თხრობა სულიერი ნ [50]. ეკკლესიასა შინა ლოცვისათვის
ღმრთივსულიერნო შვილნო წმიდისა ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი... და მე განგისვენო თქვენ“(მთ. 11,28).
საყვარელნო, დავშვრეთ ლოცვისათვის მხურვალითა ცრემლითა, რათა ქრისტემან განგვისვენოს წიაღთა თვისთა ყოვლადწმიდათა, რომელი იგი კაცთმოყვარე არს ტკბილი უფალი და ყოვლადსახიერი მეუფე.
ხოლო ლოცვა ყოველსა ადგილსა კეთილ არს და სათნო უფლისა, და უმეტესად ეკკლესიასა შინა განწესებული ლოცვა, რომლისათვისცა იტყვის სული წმიდა პირითა დავითისითა: „ეკკლესიასა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა“(ფს. 67,27). ამისთვის საყვარელნო, ეკკლესიისა ლოცვა და სამღთო წირვა ფრიად პატიოსან არს და ღმრთივშვენიერ, და სათანადო არს ყოველთა ქრისტიანეთა, რამეთუ ქრისტემან სისხლითა თვისითა მოიყიდა ეკკლესია და განსწმიდა იგი. და მას შინა აღსრულებული სამღთო წირვა და ლოცვა, არს ვითარცა სვეტი ნათლისა ღმრთივბრწყინვალე, ცადმდე აღწევნილი და ზეცისა საკურთხეველსა თანა შეერთებული, ანგელოსთაგან პატივცემული და თვით თავადისა ღმრთისა მიერ დამტკიცებული, სათნო მსხვერპლი ქებული და დიდებული, რომლისათვისცა ყოველთავე ღმრთისმოყვარეთა გული უთქუამსთ და სურისთ ეკკლესიასა შინა სამღთოსა წირვისა და წმიდისა ლოცვისა შეწირვა და სმენაჲ.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი, დიდად მოყვარე ღმრთისა და ფრიად მოსურნე სამღთოსა წირვისა და ლოცვისა, დამკვიდრებული უდაბნოსა შინა მარტოებით, და მარადის მღაღადებელი ღმრთისა მიმართ ფსალმუნითა და მხურვალითა ლოცვითა, რომლისაგან ესრეთ შორს იყო ეკკლესია, ვითარ ათორმეტ მილიონ, გარნა კვირიაკეთა და დღესასწაულთა მივიდის წმიდად ეკკლესიად სმენად სამღთოსა წირვისა და პატიოსნისა ლოცვისა.
და ოდეს მოხუცდა ნეტარი იგი, განიზრახა თავსა შორის თვისსა, რათა მივიდეს და მახლობელად ეკკლესიისა დაემკვიდროს, რათა არა უმეტესად დაშვრებოდეს. და ვითარცა მოვიდოდა ჩვეულებისაებრ წმიდად ეკკლესიად, მიიქცა და იხილა ვინმე ღმრთივშვენიერი ხილვითა, რომელი შესდგომოდა ბერსა. ჰკითხა მას ბერმან: „ვინა ხარ შენ და რაჲსა ჰყოფ?“ ხოლო მან ჰრქუა: „მე ანგელოსი ვარ უფლისა და მოვივლინე აღრაცხვად ნაბიჯსა შენსა, რათა მოგეცეს სასყიდელი შრომისათვის სამღთოჲსა“.
ესერა იხილა ნეტარებისა ღირსმან ბერმან, ნუგეშინის ეცა ფრიად და უმეტესად გულსმოდგინე იქმნა ღმრთის მსახურებად. წარვიდა და განაშორა სენაკი თვისი სხუასა ხუთსა მილიონსა. და უმოსწრაფეს ვიდოდა ეკკლესიად, რათა უმეტესი მადლი და სასყიდელი მიიღოს ღმრთისაგან შრომისათვის და აკურთხევდა ყოვლადდიდებულსა სახელსა მისსა წმიდასა.
ისმინეთ, საყვარელნო, თუ ვითარ სათნო არს უფლისა სამღთოსა საქმისათვის შრომისა თავსდება და სათნოებისათვის მაშვრალთა განუსვენებს იესო ტკბილი წიაღთა თვისთა წმიდათა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ შეყვარებულნო, შევიდეთ ეკკლესიად და თაყვანისვსცეთ მეუფესა ჩვენსა, რომელსა განუპყრიან წმიდანი ჴელნი თვისნი, ვითარ იგი ჯვარსა ზედა და განუმარტებიეს კაცთმოყვარე წიაღი თვისი და გვიწოდს წყალობისა ჴმითა ტკბილითა მეტყველი: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი სათნოებითა, რათა შეგიტკბო წიაღთა ჩემთა, ვითარცა ძმანი ჩემნი საყვარელნი და მე განგისვენო თქვენ“[მთ. 11,28]. ვითარ იგი სახედ ჩემდა ჰქმნა ძველ ოდესმე შვენიერმან იოსებ. და უკეთუ რომელნიმე ტვირთმძიმეცა იყვნეთ ცოდვისა მიერ, მე არა უღირს ვიჩენ სინანულსა და არცა უკუნ ვაქცევ ცრემლთა თუალთა თქვენთასა, არამედ ვითარცა ნელსაცხებელსა მივითვალავ და წიაღთა ჩემთა შეგიტკბობ და გვერდისა ჩემისა სისხლით და წყლითა განგწმედ და სრულიად უბიწო გყოფ და თავსა ჩემსა თანა შეგიერთებ, საყვარელ ძმად და სარწმუნო მეგობრად ჩემდა გიწოდ [იო. 15,14]. და ვჰხმობ მამისა მიმართ: „მამაო ჩემო ბუნებით, მამა ექმენ ძმათა ამათ ჩემთა მადლითა და სული წმიდა სახიერი შენგან გამომავალი მოჰფინე, რათა ნუგეშინისმცემელი იგი უძღოდეს ქვეყანასა წრფელსა და სიყვარულით ვიდოდენ წმიდად ეკკლესიად ლოცვად და წმიდის გულით იტყოდენ: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი“(მთ. 6,9-10), რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“.
დასასრuლი მეხუთისა თავისა