თხრობა სულიერი ნა [51]. მოწყალებისათვის კეთილისა
ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“(მთ. 5,7).
საყვარელნო, მოწყალება ჭეშმარიტი ღმრთისა მსგავს ჰყოფს კაცსა, ვითარ იგი უფალი ბრძანებს: „იყვენით თქვენ მოწყალე, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა მოწყალე არს“[ლკ. 6,36]. მოწყალება განსწმედს კაცსა ცოდვისაგან, ვითარცა ბრძანებს: „მიეცით მოწყალება და, აჰა, თქვენი ყოველი წმიდა არს“(ლკ. 11,41).
ეჰა, სიმაღლე ამის სათნოებისა, რამეთუ გლახაკთა მიმართ ქმნილსა მოწყალებასა, ქრისტე თვისად მიითუალავს, ვითარ იგი თვით ბრძანებს: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი ყოველი მე მიყავთ“[მთ. 25,40]. ესე იგი არს: „მშიოდა და მეცით მე ჭამადი, მწყუროდა და მასუთ მე, უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე, შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე, სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე, საპყრობილესა ვიყავ და მოხვედით ჩემდა“(მთ. 25,35-36).
ესე ყოველი მოწყალისა გულისაგან იქმნებიან, ძმანო, და ყოველსავე ქრისტე თვისად მიითვალავს. ხოლო მოქმედსა მიანიჭებს მადლსა და გვირგვინსა ბრწყინვალესა და ღმრთივშვენიერსა.
რამეთუ იყო ვინმე კაცი ღმრთისმოყვარე და მცნებათა მისთა აღმასრულებელი კეთილად და გლახაკთა მიმართ ფრიად მოწყალე. დღესა ერთსა შეემთხვია გლახაკი შიშველი, განიძარცვა სამოსელი თვისი კაცმან მან ღმრთისამან და მისცა გლახაკსა მას მცნებისათვის უფლისა. ხოლო გლახაკმან არა შეიმოსა იგი დიდფასობისათვის, არამედ განჰყიდა გამოსაზრდელად სახლეულთა თვისთა. და კაცი იგი მოწყალე შესწუხდა, რომელ არა შეიმოსა სამოსელი მისი გლახაკმან.
და გულსავსე ყოფად მისა გამოუჩნდა მას ჩვენებით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და ჰრქუა სახიერითა და ყოვლადტკბილითა ჴმითა: „მშვიდობა შენთანა, ძმაო, რად შეწუხებულ ხარ? აჰა, ესერა, მე მმოსიეს სამოსელი შენი, რომელი კეთილითა გონებითა მიეც ძმასა მას ჩემსა. სიყვარული მე მივითვალე და მოგცე შენ სასყიდელი ასწილად მას საუკენესა“.
მოეგო კაცი იგი თავსა თვისსა, განკვირვებული ჰმადლობდა კაცთმოყვარებასა ღმრთისასა და ადიდებდა სახიერებასა მისსა. და უფროსად შესძინა მოწყალებასა თვისსა სიყვარული გლახაკთა და მხიარულითა გულითა მისცემდა, ვინათგან „მხიარულებით მისაცემელი უყვარს უფალსა“(2 კორ. 9,7). და სასოებით მოელოდა სასყიდელსა სასუფეველსა შინა ღმრთისა მიერ ყოვლადმოწყალისა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ვიქმოდეთ ჩვენცა ძალისაებრ ჩვენისა მოწყალებასა, კეთილითა გონებითა: მშიარი გამოვზარდოთ, წყურიელთა ვასუათ, შიშველი შევმოსოთ, უცხო შევიწყნაროთ, სნეულსა მივხედოთ, საპყრობილესა მყოფნი ვიხილოთ და ნუგეშინის ვსცეთ, რათა ამათ ნაცვლად მოგვენიჭოს უკუდავება, უხრწნელება, ნათლით შემოსა, გვირგვინოსნობა და საუკუნო დიდება და სუფევა.
ხოლო უკეთუ არა ვჰქმნეთ აქა ესე ადვილნი მცნებანი უფლისანი, ძნელი და მოუთმენელი სასჯელი მიგველის, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „სასჯელი უწყალო არს მათთვის, რომელთა არა ჰყონ წყალობა“(იაკ. 2,13). და ქრისტე, მეუფე ჩვენი გვეტყვის მეორედ მოსლვასა თვისსა მართლმსაჯულებით: „რაოდენი არა უყავთ ერთსა მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ“[მთ. 25,45]. ამისთვის „წარვედით ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და მსახურთა მისთათვის“[მთ. 25,41].
არამედ გევედრები, ჵ, საყვარელნო, ვიდრემდე ცხოვრებასა შინა ვართ, ვიქმოდეთ მოწყალებასა, რათა გვესმას ჴმა იგი ფრიად სანატრელი და ყოვლადსაწადელი და ღმრთივშვენიერი, ვითარმედ: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ სასუფეველი“[მთ. 25,34]. შევედით სიხარულსა უფლისა თქვენისასა, განბრწყინდით უფროს მზისა ელვარებისა, დაიდგით გვირგვინი დიდებისა და მიიღეთ სასყიდელი მოწყალებისა, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი, წყალობითა და მოწყალებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.