თხრობა სულიერი ლთ [39]. მარხვით და ლოცვით მოთმინებისათვის
ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „განვალს კაცთაგან ეშმაკი ლოცვითა და მარხვითა“[მთ. 17,21].
საყვარელნო, ვინათგან ლოცვა და მარხვა განმდევნელი არს ეშმაკთა, ამისთვისცა უფროსად ისწრაფიან ეშმაკნი დახსნად ლოცვისა და მარხვისა ჩვენისა. გარნა მოთმინებით მარხვა და ლოცვა განაქარვებს უძლურსა ძალსა მათსა შეწევნითა ქრისტესითა, ხოლო მომთმინესა გვირგვინი დიდებისა მოენიჭების ძლევისა მათისათვის.
რამეთუ იყო ვინმე ძმა კეთილმოღვაწე და ფრიად მლოცველი მარხვითურთ და ჴელთსაქმართა მოქმედი და მით გლახაკთა მიმართ მოწყალე. და განწესებულად აქუნდა ღამე ლოცვაჲ და დღისი ჴელთსაქმარი და მეცხრესა ჟამსა პურის ჭამაჲ, სადიდებელად ღმრთისა, ვითარცა იტყვის მოციქული: „გინათუ სჭამდეთ, გინათუ სმიდეთ... ყოველსავე სადიდებელად ღმრთისა იქმოდეთ“(1 კორ. 10,31).
დღესა ერთსა განთიად შეემშია ძმასა მას მანქანებითა ეშმაკისათა და სულმოკლე იქმნა, გარნა ახოვნებით მოითმინა ვიდრე მესამე ჟამადმდე. და ვითარცა მოიწია მესამე ჟამი, კვალადცა აიძულა თავსა თვისსა და მოითმინა მეექვსე ჟამადმდე, და მეექვსესა ჟამსა დაალბო პაქსიმადი და ენება ჭამაჲ. გარნა ბრძოლა გულისსიტყვასა თვისასა და მოითმინა სიმხნით, ვიდრე მეცხრე ჟამადმდე. და მეცხრესა ჟამსა დასდგა ლოცვად ჩვეულებისაებრ და გულსმოდგინედ ილოცა და მეყსეულად იხილა ძალი რაჲმე საეშმაკო, ვითარცა კუამლი განმავალი სენაკისაგან მისისა.
და ესრეთ დასცხრა უწესო იგი სიმშილი მისი მოთმინებითა და კეთილად წარემატა მარხვითა და ლოცვითა, ანგელოსებრივ მოქალაქობად და ადიდებდა ძლიერებასა ღმრთისასა.
გულისჴმა ვჰყოთ, საყვარელნო, თუ ვითარ კეთილისა სათნოებისა დამახრწეველ ექმნებიან სულთა ღმრთისმოყვარეთა ბოროტნი ეშმაკნი მანქანებითა თვისითა, გარნა ვერარას ავნებენ მოთმინებით მმარხველთა და სიწმიდით მლოცველთა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, შევიჭურვოთ მოთმინებითა და ჴელად ვიპყრათ მარხვა უვნებელი და პირთა ჩვენთა ლოცვა წმიდა. და ესრეთ რა ვჰბრძოდეთ მბრძოლთა მათ სულისა ჩვენისა ეშმაკთა, ადვილად ვსძლოთ ძალითა ქრისტესითა. და ძლევაშემოსილთა ძლევისა გვირგვინი მოვიღოთ, და ძლევისა გალობასა უგალობდეთ უფალსა მეტყველნი: „წმიდაო წმიდათაო, მეუფეო ძალთაო, შეგვმოსე ძალი და სიმხნე, რათა მოთმინებითა, მარხვითა და ლოცვითა ვსძლოთ მანქანებათა ეშმაკისათა, რამეთუ „შენ მოგიცემიეს სათნომყოფელთა შენთათვის ძალი და ჴელმწიფება დათრგუნვად გველთა და ღრიანკალთა“[ლკ. 10,19].
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, შევიმოსოთ გულსმოდგინება და მოვითმინოთ რაჲცაგვარი ბრძოლა ეშმაკისა მოიწიოს ჩვენ ზედა. გინათუ ცოდვისა მრავალფერი გულისთქმა, ანუ მავნებელი გულისსიტყვა ბოროტი, გინა გულისწყრომა, ანუ მრისხანება და შური. და რომლისაცა ვნებისა სახითა, გვებრძოლოს ეშმაკი, ჩვენ სიმხნით მოვითმინოთ და წინა აღუდგინოთ საუკუნეთა კეთილთა სურვილი; ანუ მოვიხსენოთ საუკუნო სატანჯველი და მისთვის მოვითმინოთ და ნუ ვიძლევით ეშმაკთა მიერ კაცთმოძულისა. არამედ სათნოებით ვმონებდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩვენსა კაცთმოყვარესა და მოთმინებით ვბრძოდეთ წინამდებარესა ღვაწლსა, და ვსთქუათ ჩვენცა დავითის თანა: „თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე“(ფს. 39,2). რათა აღწერონ ღვაწლი ჩვენი წმიდათა ანგელოსთა და წარმოადგინონ დღესა განკითხვისასა. და ჩვენ განმართლებულნი გვირგვინითა ბრწყინვალითა, ღმრთივშვენიერად შემკობილნი ვიდიდებოდეთ საუკუნეთა მათ საშვებელთა შინა ანგელოსთა და ყოველთა წმიდათა თანა. მადლობისა გალობასა უგალობდეთ ყოველთა კეთილთა მიზეზსა და წარმმართებელსა ღმერთსა, რომელსა ღირსმცა ვართ, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ საუკუნითგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.