თხრობა სულიერი მგ [43]. მარხვისათვის და ლოცვისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „არა პურითა ხოლო სცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა“(2 სჯ. 8,3; მთ. 4,4); [ლკ. 4,4]. საყვარელნო, ვითარცა საზრდელი აცოცხლებს სხეულსა, ეგრეთვე მარხვა ზრდის სულსა და ნაყოფიერ ჰყოფს ლოცვა წმიდა. ამისთვისცა მმარხველისა ლოცვა ფრთოვან არს და ამაღლდების უბიწოჲ და მიიწევის სასმენელთა უფლისა საბაოთისთა და ჰგალობს: „გული წმიდა დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო“(ფს. 50,12). და განწმედილი გულითა იხილავს პირსა ღმრთისა იაკობისსა და მის მიერ გამობრწყინვებულითა სიტყვითა იშვებს, და განათლდების სულითა და ექმნების საზრდელ სულიერ. ხოლო ესევითარი კაცი ღმრთისა მარადის განიცდის სამსჯავროსა და შემსჭუალულ არს ღმრთისადა გულითა და გონებითა. რამეთუ იყო ვინმე ბერი ყოვლადსანატრელი: წმიდა, უმანკო, წრფელი, უვნებელი, მმარხველი, მლოცველი და მოშიში ღმრთისა, რომელსა ესევითარი აქუნდა მოქალაქობა, რომელ ოცსა წელიწადსა არა დასწვა ცხედარსა ზედა, არამედ სკამსა ზედა, სადა იგი ზინ და იქმან ჴელთსაქმარსა, რომლისაგან ჰყოფდა მოწყალებასა. მჯდომარემან მცირედ მიირულის და მეყსეულად აღსდგის დიდებისმეტყველებად ღმრთისა. და იმარხვიდა იგი ოდესმე ორ-ორით და ოდესმე ოთხ-ოთხით და ოდესმე ხუთ-ხუთით. და ოდესცა მიიღებდა საზრდელსა, ერთი ჴელი აღიპყრის ლოცვად ღმრთისა მიმართ და მეორითა ჴელითა სჭამნ. ჰკითხა მას მოწაფემან მისმან, ვითარმედ: „რაჲსათვის ესრეთ ჰყოფ, ღმერთ­შემოსილო მამაო პატიოსანო?“ ხოლო მან ჰრქუა: „ამისთვის ვჰყოფ, შვილო საყვარელო, რამეთუ სასჯელი ღმრთისა სდგას წინაშე თუალთა ჩემთა და მეშინის“. იხილა ოდესმე ამან წმიდამან ბერმან მოწაფე თვისი გართხმით მწოლარე და მძინარე. დასდგა და იწყო ტირილად მეტყველმან, ნეტარ სადამე არს გულისსიტყვა ამისი, რომელ ესრეთ უზრუნველად სძინავს. და იქმნა ოდესმე, ჰყვეს ლოცვა ზოგად და შესცილდა მოწაფესა სიტყვა რაჲმე ფსალმუნისა. და ვითარცა აღასრულეს ლოცვაჲ, მაშინ ჰრქუა წმიდამან ბერმან სიტკბოებით: „ღმრთივსულიერო შვილო ჩემო საყვარელო, მე უღირსი ესე ოდეს ვჰყოფდე ლოცვასა ჩემსა, ესრეთ ვჰგონებ თუ ცეცხლსა შინა ვსდგავარ და ვიწვები და ამის მიზეზით ვერ ძალუძს გონებასა ჩემსა მიდრეკად მარჯულ, გინა მარცხულ. და სადა უკუჱ იყო, საყვარელო, გონება შენი, ვჰყოფდით რა ლოცვასა ჩვენსა, რამეთუ შეგცილდა სიტყვა ფსალმუნისა?! ანუ არა უწყიაა, შვილო, რომელ წინაშე ღმრთისა წარვსდგებით და თავადსა ღმერთსა ვზრახავთ პირისპირ, რომლისა შიშით და ზარით სძრწიან ხერუვიმ-სერაჶიმნი, რომელი არს კურთხეულ უკუნისამდე. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, გულისჴმა ვჰყოთ მარხვისა და ლოცვისა ძალი და სიმაღლე საზომისა მისისა პატიოსნებისა. და შევიტკბოთ ჩვენცა, ძმანო, მარხვა უვნებელი და ლოცვა წმიდა, რომელ ორნი ესე კეთილნი სათნოებანი, ფრთე ექმნებიან სულსა ჩვენსა, რომლითა ავმაღლდებით ზეცისა სიმაღლესა. და უკეთუ მუნ გვეპოვოს ჩვენ მიერ ქმნილი მოწყალება დაუნჯებული და იგი გან­გვაბრწყინვებს უფროს ოქროჲსა და ვეცხლისა ათასეულისა და ღმრთივშვენიერითა გვირგვინითა განგვანათლებს უფროს მზისა შარავანდედისა, რამეთუ თვით თავადი მზე იგი სიმართლისა, ბრწყინვალება დიდებისა, ხატი არსებისა, ბეჭედი უცვალებელი, ძე საყვარელი მამისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ტკბილი მაცხოვარი, იქმნების თანამეინახედ ჩვენდა, ვითარ იგი თვით ჭეშმარიტი სახიერი და კაცთმოყვარე ტკბილი უფალი ბრძანებს: „სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს“(იო. 12,26). ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, სიწმიდით და ღირსებით ვჰმსახუროთ უფალსა ჩვენსა, რათა მის თანა ვჰსუფევდეთ. და უკეთუ გვსურის მისთანა სუფევა, შევიტკბოთ სათნოებათა ყუავილი – მარხვაჲ და მარხვისა ნაყოფი – წმიდა ლოცვაჲ, რათა აქაცა ანგელოსებრივი მოქალაქობა გვაქუნდეს და მუნცა ანგელოსთა თანა უგალობდეთ ზოგადსა მეუფესა, დაუსრულებელად, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.