თხრობა სულიერი ნზ [57]. უძლურთა ხილვისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „უძლურ ვიყავ და მომხედეთ მე“[მთ. 25,36], ამისთვის დაიმკვიდრეთ სასუფეველი ცათა. საყვარელნო, უძლურთა მოხილვასა ჩვენ მიერ, ქრისტე, თვისად მიითვალავს, რამეთუ ფრიად ეწყალვიან უძლურნი კაცთმოყვარებით და ძმად თვისად უწოდებს მეტყველი, ვითარმედ: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირედთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი ყოველი მე მიყავთ“[მთ. 25,40]. ესრეთ უყვარან უფალსა უძლურნი და რომელნი შეჭირვებასა შინა არიან და მადლობითა ღმრთისათა ითმენენ, რომელ მრავალგზის ანგელოსიცა თვისი მოუვლინის ნუგეშინისმცემელად განწირულთა და სასყიდლისაცა მინიჭებად სასოებით მომთმინეთა. რამეთუ იყო ვინმე გლახაკი უცხოჲ, რომელიცა დასნეულდა ძლიერად და არავინ მახლობელთაგანმან სცნა უძლურება მისი. ხოლო იგი რაჲსაცა ჰპოებდა სახლსა შინა საზრდელსა, კრძალულებით იხმევდა და მოთმინებითა მრავლითა ჭირთა შინა და ურვათა მადლობდა და ადიდებდა სულ­გრძელებასა ღმრთისასა. ესევითარითა იწროებითა მოითმინა დღენი ოცდაათნი. შეიწირა და მიითვალა ღმერთმან მადლობით მოთმინება მისი და მოუვლინა ანგელოსი თვისი ნუგეშინისაცემელად და ახარებდა ბრწყინვალებითა ელვარებისა მისისათა, და დაჰყო ანგელოსმან უფლისამან სნეულისა მისთანა შვიდი დღე. და მაშინღა მოეხსენათ მახლობელთა მისთა მეზობელთა უცხოჲ იგი გლახაკი და მივიდეს ხილვად მისა. ხოლო მან იწყო შინა კერძო ჴმობად, ვითარმედ: „ნუ მოხვალთ, წარვედით, ნუ მოხვალთ!“ გარნა იგინი შევიდეს მცნებისათვის უფლისა და იხილეს ფრიად უძლურად და მოიკითხეს ტკბილითა სიტყვითა ნუგეშინისცემისათა. მერმე ჰკითხეს ვითრმედ: „რაჲსათვის ჴმობდი, ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო, თუ ნუ მოხვალთ?“ ხოლო მან ჰრქუა: „ამისთვის, უფალნო ჩემნო, რამეთუ ოცდაათნი დღენი წარხდეს და არავინ კაცთაგანმან მიხილა მე და შვიდი ოდენ დღე არს, რომელ ყოვლადსახიერმან ღმერთმან მომივლინა ანგელოსი თვისი ნუგეშინისმცემელად უძლურებისა და მწირობისა ჩემისა და აწღა მოსლვასა თქვენსა იგი მიმეფარა თუალთაგან ჩემთა“. ესერა სთქუა ნეტარმან მან, განწმედილი სული თვისი ჴელთა შინა ღმრთისა შევედრა და ანგელოსისა წინამძღვრებითა ზეცისა სასუფეველსა განისვენა დიდებად ღმრთისა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, მოწყალე და ლმობიერ ვიქმნეთ გულითა და მოწლედ, სიყვარულით უძლურთა მოვიხილვიდეთ და გულსმოდგინედ ვმსახურებდეთ. ვითარცა უფალი ბრძანებს: „არა მოვედ რათამცა ვიმსახურო სხვათაგან, არამედ მსახურებად თავით ჩემით და მიცემად სული ჩემი სახსრად მრავალთა“[მთ. 20,28]. საყვარელნო, ესე მადლი და მსგავსება ქრისტესი აქუს უძლურთა მხილველსა და მსახურსა, რომელი ესე იქმნების გულისაგან მოწყალისა. და არს ესეცა ერთი რტოჲ ფრიად კეთილი და მრავალნაყოფიერი მოწყალებისა. და უკეთუ ჩვენ ვიყვნეთ, ძმანო, უძლური, მადლობითა ღმრთისათა და გულითა კეთილითა მოვითმინოთ, რათა უძლურებისა და სნეულებისათვის ცოდვანი მოგვეტევნენ, და მადლობით მოთმინებისათვის გვირგვინი მოგვეცეს და განვისვენოთ წიაღთა აბრაჰამისთა, ვითარცა გლახაკი ლაზარე კეთილად მომთმინე. და ნუმცა თანაწარვხდებით, საყვარელნო, უცხოთა, უძლურთა, სნეულთა, გლახაკთა და ჭირვეულთა, რათა არა მდიდრისა მისთანა უწყალოსა დავისაჯნეთ ჯოჯოხეთსა შინა, საუკუნოდ ვიტანჯებოდეთ და ვინატრიდეთ მცირესა წყალსა განსაგრილებელად ენისა ჩვენისა ცეცხლისა მიერ შემწვრისა. არამედ გევედრები, ჵ, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ვიდრეღა ცხოველ ვართ და ჟამი გვაქვს კეთილისყოფად, ვიქმოდეთ ძალისაებრ ჩვენისა წყალობასა: უცხოთა, უძლურთა, უღონოთა, მშიართა, მწყურვალთა, შიშველთა, პყრობილთა და უფროსად მიცვალებულთა ზედა, რამეთუ ესე ყოველნი კეთილნი ნაყოფნი აღმოეცენებიან გულისაგან მოწყალისა, დაღაცათუ მცირედ საგონებელ არიან, ვითარცა მარცვალი მდოგვისა, გარნა იქმნებიან ხე დიდ, ვიდრემდის მოვიდენ მფრინველნი ცისანი, რომელ არიან ანგელოსნი ღმრთისანი და დაადგრებიან რტოთა მისთა და მოისთვლებენ ყუავილსა და ნაყოფსა სათნოებათა ჩვენთასა და შესწირვენ წინაშე ღმრთისა და დაგვიუნჯებენ ზეცისა წარუპარველსა დიდებასა შინა, რათა ოდეს მივიდეთ ჩვენცა ვჰპოვოთ მუნ სავსებით და ნაშრომთა ჩვენთა ზედა ვიხარებდეთ გვირგვინითა ბრწყინვალითა ყოველთა წმიდათა ანგელოსთა თანა ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.