თხრობა სულიერი მთ [49]. განსაცდელსა შინა ლოცვისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „იღვიძებდით და ილოცევდით, რათა არა შეხვიდეთ განსაცდელსა“(მთ. 26,41). საყვარელნო, ლოცვამან მოსესმან ზღვა განაპო, ლოცვამან ილიასამან ცაჲ დახშა და კვალად განახუნა, ლოცვამან სახმილი დაშრიტა, ლოცვამან მხეცნი მოამშვიდნა, ლოცვამან ეშმაკნი განსდევნნა და განსაცდელთაგან მრავალნი იხსნნა. ლოცვა წმიდა მახვილი არს ეშმაკთა გულსა განსაწონი, და მანქანებათა მათთა ცეცხლებრ შემწველი და უჩინომყოფელი. რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ყოვლადპატიოსანი, მლოცველი, დამკვიდრებული უდაბნოსა შინა. ოდეს ივლიანე განდგომილმან ეშმაკი წარგზავნა დასავლეთს მანქანებისათვის და ვერაგობისა, მაშინ პატიოსანი იგი ბერი ილოცვიდა, აღეპყრნეს ჴელნი და გონება ზეცად მიმართ და პირისაგან მის წმიდისა გამოვიდოდეს სიტყვანი ღმრთისა დიდებისმეტყველებისანი, მსგავსად ცეცხლისა აღვიდოდეს ღმრთისა მიმართ, და ვერ შეუძლო ბოროტმან ეშმაკმან წარსლვად ლოცვისა მისგან წმიდისა და უკუნ იქცა უქმად სირცხვილეული. და განაცხადა უძლურება თვისი, რომელიცა ესმა მთავარსა ვისმე ღმრთისმოყვარესა. და განუკვირდა ლოცვისა მისისა სიწმიდისა ძალი. ხოლო ეშმაკთა ჭურჭელი იგი ივლიანე, განრისხებული აღსთქუჱმდა აღსპოლვად ყოველთა მლოცველთა. გარნა ლოცვამან წმიდათამან მოსპო იგი ცხოვრებისაგან და მოიკლა ბოროტად და განთავისუფლდა ყოველი ეკკლესია განსაცდელისაგან დიდისა. და მთავარი იგი ღმრთისმოყვარე წარვიდა და ჰპოვა პატიოსანი იგი ბერი და ჴელითა მისითა იკურთხა და შეიმოსა სახე ანგელოსებრივისა მოქალაქობისა და იქმნა მონაზონ რჩეულ და პატიოსან მლოცველ დიდებად ღმრთისა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ოდეს მოიწიოს ჩვენ ზედაცა განსაცდელი რაჲმე: სულიერი, გინა ჴორციელი, ჩვენ მივისწრაფოთ ღმრთისა მიმართ ლოცვისა მიერ და განვამრავლოთ მხურვალე ლოცვაჲ მარხვითურთ, რომელითა მსწრაფლ განვთავისუფლდეთ ყოველთაგან განსაცდელთა, და კეთილთაცა დაგვიუნჯებს ცათა შინა ლოცვაჲ და ვიხსნებით საბრხეთაგან ეშმაკისათა. ვითარცა უფალი ბრძანებს: „ნათესავი ესე არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა“(მთ. 17,21). რამეთუ კაცისა თანა მლოცველისა და მმარხველისა სული წმიდა დაემკვიდრების და ეშმაკი განიდევნების, მისდა მონიჭებულითა ძალითა და ჴელმწიფებითა, დათრგუნვად გველთა და ღრიანკალთა. საყვარელნო, დაღაცათუ ეშმაკნი გვებრძვიან მანქანებითა, გარნა ვერარაჲ ძალუძსთ ეშმაკთა ყოფად თავით თვისით, უკეთუ ჩვენ არა მივსცეთ მათ თავნი ჩვენნი მონად ცოდვისა ქმნითა, ვითარ იგი უფალი ბრძანებს: „რომელმან ჰქმნეს ცოდვა, მონა არს იგი ცოდვისა და ეშმაკისაცა“[იო. 8,34]. და განასხა რა უფალმა ლეგეონი ეშმაკთა კაცისაგან, ევედრებოდეს ეშმაკნი იგი და იტყოდეს: „უკეთუ განმასხამ ჩვენ ამიერ, მაშა გვიბრძანე რათა ღორთა მათ შინა შევიდეთ“[მთ. 8,31]. რამეთუ თავით თვისით ვერცაღათუ ღორთა შესლვად ძალუძსთ და ჩვენდა მომართ ვითარ შემოვლენ?! გარნა ჩვენ მიერ ქმნილი ცოდვაჲ მისცემს მათ ადგილსა ჩვენ შორის დამკვიდრებად და არღარა განიდევნების, თვინიერ ჯეროვანისა სინანულისა და ჭეშმარიტითა ლოცვითა და უვნებელითა მარხვითა. ამისთვის გევედრები, ჵ, ქრისტეს მოყვარენო, მოვიგოთ ჭეშმარიტი ლოცვაჲ, უვნებელი მარხვაჲ და ღირსი სინანული ძლიერი ძალითა გან­მდევნელი და უჩინომყოფელი უძლურებათა მათ ეშმაკისათა და მხიარულმყოფელი ანგელოსთა, ძღვენი პატიოსანი წინაშე ღმრთისა და აღმყვანებელი ჩვენი სასუფეველად და საუკუნოდ მადიდებელი, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.