თხრობა სულიერი მდ [44]. ჯეროვანისა მარხვისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „რომელმან ჰყოს და ასწავოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა“(მთ. 5,19). საყვარელნო, ესე არს ჭეშმარიტი მოძღვრება, რომელ კაცმან პირველად თვით ჰყოს სამღთო მცნება საქმით და ესრეთ სხუათაცა ასწაოს ტკბილითა სიტყვითა, და მსგავსება არს ესე ქრისტესი. ვითარცა წერილ არს: „ხოლო იესო იწყო ყოფად და სწავლად“[საქ. 1,1], რამეთუ თვით თავადმანცა ჰყო ღმრთივშვენიერი სათნოებანი და ჩვენცა გვასწავებს კეთილი მწყემსი, სახიერი მოძღვარი და ტკბილი უფალი, საცხოვნებელად სულთა ჩვენთა და იტყვის: „ნეტარ ხართ უკეთუ ყოფდეთ ამას... გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა“(იო. 13,17; მთ. 5,12). რამეთუ ესევითარი ტკბილი მოძღვარი იყო წმიდა და ღმერთშემოსილი მამა ჩვენი დიდი ანტონი, ვარსკულავი უდაბნოსა, მნათობი მონასტერთა, კანონი მონაზონთა, სანთელი გულისჴმისყოფისა და ლამპარი დაფარულთ­მცნობელობისა. რომელიცა ჯეროვანად იმარხვიდა ოდესმე ორ-ორით, ოდესმე სამ-სამით, ოდესმე ოთხ-ოთხით და ოდესმე ხუთ-ხუთით, ვითარცა ჰშვენოდა ეკკლესიასა ღმრთისასა. და ეგრეთვე თვის მიერ ქმნულთა სათნოებათა, ასწავებდა შვილთა თვისთა სულიერთა, საქმითა და ჭეშმარიტებითა მოძღვრიდა. და იყო ვინმე ერისკაცი მონადირე ღმრთისმოშიში, ეკკლესიათა პატივისმცემელი, წმიდათა მსასოებელი და სათნოებათა მოსურნე, რომელიცა მივიდა მონასტერსა წმიდისა ანტონისასა დღესასწაულსა ეკკლესიისა მიერ პატივცემულსა. შემდგომად ლოცვისა და სამღთოსა წირვისა, ისადილეს ძმათა სიყვარული, და ვითარცა ჰშვენოდა ჯეროვნად ნუგეშინის იცეს სადიდებელად ღმრთისა. რომელიცა ესე იხილა რა ერისკაცმან, განიზრახა გულსა შინა თვისსა, ვითარმედ: „აჰა, ესერა მონაზონნიცა ნუგეშინისცემასა შინა არიან“. ხოლო მამამან ანტონი გულისჴმა ჰყო, დაფარულთმცნობელობისა მადლითა და ჰრქუა კაცსა მას: „ძმაო, შედევ ისარი შენი შვილდსა მაგას შინა და მოიზიდე“. ხოლო მან ჰყო ეგრეთ. ჰრქუა მას ანტონი: „კვალად მოსწიე“. და მან კვალადცა მოსწია. ჰრქუა მას ანტონი: „და კვალადცა მოსწიე“. მიუგო კაცმან მან: „წმიდაო ღმრთისაო, უკეთუ უმეტეს ზომისა მოვსწიო, განტყდების“. ჰრქუა მას წმიდამან ანტონი: „ეგრეთვე ჩვენცა, შვილო, უკეთუ უმეტეს ზომისა ვიმარხოთ და ვიღვაწოთ, განვტყდებით და შევიმუსრვით“. ხოლო მან შეინანა გულისსიტყვა თვისი ცთომილი, და წმიდამან ასწავა კეთილწესიერება მარხვისა და წარგზავნა მშვიდობით დიდებად ღმრთისა. ვისწაოთ ჩვენცა, საყვარელნო, ჯეროვანი მარხვა პატიოსანი და წესიერი, ნუგეშინისცემა უვნებელი, რამეთუ ხუთთა დღეთა შინა ჰშვენის კაცად კაცადსა ძალისაებრ და გულსმოდგინებისა მარხვაჲ. ხოლო შაბათ-კვირიაკეთა და ჩინებულთა წმიდათა დღესასწაულთა, უცოდველი ნუგეშინისცემაჲ; ორკერძოვე დიდებად ღმრთისა, ვითარცა იტყვის სამღთო მოციქული: „გიხაროდენ მოხარულთა თანა სულისა ნაყოფითა და სტიროდეთ მტირალთა თანა ჟამიერითა მარხვითა“[რომ. 12,15]. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ ჩვენცა ჟამიერი მარხვა ჴელთსაქმრისა თანა, რომლითა ვიქმოდეთ მოწყალებასა. და ვიხმიოთ უცოდველი ნუგეშინისცემა გონებით ლოცვისა თანა, სადიდებელად ღმრთისა. რამეთუ ნაყროვნება და მთვრალობა ყოველსა ჟამსა ბოროტ არს, ხოლო მარხვისა პატიოსნება და ყოველსა შინა კრძალულება, სამარადისოდ კეთილ არს. ყოველსავე კეთილსა თვისი ჟამი აქუს. ხოლო სიბოროტისათვის და ცოდვისა ჟამი არაოდეს განჩინებულ არს. ჰე, გევედრები, ძმანო ჩემნო საყვარელნო, მარადის კეთილსა ვიქმოდეთ და ვნებისათვის, ნურაოდეს მოვაცალებთ გონებასა ჩვენსა. არამედ სათნოებითა და სულიერისა სიხარულითა ვიხარებდეთ, ვითარცა იტყვის: „მარადის გიხაროდენ, მოუკლებელად ილოცევდით, ყოველსა შინა მადლობდით“(1 თესალ. 5, 16-18). დაღაცათუ პურის ჭამასა შინა ვიყვნეთ, გარნა გონებითა ვილოცვიდეთ, და ღმრთისა ხედვითა განათლებულნი მადლობასა აღვავლენდეთ, რათა ესრეთ კეთილითა ცხოვრებითა ღირს ვიქმნეთ სასუფეველისა დიდებასა და დაუსრულებელსა სიხარულსა, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.