თხრობა სულიერი მბ [42]. მარხვისათვის პატიოსნისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ნეტარ ხართ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ“[ლკ. 6,21]. საყვარელნო, ესე სამღთო ნეტარება არს პატიოსნება მარხვისა, რამეთუ თვით თავადმან, მაცხოვარმან ჩვენმან, იმარხა ორმეოცი დღე და მერმე შეემშია, რათა ჩვენ გვასწაოს უვნებელობა მარხვისა. რამეთუ მარხვა არს მშობელი სიწმიდისა, მარხვა არს ყუავილი სათნოებისა, მარხვა საუნჯე არს მოწყალებისა და მარხვა ლოცვისა თანა შეერთებული, ძღვენი არს პატიოსანი წინაშე ღმრთისა შეწირული, საყნოსელად სუნად სუნნელად, ვითარცა ჰგალობს მეფსალმუნე: „წარემართე ლოცვა ჩემი მარხვითა, ვითარცა საკმეველი შენ წინაშე, უფალო“[ფს. 140,2]. რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი, რომელიცა ხუთ-ხუთით Iიმარხვიდა და IIლოცვასა მხურვალესა აღავლენდა ღმრთისა მიმართ და IIIჴელთსაქმისაგან არაოდეს დასცხრებოდა და სიმართლით მოგებულსა თვისსა IVმოწყალებად მისცემდა გლახაკთა. ოთხითა ამით სათნოებითა წმიდა იქმნა და საუკუნო ნეტარება მიიღო. და პატიოსნებით ამაღლებული ზეცისა სასუფეველისა დიდებასა განისვენა და უკუდავებითა იხარებს დაუსრულებელსა საშვებელსა შინა ბრწყინვალებითა ღმრთისათა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, შევიტკბოთ ჩვენცა მარხვა უბიწო, სამოთხისა ყვავილთაებრ შვენიერმყოფელი სულისა. დაღაცათუ ხუთ-ხუთით არა ძალგვედვას მარხვაჲ, არამედ გულს­მოდგინება ვაჩვენოთ შეძლებისაებრ ჩვენისა და მოვიგოთ Iმარხვა უვნებელი, IIლოცვა წმიდა, IIIჴელთსაქმარი – სიმართლით და IVმოწყალება – სიყვარულით, რათა ჩვენცა წმიდა ვიქმნეთ სულითა. და ვითარცა გან­რღვეული ზე კიდებული ოთხთაგან მოიღეს იესოსა, ეგრეთვე ჩვენცა ვნებათა მიერ განრღვეული სული ჩვენი ოთხითა ამით სათნოებითა მივიღოთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩვენსა. და გვესმას ყოვლადტკბილი და საწადელი ჴმა მისი, ვითარმედ: „შვილო, მიგეტევნენ ცოდვანი შენნი“[მთ. 9,2; მრკ. 2,5], და ოდეს მოგვეტევნენ ცოდვანი ჩვენნი, მაშინ წმიდა ვიქმნეთ და განწმედილთა შორის ღმერთი დაემკვიდრების. ვითარ იგი იტყვის წმიდა მოციქული: „თქვენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ“[1 კორ. 3,16], ვითარცა სთქუა ღმერთმან: „დავიმკვიდრო და ვიქცეოდე მათ შორის“[2 კორ. 6.16; ლევ. 26.12]. და დავით ჰგალობს: „უფალო, წმიდასა შინა არს გზაჲ შენი“[ფს. 76,14]. საყვარელნო, მარხვა არა ჭამადთა ზედა ოდენ გამოისახვის, არამედ ყოველთა ზედა ვნებათა. რამეთუ რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკეთუ პურსა არა სჭამდეს და ძმისა ჴორცსა სჭამდეს, რომელ არიან: განკითხვა მოყვსისა, ცილისწამება, შური, მტერობა, მიუტევებლობა და ყოველითავე შეწუხება ძმათა, რომელთათვის ქრისტე მოკუდა, ვითარცა ჰურიანი იმარხვიდენ ხენეშად, რომელნი იტყოდეს: „არა ვსჭამოთ პური, ვიდრე არა მოვჰკლათ პავლე“[საქ. 23,14]. ჵ, სიბოროტეღა ესე. არამედ ჩვენ, საყვარელნო ქრისტეანენო, ვიმარხოთ მარხვა უვნებელი, განშორებელი ყოვლისაგანვე ცოდვისა და შეწუხებისაგან მოყვსისა. და მოვიგოთ ლოცვა უბიწო ბრალისაგან, ესე იგი არს, რომელთა ჩვენდა მომართ აქუნდეს ბრალი რაჲმე, მიუტევოთ სრულის გულითა ცთომანი მათნი, რათა ჩვენცა მოგვიტევნეს ყოვლადსახიერმან ღმერთმან შეცოდებანი ჩვენნი. და რომელნი გვთხოვდენ მოწყალებასა, ვისმინოთ მათი და მივსცეთ ქველისსაქმე, რათა ლოცვაცა ჩვენი შეისმინოს ყოვლადმოწყალემან ღმერთმან და მოგვცეს თხოვაჲ გულისა ჩვენისა, ერთისა წილ ასი და ცხოვრება საუკუნო. და დაუსრულებელად ვიშვებდეთ ბრწყინვალითა გვირგვინითა სასუფეველსა ცათასა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.