თხრობა სულიერი ნე [55]. მოწყალებისათვის სულიერისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი“(ოს. 6,6; მთ. 9,13; 12,7). საყვარელნო, მოწყალება ყოველივე კეთილი არს და სათნო უფლისა, გარნა ჭეშმარიტი მოწყალება ესე არს უპატიოსნეს და უზესთაეს ყოვლისა, რათა კაცმან სული კაცისა გამოიხსნას წარწყმედისაგან. ვითარცა მაცხოვარი სულთა ჩვენთა ბრძანებს: „არა მოვედ რათამცა ვიმსახურო, არამედ მსახურებად და მიცემად სული ჩემი სახსრად მრავალთა“[მთ. 20,28]. ხოლო უკეთუ უფალმან სული თვისი მისცა სახსრად მრავალთა სულთათვის და ჩვენ მონათა ვითარ დავხშათ ნაწლევი წყალობისა კაცთა სულისა ცხოვნებისათვის, რომლისათვის ქრისტე მოკუდა, და წარწყმედისაგან გამოიხსნა სული ჩვენი და დიდებასა თვისსა გვიზიარა. და რომელნი აწ კაცთა სულისა ცხოვნებისათვის იღვწიან, ფრიად უდიდესსა მადლსა შეიძენენ ღმრთისა მიერ და უბრწყინვალეს მზისა შარავანდედისა განათლდებიან სულითა. რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა, ღმრთისა სათნომყოფელი, კაცთა სულისა ცხოვრებისათვის მლოცველი, დაფარულთმცნობელი და ყოველთა მიერ პატივცემული სახელით ლონგინოს. კაცმან ვინმე ღმრთისმოყვარემან და მოწყალემან მიართუა მას ფრიადი ოქროჲ სახმრად. ვითარცა იტყვის მოციქული: „სახმარსა წმიდათასა ეზიარებოდეთ“(რომ. 12,13). და ჰრქუა: „ესე შეიწირე ღმერთშემოსილო მამაო და გევედრები ლოცვა ჰყავ სულისა ჩემისა ცხოვნებისათვის“. ხოლო წმიდამან ბერმან დაფარულთმცნობელმან მიუგო: „გაკურთხენ შენ უფალმან, ღმრთივსულიერო შვილო საყვარელო, ეგე ჩემდა არად სახმარ არს, არამედ ჰყავ სიყვარული და ადრე მიისწრაფე ბჭეთა ქალაქისათა და შეგემთხვიოს შენ ჭაბუკი ვინმე, რომელსა ჰმოსიეს ესევითარი სამოსელი. მას მიეც ოქრო ეგე და ჰკითხე საქმე მისი, რათა სცნა, თუ ვითარი მადლი ჰპოვე შენ წინაშე ღმრთისა საცხოვნებელად სულისა შენისა“. ხოლო იგი მეყსეულად მივიდა და იხილა ჭაბუკი იგი და მისცა ოქროჲ და ჰრქუა: „ესე მამამან ლონგინოს წარმოსცა შენდა ძმაო, მეტყველმან, რაჲ არს საქმე შენი?“ ხოლო მან მიუგო: „გრწმენინ, უფალო ჩემო, მე მრავალთა ვახ­შთა თანამდებ ვიქმენ და ვინათგან უღონო ვარ გარდახდისა, აჰა, ესერა საბელი სარჩობელი, რამეთუ განვიდოდი მოშთობად თავისა ჩემისა. არამედ აწ ესერა მოწყალებითა თქვენითა იხსნა ღმერთმა სული ჩემი წარწყმედისაგან“. ესმა რა ესე კაცსა მას ჭეშმარიტსა მოწყალესა, განკვირვებული ადიდებდა სახიერებასა ღმრთისასა და უმეტესად ჰყოფდა მოწყალებასა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მარადის ვიქმოდეთ მოწყალებასა და უფროსად სულსა ზედა კაცისასა. რამეთუ ესევითარი მოწყალება უფროს სათნო უჩნს ღმერთსა, ვიდრე ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთა. და ამისთვის ღმერთი ქვეყანად მოვიდა, რათა სული კაცისა წარწყმედისაგან გამოიხსნას, აცხოვნოს და ზეცას აღიყვანოს და ანგელოსთა შორის ადიდოს. და აწ ჩვენცა, საყვარელნო, მივემსგავსნეთ მეუფესა ჩვენსა სულთმოყვარესა, და სულიერსა მოწყალებასა და სიყვარულსა ვიქმოდეთ ძმათა მიმართ, რამეთუ ვითარცა „სული უფროს არს ჴორცთასა“[მთ. 6,25; ლკ. 12,23], ეგრეთვე სულიერი მოწყალება უფროსად სათნო არს ღმრთისა, ვიდრე ჴორციელისა. და ფრიად ვეკრძალნეთ, ძმანო, რათა არა შევაწუხოთ და დავაბრკოლოთ სული კაცისა ხატად ღმრთისა დაბადებული, რომლითა მივემსგავსებით ეშმაკსა სულთმოძულესა და მივეცემით საუკუნოსა სატანჯველსა, რამეთუ უფალი ბრძანებს, ვითარმედ: „რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთა, უმჯობეს არს გამოთუმცაიბა წისქვილის ქვა ვირით საფქველი ქედსა და შთაიგდო უფსკრულსა ზღვისასა“[მთ. 18,6; მრკ. 9,42]. არამედ გევედრები, ჵ, ქრისტეს მოყვარენო, ყოველთა კაცთა თანა კეთილსა ვიქმოდეთ, რათა შვილ ღმრთისა ვიწოდნეთ და სულიერი ნუგეშინისცემა მოვიღოთ და გვიბრძანოს ქრისტემან ყოვლადტკბილითა ჴმითა: „ნუ გეშინის, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი“(მთ. 9,2). ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, ესრეთ სათნოებითა და სიტკბოებითა ვიქცეოდეთ, რათა აქაცა ყოველი კეთილი მოგვენიჭოს და მას საუკუნესა გვირგვინითა ღმრთივბრწყინვალითა სასუფეველსა შინა ვიხარებდეთ დაუსრულებელად, ქრისტე იესოს მიერ უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.