა ჴელით წერილი, რათა შეუდგეთ კუალსა მისსა“[1 პეტ. 2,21]. ამისთვის, საყვარელნო, მოთმინება ჩვენდა სულგრძელებით სათანადო არს და სანატრელცა, რათა მივემსგავსნეთ მაცხოვარსა ჩვენსა, იესო ქრისტესა. გინათუ უძლურებასა შინა ვიყვნეთ ვიდრე სიკუდილადმდეცა, მოთმინებით ვმადლობდეთ ღმერთსა, რათა საუკუნო დიდება და უკუდავება მოვიგოთ. რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ჯვარშემოსილი, მრავლისა მოღვაწებისა მომთმინე და სათნოებით შემკობილი; ტკბილი, მოწყალე, გულისჴმისმყოფელი და დუმილის შემტკბობელი, რომელიცა მრავლისა მისგან მოღვაწებისა დასნეულდა და ვერ ეძლო საზრდელისა მიღება მრავალთა დღეთა. გარნა იგი ყოველსავე უძლურებასა თვისსა ღმრთის მადლობით ითმენდა და იხსენებდა ნეტარისა იობის მოთმინებასა, რაჟამს იყო იგი წყლულებათა შინა დიდთა. დღესა ერთსა ჰრქუა მოწაფემან მის წმიდისა ბერისამან: „მამაო პატიოსანო, უკეთუ გნებავს მცირედ გბოლვილსა შევიქმ თაფლითა ზავებულსა, ნუუკუჱ მოგაშვნდეს უძლურებასა შინა შენსა“. მიუგო ბერმან: „ეგრეთ ჰყავ შვილო, საყვარელო, რამეთუ მშიის ფრიად“. ხოლო წარვიდა და შექმნა მოწაფემ გბოლვილი და ორი ჭურჭელი აქუნდა ბერსა: ერთი თაფლისა და მეორე ზეთისა, რომელი სახმარ იყო მათდა საგზნელად ბაზმაკისა. შესცთა უკუჱ მოწაფესა და თაფლისა წილ ურთო გბოლვილსა მას მწარე იგი ზეთი და თვით არა იხილა გემოჲ მარხულობისა მიზეზითა. და ოდეს მიართუა მამასა მას სულიერსა და მან გემო რა იხილა, გულისჴმა ჰყო და ვერ შეუძლო ჭამად სიმწარისაგან. გარნა ესეცა მოითმინა დუმილით და არა ამხილა ძმასა მას, რამეთუ უწყოდა უნებლიეთი საქმე იგი. ხოლო მოწაფე ევედრებოდა მეტყველი: „სჭამე, მამაო წმიდაო, რამეთუ კეთილ არს და თაფლითა ზავებულ“. მიუგო ტკბილმან მან ბერმან: „კმა არს ჩემდა, შვილო საყვარელო“. და ენება მოწაფესა, რათა გულსმოდგინე ჰყოს იგიცა ჭამად და ჰრქუა: „აჰა, ესერა მეცა ვსჭამო შენთანა, მამაო წმიდაო, რამეთუ კეთილ არს“. და ვითარცა იხილა გემოჲ, მოწაფემანცა სცნა, თუ რაჲ იგი იყო. დავარდა პირსა ზედა თვისსა და იწყო ტირილად მეტყველმან: „ვაჲმე, მამაო პატიოსანო, რამეთუ მოგაკუდინე და შენ ბრალი ცოდვისა დაჰკრიბე ჩემ ზედა, რომელ არა მამხილე“. მიუგო სიტკბოებით ბერმან: „ნუ გულს გაკლს, შვილო ჩემო, საყვარელო, უკეთუმცა ყოფილ იყო ნება ღმრთისა, თაფლითამცა გექმნა ჭამადი, გარნა ყოველსავე ზედა მოთმინებით ვმადლობდეთ სახიერებასა მისსა“. იხილეთ საყვარელნო, თუ ვითარ ვიდრე სიკუდილადმდეცა იღვწიან წმიდანი კაცნი მოთმინებითა, და არავის შეაწუხებენ და ამხილებენ უვნებელნი იგი და სათნონი ღმრთისანი. აწ უკუჱ გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, უკეთუ ჩვენზედაცა მოიწიოს სნეულება რაჲმე, ღმრთის მადლობით მოვითმინოთ. და უკეთუ სადამე ჩვენი უნებური ჭამადი მოგვივიდეს, არა ვიდრტვინოთ და არცა რასმე ზედა საქმესა შევაწუხოთ და დავაბრკოლოთ ხატად ღმრთისა დაბადებული სული კაცისა, რომლისათვის ქრისტე მოკუდა, რათა არა შევაწუხოთ სული წმიდა, რომლითა აღვიბეჭდენით. არამედ მოვიგოთ ყოველსა შინა მოთმინება სულგრძელებით და კრძალულება სიფრთხილით, რათა მოვიგოთ ქრისტე ჩვენ შორის დამკვიდრებულად და ვიქმნეთ ქრისტეშემოსილ სათნოებითა. ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, მოთმინებისა სათნოებითა მივემსგავსნეთ ქრისტესა მეუფესა ჩვენსა და ყოველნივე მოთმინებისა მისისა ვნებანი: ჯვარი, სამსჭვალნი და ლახვარი გულსა შინა ჩვენსა გამოვისახოთ, და სიყვარულითა მისითა ჩვენცა ყოველივე მოვითმინოთ კეთილითა გონებითა. მისთანა ვივნოთ და მისთანაცა ვიდიდნეთ ღმრთივბრწყინვალესა და სამგზის სანატრელსა დიდებასა მისსა, მადლითა და წყალობითა მისითა, რომელი კურთხეულ არს და დიდებულ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.