თხრობა სულიერი მვ [46]. წმიდისა ზიარებისათვის
ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მე ვარ პური ცხოვრებისა, რომელი ზეცით გარდამოვხედ; უკეთუ ვინმე სჭამოს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ სცხონდეს უკუნისამდე“[იო. 6,51].
საყვარელნო, ამის საიდუმლოჲსათვის გული უთქუამსთ ანგელოსთა ჭვირობად [I პეტ. 1,12], ამის საიდუმლოჲსაგან სძრწიან ხერუვიმ-სერაჶიმნი; ამის საიდუმლოჲსა ღირსებით ზიარებულნი, ქრისტესა მივეახლებით, და მისითა მადლითა განმღრთობილნი, წმიდათა კაცთა მივემსგავსებით, რომელი ესე ყოველთავე ღირსთათვის სურვილით სანატრელ არს, სასოებით საძიებელ და სარწმუნოებით საწადელ.
რამეთუ იყო ვინმე ბერი ყოვლადღირსი და პატიოსანი მლოცველი, რომელი იყოფოდა მრავლითა მოღვაწებითა პირსა იორდანისასა. მოიდრიკა მუნ ასი მუხლი და წარვიდა სინა მთასა. სრულ ჰყო შვიდეული და აღსაარებით განწმედილი, შაბათსა ეზიარა წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა, და მიიღო საზრდელი. და მუნცა ჰყო მეტანია და წარვიდა მარხული, ვიდრე ალექსანდრიად მინა წმიდასა. და მეორესა შაბათსა ეზიარა ღირსებით ყოვლადპატიოსანსა ქრისტეს სისხლსა და ჴორცსა, და მიიღო საზრდელი.
და კვალად მუნცა ჰყო მეტანია და წარვიდა მარხული წმიდად იერუსალიმად, და მესამესა შაბათსა ეზიარა სიწმიდითა გულისათა ცხოველსმყოფელთა საიდუმლოთა, და მიიღო საზრდელი.
ესრეთ გულსმოდგინე იყო ნეტარი იგი და განძლიერებულ ღმრთისა სიყვარულითა, და ყოვლადტკბილი იესო დამკვიდრებულ იყო მის შორის განმხნობად, რომელ ესოდენსა გზისა სიშორესა, ვლო ფერჴივ და სლვასა შინა ლოცვისაგან არა დასცხრებოდა. და მეტანიით მაშვრალი, სამსა შვიდეულსა შინა წმიდათა მარხვათასა, სამგზის ეზიარა ღმერთმყოფელთა საიდუმლოთა და სამგზის მიიღო საზრდელი სადიდებელად ღმრთისა.
აწ უკუჱ საყვარელნო, ვინათგან წელიწადი ორმეოცდარვა შვიდეული არს, ეგრეთვე წმიდა და პატიოსანი დიდმარხვა ორმეოცდარვა დღე არს.და ჯერ არს ჩვენდა, რათა თვითოეულსა შვიდეულსა შინა ქმნილნი შეცოდებანი ჩვენნი, თვითოეულსა დღესა მარხვისათა შევინანნეთ გულსმოდგინებითა ჩვენითა, და მოწყალე გვექმნეს მოტევებად კაცთმოყვარე ღმერთი სახიერებითა თვისითა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, გულსმოდგინე ვიქმნეთ, წმიდათა მარხვათა შინა უმეტესად და ნუ დავაკლდებით სამღთოსა მოქალაქობასა. ეკკლესიათა ღმრთისათა პატივს ვსცემდეთ სანთლითა, საკმეველითა და შესაწირავითა. სასოებით ვისმენდეთ წირვასა, ლოცვასა და მოძღვრებასა. აღსაარებითა განვიწმიდოთ სული ჩვენი, და გულითა კეთილითა შევიწყნაროთ და აღვასრულოთ კანონი მოძღვრისა მიერ მოცემული, და სინანულითა განწმედილნი ვეზიარნეთ ქრისტეს სერობასა. არა იუდასებრ დავისაჯნეთ უღირსად მიღებითა, არამედ იოანე ღმრთისმეტყველისაებრ განვნათლდეთ წმიდის გულით ზიარებითა.
რამეთუ თვინიერ წმიდისა ზიარებისა ვერვინ იხილავს დიდებასა ღმრთისასა. ვითარცა უფალი ბრძანებს: „უკეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისა და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდესთ ცხოვრება თავთა შორის თქვენთა“(იო. 6,53).
გარნა არა ლიტონად ჯერ არს მიახლებად, ძმანო, საშინელთა მათ საიდუმლოთა, არამედ მრავლითა კრძალულებითა და სიწმიდითა, რამეთუ იტყვის მოციქული: „გამოღაიცადენ კაცმან თავი თვისი და ესრეთ პურისა მისგან სჭამენ და სასუმელისა მისგან სუნ, ხოლო რომელი არა ღირსად სჭამდეს და სმიდეს, დასასჯელად თავისა თვისისა სჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცნი უფლისანი“(1 კორ. 11,28-29).
ხოლო ჩვენ, საყვარელნო, გულითა წმიდითა და სულითა შემუსრვილითა და გონებითა მდაბლითა განკრძალულნი ვეზიარნეთ წმიდათა საიდუმლოთა, რათა მსხვერპლ ღმრთისა ვიქმნეთ ყოვლად შეწირულ, ვითარცა იტყვის: „მსხვერპლი ღმრთისა არს სული და გული შემუსრვილი და დამდაბლებული, ღმერთმან არა შეურაცხ ჰყოს“[ფს. 50,19]. არამედ წიაღთა თვისთა შეგვიტკბოს და შეგვიერთოს და სუფევასა თვისსა ზიარგვყოს მეტყველმან: „მე თქვენ შორის, და თქვენ ჩემ თანა“[იო. 15,4]. მისსა დიდება, პატივი და თაყვანისაცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.