თხრობა სულიერი მზ [47]. წმიდისა ლოცვისათვის ღმრთისა თანა მზრახველისა
ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ესრეთ ილოცვიდეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა“(მთ. 6,9) და შემდგომი ამისი.
საყვარელნო ძმანო, ლოცვა ღმრთისა შვილებასა დაგვიმტკიცებს, ლოცვა ანგელოსთა მიგვამსგავსებს, რამეთუ ვითარცა ანგელოსნი უგალობენ ღმერთსა: „წმიდაო, წმიდაო, წმიდაო, უფალო საბაოთ!“(ლიტურგია) ეგრეთვე ჩვენცა ვიტყვით: „წმიდა იყავნ სახელი შენი, ღმერთო“[მთ. 6,9; ლკ. 11,2]. ლოცვა ჭეშმარიტი ყოველსავე კეთილსა მოგვანიჭებს, ბოროტთაგან გვიხსნის და ეშმაკთა განგვაშორებს.
რამეთუ წმიდა და სანატრელი ღმერთშემოსილი, მამა ჩვენი მაკარი, მივიდა მონასტერსა რომელსამე განგებითა ღმრთისათა. და იხილა ერთისა ძმისა სენაკი ეშმაკთაგან აღსავსე და სცნა ეშმაკნი იგი, რომელ ულოცაობისანი იყვნეს. და შევიდა სენაკსა მას და მუხლთმოდრეკით შეუვრდა მას შინა მყოფსა ძმასა და ჰრქუა: „გევედრები, ღმრთივსულიერო ძმაო, ვნებათაგან ვიმძლავრები ფრიად, ჰყავ სიყვარული მცნებისათვის უფლისა, და ღამესა შინა ერთი მამაო ჩვენო ჩემთვის ილოცე“. ხოლო ძმამან მან აღუთქუა ყოფად ესე მრავლისა მისთვის ვედრებისა. და აღსდგა მას ღამესა და ილოცა ერთი მამაო ჩვენო მისთვის. მერმე ჰსთქუა: „უბადრუკო თავო ჩემო, წმიდისა მის ბერისათვის ილოცავ და სულისა შენისათვის არა ილოცავაა?!“ და მეორეცა მამაო ჩვენო ილოცა სულისა თვისისათვის.
ხოლო შემდგომად ერთისა შვიდეულისა, მოვიდა მამა მაკარი და იხილა, რომელ არღარა არიან ეშმაკნი სენაკსა მას შინა, არამედ გარეგან კარით ებრძვიან. შევიდა და დიდი მადლობა აღუარა ძმასა მას, ვითარმედ: „დიდად მელხინაო ლოცვითა შენითა, ძმაო საყვარელო და გევედრები, ერთი მამაო ჩვენო კვალად შესძინე და ღამესა შინა ორი მამაო ჩვენო ილოცე ჩემთვის“. ხოლო იგი აღსდგის და ილოცავნ ორსა მამაო ჩვენოსა მისთვის და ორსაცა სულისა თვისისათვის.
და შემდგომად კვირიაკისა მივიდა მამა მაკარი და იხილნა ეშმაკნი იგი სიმაღლესა ჰაერისასა განშორებულნი და მუნით ებრძოდენ. შევიდა და უდიდესად მადლობა აღუარა ძმასა მას, და უფროსად ევედრა, ერთისაცა, მამაო ჩვენოსა შეძინებად. ხოლო ძმა იგი აღსდგის და სამი მამაო ჩვენო მისთვის ილოცის ღამესა შინა და სამი თავისა თვისისათვის. და მივიდა რა მამა მაკარი, არღარა სადა იხილნა ეშმაკნი იგი, რამეთუ სრულიად უჩინო ეყვნეს ძალსა ლოცვისა მის მამაო ჩვენოსასა.
მაშინ განუცხადა ესე ყოველი ძმასა მას და ასწავა ჯეროვანი ლოცვაჲ. ხოლო მან მორჩილებითა ისმინა და წარემატა ლოცვითა და იქმნა პატიოსან და წარჩინებულ მლოცველ მადლითა ღმრთისათა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მარადღე ვილოცვიდეთ გულითა წმიდითა, რათა შვილ ღმრთისა ვიწოდნეთ. პატიოსანი მარხვა სიხარულით შევიტკბოთ, და მარხვისა ჩვენისა პურსა მივსცემდეთ მოწყალებად, რამეთუ ლოცვა და მარხვა წმიდა ჰყოფენ სულსა და მოწყალება სიმართლით ფრთე ექმნებიან და აღამაღლებენ სასუფეველად და უფალ ჰყოფენ საუნჯეთა ზედა თვისთა, ვითარცა ბრძანებს, უფალი: „იუნჯებდეთ საუნჯეთა თქვენთა ცათა შინა... რამეთუ სადაცა არს საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი“[მთ. 6,20-21]. და სადაცა ილოცვიდეს გული ჩვენი უეჭველად მუნცა სუფევდეს სული ჩვენი.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, მოვიგოთ ლოცვა სიწმიდით, მარხვა უვნებელობით და მოწყალება სიმართლით, რათა სამითა ამით პატიოსნითა სათნოებითა ავმაღლდეთ და დავემკვიდრნეთ ზეცისა სასუფეველსა და ანგელოსთა თანა სამწმიდაარსობით უგალობდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა, და თუალთშეუდგამითა, მისგან გამომკრთოლვარე ბრწყინვალებითა და ელვარებითა, განვნათლდეთ და მარადის ვმადლობდეთ, ვაკურთხევდეთ და თაყვანისვსცემდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რამეთუ მისი არს სუფევა, ძალი და დიდება საუკუნითგან აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.