თხრობა სულიერი მა [41]. მარხვისათვის კეთილისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „შევედით იწროსაგან ბჭისა, რამეთუ იწრო არს ბჭე და საჭირველ გზა, რომელი მიიყვანებს ცხოვრებასა“[მთ. 7,13-14]. საყვარელნო, ესე არს ესე მარხვისა მოღვაწებისათვის მცნება, დაღაცათუ საჭირველად ჴორცთა სჩანს მარხვაჲ, გარნა ფრიადი განსვენება არს სულისა და სასოებითა კეთილითა სახარულევან გულისა და სიმრთელე ჴორცთა. მარხვა დედა არს სიწმიდისა, ყუავილი სათნოებისა, ნაყოფი ლოცვისა, საუნჯე სასუფეველისა, სათნო უფლისა, მსგავსება ანგელოსთა, საქმე წმიდათა და ძღვენი არს პატიოსანი შეწირულ წინაშე ღმრთისა. რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი, განათლებული გულითა, ბრძენი გონებითა, მოღვაწე ჴორცითა, განშვენებული მოწყალებითა და განბრწყინვებული სულითა, სახელით მარკოზ. რომელსა ესევითარი კანონი და განწესება ეპყრა, რომელ სამეოცსა წელიწადსა, ყოველსა შვიდეულსა იმარხვიდა უვნებელად, თვინიერ წმიდისა კვირიაკისა. ვიდრეღა საგონებელ იყო თუ უჴორცო არს და საკვირველ ყოველთა შორის ანგელოსებრივი მოქალაქობა მისი. და ილოცვიდა ყოვლადგანათლებულისა გულითა და ლოცვა მისი წმიდა აღვიდოდა, ვითარცა საკმეველი წინაშე ღმრთისა. ხოლო დღისით და ღამით იქმოდა ჴელთსაქმარსა ლოცვითურთ და განუყოფდა მას გლახაკთა მოწყალებად და არაოდეს რაჲ მიიღის ვისგანმე, რამეთუ იხსენებდა სიტყვასა მას მოციქულისასა, ვითარმედ: „უმჯობეს არს მიცემა, ვიდრე მოღებისა“[საქ. 20,35]. ამის ნეტარისა სათნოება ესმა ვისმე ქრისტეს მოყვარესა ერისკაცსა. და მოართუა მას მცირეოდენ ვეცხლი და ჰრქუა: „მიიღე ესე, მამაო პატიოსანო, სახმრად სიწმიდისა შენისა“. ხოლო მან არა მიიღო, არამედ ჰრქუა: „გაკურთხენ შენ უფალმან, შვილო საყვარელო, ეგე წარიღე და მიეც გლახაკთა სიყვარულად, რამეთუ ჴელთსაქმარი ჩემი კმა არს ჩემდა გამოსაზარდელად და მათდაცა, რომელნი მოვიდოდიან ჩემდა ღმრთისათვის“. და ესრეთ უვნებელობით ადიდებდა ღმერთსა. იხილეთ, საყვარელნო, წმიდისა ამის მამისა სათნოებათა სიმაღლე, და ჩვენ რაჲმე ვჰყოთ უძლურთა და გლახაკთა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ჩვენცა ძალისაებრ ჩვენისა ვიმარხოთ მარხვა – პატიოსანი ძღვენი და უვნებლი სათნოება. და ჴელითა ჩვენითა ვმუშაკობდეთ და ნაშრომთაგან სიმართლისა ჩვენისათა გლახაკთა შევიწყნარებდეთ, მშიართა გამოვზრდიდეთ, შიშველთა შევმოსდეთ, უძლურთა შევეწეოდეთ, ქვრივსა და ობოლსა ჴელსა აღუპყრობდეთ, მკუდართა დაფლვასა ზედა შეწევნასა ნუ უღირს ვიჩენთ, სიმართლით და სიწმიდით ვიქცეოდეთ, ეკკლესიასა ნუ დავაკლდებით, მღუდელთა პატივ ვსცემდეთ. ხოლო ამათ სათნოებათა რა ვიქმოდეთ კეთილითა გონებითა, არა შორს ვიყვნეთ ჩვენცა სასუფეველისაგან ღმრთისა და წმიდათა მამათა თანა სავანეობისა. რამეთუ მარხვა ჯერ არს ჩვენდა, საყვარელნო, ყოველთაგან ვნებათა განშორება სულისა წარმწყმედელთა და შეკრძალვა საცნობელთა ჩვენთა და კეთილად წარმართება ცხოვრებისა ჩვენისა და სხუათაცა სულთა სარგებელ ყოფა. და ესე არს ჭეშმარიტი ქრისტეანებრივი მარხვა, სათნო უფლისა და მომატყვებელი ჩვენდა უოხჭნოსა გვირგვინისა. ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, ქრისტესა მეუფესა ჩვენსა მივემსგავსნეთ მარხვისა სათნოებითაცა, ვითარცა მან თავადმან იმარხა ორმოცი დღე და ჩვენ სახედ მოგვცა საქმითი მცნება მარხვისა, რათა ვჰბაძვიდეთ სათნოებასა მისსა კეთილსა. ამისთვის სიხარულით შევიტკბოთ, ჵ, ძმანო, მარხვა უვნებელი, საუნჯეთა ჩვენთა განმამრავლებელი, გლახაკთა ჴელთა განმაშვენებელი, ლოცვისა წმიდისა შემწირველი, სასუფეველსა შინა გვირგვინისა განმზადებელი, ანგელოსთაებრ ცხოვრებითა განმანათლებელი და უფლისა სიყვარულითა განმაბრწყინვებელი, რათა უფლისა მობაძავნი, უფლისა თანა ვიხარებდეთ დაუსრულებელად, ქრისტე იესოს მიერ მაცხოვრისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.