თხრობა სულიერი ნგ [53]. მოწყალებისათვის რჩეულისა
ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მიეცით და მოგეცეს თქვენ, საწყაული კეთილი და ზედაგარდათხეული“[ლკ. 6,38]. და სული წმიდა იტყვის პირითა სოლომონისათა: „რომელი სწყალობდეს გლახაკთა, იგი ავასხებს ღმერთსა“[იგ. 19,17].
ეჰა, საყვარელნო, საკვირველი სახიერება და კაცთმოყვარება ღმრთისა, რომელ გლახაკთა მიმართ წყალობასა ღმერთი ვალად თვისად მიითვალავს, და ოდესცა სახმარ იყოს ჩვენდა, მრავლითა სარგებლითა მოგვცემს აქავე ერთისა წილ ასსა და მერმესა მას მიგველის ცხოვრება საუკუნო და სიმართლისა იგი გვირგვინი ყოვლადბრწყინვალე და ღმრთივშვენიერი დიდებად ღმრთისა.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა, ტკბილი, სახიერი და ფრიად მოწყალე გულითა, რომელსა აქუნდა პური ჴელთსაქმრითა თვისითა მოგებული. და იქმნა მას ქვეყანასა სიყმილი, და მოვიდოდეს მისა გლახაკნი მშიარნი და ითხოვდეს სიყვარულსა. ხოლო ბერსა მას ფრიად ეწყალვოდეს გლახაკნი იგი და ჰრქვის მოწაფესა თვისსა: „მიეც, შვილო ჩემო საყვარელო, მომავალთა ამათ ძმათა პური“. და იგი მისცემდა უშურველად. და ყოვლადსახიერმა ღმერთმან იხილა გონებისა მისისა სიკეთე, სათნო იყო და აკურთხა პური მისი და არა მოაკლდებოდა მოწყალებისა მიცემითა.
და შემდგომ იქმნა იაფობა პურისა. გარნა კვალადცა მოვიდოდეს გლახაკნი თხოვად სიყვარულისა ჩვეულებისაებრ და იგი კვალადცა უშურველად მისცემდა.
დღესა ერთსა მოვიდეს გლახაკნი მოწყალებისათვის, და ჰრქუა ბერმან მოწაფესა: „მიეც, შვილო, ძმათა ამათ სიყვარული“. ხოლო მან მიუგო: „გრწმენინ ჩემი, ღმერთშემოსილო მამაო, არღარა არს პური საპურესა ჩვენსა“. ჰრქუა მას წმიდამან ბერმან: „შევედ შვილო და ძიება ჰყავ, რამეთუ ღმერთი ჩვენი სახიერ არს და არა უგულებელს ჰყოფს მონათა თვისთა“. და ვითარცა შევიდა მოწაფე იგი, იხილა, რამეთუ სახლი იგი საპურე აღსავსე იყო პურითა ვიდრე კარადმდე, მადლითა ყოვლადსახიერისა ღმრთისათა და სარწმუნოებით ლოცვითა ღირსისა მის მამისათა. ხოლო იგი სიხარულით მისცემდა გლახაკთა მათ და ადიდებდა ღმრთისა საკვირველთმოქმედებასა.
ამისათვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მივსცემდეთ გლახაკთა მოწყალებასა კეთილითა გონებითა, რათა აკურთხოს ღმერთმან სული და გონება ჩვენი და უმეტესად განანათლოს მადლითა და ბრწყინვალებითა ღმრთაებისა თვისისათა. და ვითარცა აკურთხა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან ხუთნი პურნი და ხუთი ათასნი განაძღნა, ეგრეთვე აკურთხოს ყოველი საცხოვრებელი ჩვენი, რომელთაგან ვიქმოდეთ მოწყალებასა რჩეულსა და პატიოსანსა. და მოგუეცეს ერთისა წილ ასი და ცხოვრება საუკუნო დავიმკვიდროთ.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, ვავასხოთ ღმერთსა გლახაკთა მიმართ მოწყალებისა ქმნითა, რათა სარგებელითა ფრიადითა მოვიღოთ მაშინ, ოდეს მართლმსაჯული იესო დასჯდეს საყდართა დიდებისა თვისისათა, მოიხილოს ჩვენდა ღმრთივშვენიერითა პირითა და გვიბრძანოს ყოვლადტკბილითა და ფრიად საწადელითა ჴმითა: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო“(მთ. 25,34), გამომზრდელნო ძმათა ჩემთანო და მოწყალენო გლახაკთანო და მიიღეთ მრავლითა სარგებლითა, რომელი მავასხეთ მე: გლახაკთა წყალობისა წილ მეფობა მიიღეთ; მშიარ-მწყურიელთა გამოზრდისათვის, უკუდავებითა იშვებდეთ; შიშველთ შემოსისათვის, ნათელი ბრწყინვალე შეიმოსეთ; უცხოთ შეწყნარებისათვის, წიაღთა აბრაჰამისთა განისვენეთ; სნეულთ მიხედვისათვის, სიხარულით სუფევდეთ და საპყრობილესა მისლვისათვის ზეცისა სასუფეველი დაიმკვიდრეთ, რომელი განგიმზადე პირველ სოფლის დაბადებისა და იხარებდეთ დაუსრულებელად.
ესევითარი უწყის, საყვარელნო, უფალმან ვასხის გარდახდა სარგებლითა, რამეთუ მისა ჰშვენის მადლობა, კურთხევა და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.