თხრობა სულიერი მ [40]. კრძალულებისათვის შვენიერისა
ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ეკრძალენით ნუუკუჱ ვინმე შეურაცხ ჰყვნეთ ერთი მცირეთა ამათგანი, რამეთუ ანგელოსნი მათნი მარადის ჰხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა“[მთ. 18,10].
საყვარელნო, კრძალულება უფლისა სათნო არს და სულთა ჩვენთა დიდად სარგებელ, რათა არავინ დავაბრკოლოთ, ანუ შევაწუხოთ, გინა განვიკითხოთ, არამედ ყოველთავე „სათნო ვეყოფოდეთ კეთილისა აღსაშენებლად“[რომ. 15,2]. კრძალულება ყოველსავე შინა კეთილ არს და უმეტესად მარხვასა და ლოცვასა, ვითარცა იტყვის სამღთო მოციქული: „ლოცვასა განკრძალულ იყვენით“(რომ. 12,12). ხოლო მარხვასა რა მოვითმენდეთ, არა მმარხველთა ნუ დავაბრკოლებთ. ვითარცა წერილ არს: „მჭამელი მმარხველსა ნუ შეურაცხ ჰყოფ და მმარხველი მჭამელსა ნუ განიკითხავნ“[რომ. 14,3].
რამეთუ იყო ვინმე ბერი მმარხველი, მლოცველი, მომთმინე, ღმრთისა მადლითა სათნოებათა წარმმართებელი და ზეგარდამო გამოცხადებისა მხილველი, რომელსა განწესება ესევითარი აქუნდა, რომელ მრავლითა მოთმინებითა იმარხვიდა და ილოცვიდა ღმთისა მიმართ და მეცხრესა ოდენ ჟამსა სჭამდა სამსა პაქსიმადსა და სმიდა ლიტონსა წყალსა სადიდებელად ღმრთისა.
დღესა ერთსა მივიდა ვინმე ძმაჲ და მან სიყვარულით შეიწყნარა და ლოცვა წართქვეს, ვითარცა ჩვეულება არს ღმრთისმსახურთა. და უბნობდენ თაფლისა უტკბილესითა სიტყვითა, მადლით შეზავებულითა, სარგებელად სულისა. და მოიწია რა მეცხრე ჟამი, დააგო ბერმან ტაბლა სიყვარულისა და ძმასა მასცა მიართვა სამი პაქსიმადი, ვითარცა შესჭამნა იგინი ძმამან, სცნა ბერმან, ვითარმედ კვალადცა ჰნებავს ჭამად და მოართუა სხუაცა სამი პაქსიმადი. და ვითარცა სრულ ჰყვეს ჭამაჲ, მადლობა შესწირეს ღმერთსა.
მერმე გულსა შინა თვისსა განიკითხა ძმა იგი მოსრული ბერმან და ჰრქუა მას: „არა ხამს, ძმაო, ესრეთ შედგომა ჴორცთა განსვენებისა“. ხოლო ძმამან მან მიითვალა მხილება იგი მადლობით და შენდობა ითხოვა და წარვიდა.
ხოლო ხვალისა დღე მოიწია რა მეცხრე ჟამი, ილოცა ბერმან და შესჭამნა სამნი პაქსიმადნი, და კვალადცა ჰშიოდა ძლიერად, გარნა მოითმინა იძულებით. ესრეთვე უკუჱ სხუასაცა დღესა შეემთხვია უმეტესი შიმშილი და კვალადცა მოითმინა მრავლითა სულმოკლებითა.
მაშინ სცნა, ვითარმედ დატევებულ იქმნა ღმრთისა შეწევნისაგან და დააგდო თავი თვისი წინაშე ღმრთისა და ცრემლით ევედრა, რათა გამოუცხადოს მიზეზი დატევებისა მისისა. და აჰა, ესერა წარმოუდგა მას ანგელოსი უფლისა და ჰრქუა: „ამისთვის შეგემთხვია შენ ეგე, რომელ განიკითხე ძმა იგი და დააბრკოლე. უწყოდე, ვითარმედ ვისცა რაჲ ძალუძს მარხვა, ანუ მოთმინება, გინა რაჲცა კეთილი საქმე, არა თვისითა ძალითა შემძლებელ არს, არამედ სახიერისა ღმრთისა მადლითა, რამეთუ იგი განაძლიერებს კაცსა მოთმინებად, რომელი არს კურთხეულ უკუნისამდე“.
ხოლო ღირსი იგი ბერი განისწავლა ანგელოსისა მიერ და შეინანა ცთომა თვისი და კვალად მოეგო წესსავე ზედა თვისსა და ადიდებდა ღმერთსა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიღოთ სამღთო გულისჴმისყოფა წმიდათა წერილთაგან და კრძალულება ყოველსა შინა, რათა არა თავთა ჩვენთა მივენდვნეთ და უთმინოებითა ჩვენითა წარვსწყმიდოთ სასყიდელი ჩვენი. არამედ ჩვენ გულსმოდგინე ვიქმნეთ და ზეგარდამო ვითხოოთ მოთმინებისა და ყოვლისა სათნოებისა მადლი, რამეთუ მის მიერ არს ყოველი ნიჭი სრული მოცემად მამისაგან ნათლისა და საყვარელისა ძისა მისისა, რომელი არს ხატი და ბრწყინვალება, მზე სიმართლისა, და ყოვლადწმიდისა და ცხოველსმყოფელისა სულისა. და ესრეთ მის მიერ მონიჭებულითა სათნოებათა მადლითა მისსავე მეუფებასა ვჰმსახურებდეთ, რამეთუ „თვინიერ მისსა არარაჲ ძალგვიძს ყოფად, არცაღათუ თქმად – უფალი იესო, გარნა სულითა წმიდითა“[1 კორ. 12,3].
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, გულსმოდგინედ შევიკრძალოთ სათნოება და მოვიგოთ სათნოებათა შემკრებელი მოთმინება. და აღმოვაცენოთ მოთმინებისა ყუავილი – მარხვა უვნებელი და წარმოვაჩინოთ მარხვისა ნაყოფი – ლოცვა წმიდა. და ესრეთ სათნო ვეყვნეთ ამათ ყოველთა კეთილთა მიზეზსა და მომნიჭებელსა ღმერთსა და ღირს ვიქმნეთ ზეცისა სასუფეველისა დიდებასა და დიდად შვენიერსა ბრწყინვალებასა. და დაუსრულებელად ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა, რომელი კურთხეულ არს და დიდებულ საუკუნითგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
დასასრuლი მეოთხისა თავისა