თხრობა სულიერი ჲ [60]. მოწყალებისათვის ბრწყინვალისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე აღვიდა რა მთასა თაბორსა, „განბრწინდა პირი მისი, ვითარცა მზე და სამოსელი მისი იქმნა, ვითარცა ნათელი“[მთ. 17,2]. საყვარელნო, უკეთუ ჩვენცა აღვიდეთ მთასა სათნოებათასა – უბრალონი ჴელითა და წმიდანი გულითა, ვიხილოთ ღმერთი და გნვბრწყინდეთ სულითა, ვითარცა მზე და განვნათლდეთ გულითა, ვითარცა ნათელი. ხოლო მზეებრ განმაბრწყინვებელი ჩვენი არს სათნოებათა თუალი პატიოსანი – ღმრთივშვენიერი მოწყალება. რამეთუ დასაბამსაცა ღმრთისა მიერ ჩვენდა მომართ წყალობისა მიზეზი მოწყალება არს. და დასასრულსაცა ჩვენი მაცხოვარი და ბეჭედი მოწყალებავე არს. მით, რამეთუ რომელმან „დასაბამსა ჰრქუა ადამს, ყოველისაგან ხისა ჰსჭამო“[დაბ. 2,16], ესე მოწყალება იყო კაცთა მომართ. და იგივე გვეტყვის დასასრულსა: „მშიოდა და მეცით მე ჭამადი“(მთ. 25,35), და შემდგომი ამისი. რომელნიცა მოწყალისაგან გულისა იქმნებიან, საყვარელნო და თვინიერ მოწყალებისა ვერვინ იხილავს ყოვლადბრწყინვალესა პირსა უფლისასა მაკურთხეველად. და ყოველნი ძველნი და ახალნი წერილნი მოწყალებასა ჰქადაგებენ, და წმიდანი ღმერთშემოსილნი მამანიცა მოწყალებისა მიერ განათლებასა გვამცნებენ, და სასწაულითაცა დაგვიმტკიცებენ. რამეთუ იყო ვინმე ბერი, წმიდა და ღმერთშემოსილი ყოვლითა სათნოებითა შემკობილი: სიმდაბლითა, სიმშვიდითა, სიტკბოებითა, მოწყალებითა, სიბრძნითა, მეცნიერებითა, სიტყვითა ჭეშმარიტებისათა, დაფარულთ მცნობელობითა, წინასწარ მოსწავებითა და ნიშებ-სასწაულითა შემოსილი, სახელით იოსებ. ამის ნეტარისა მამისა მოვიდენ ორნი პატიოსანნი ძმანი სულიერნი, სასოებითა ღმრთივმოცემულისა სწავლისა მისისათა. და აჰა, ზრახვასა მათსა სულიერსა მოვიდა ქრისტეს მოყვარე ვინმე ერისკაცი და მოართუა წმიდასა მას ბერსა სამი დრაჰკანი, მეტყველმან: „გევედრები, ყოვლად­პატიოსანო მამაო წმიდაო, ლოცვა ჰყავ სულისა ჩემისათვის“. ხოლო მან არცაღათუ მიხედნა ოქროსა მას და ჰრქუა: „ჩემდა არად სახმარ არიან ეგენი, ძმაო საყვარელო, არამედ გლოცავ შენ, განუყავ ეგე გლახაკთა, რამეთუ, გლახაკთა მიმართ ქმნილი მოწყალება კეთილითა გონებითა, ძღვნად პატიოსნად შეიწირვის ღმრთისა მიმართ, და გონებისაებრ მიმცემელისა, მადლი და სასყიდელი დიდი მოენიჭების საცხოვნებელად სულისა“. და სხუაცა მრავალი კეთილი სწავლა წარმოუთხრა მათ, მოწყალებისათვის მან ნეტარმან. და მერმე აღსდგა და აღიპყრნა თუალნი და ჴელნი ზეცად და სთქუა: „უფალო იესო ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღმრთისა ცხოველისაო, ღმერთო ჭეშმარიტო! უკეთუ ტყუილ არიან სიტყვანი ესე ჩემნი მოწყალებისათვის თქმულნი ძმათა მიმართ, უვნებელად ეგენინ ლოდი ესე მდებარე, ხოლო უკეთუ მართალ და სარწმუნო და ჭეშმარიტ არიან სიტყვანი ჩემნი, განხეთქინ და განიპენ ლოდი ესე“. ეჰა, საკვირველებათა შენთა, ღმერთო! რამეთუ მეყსეულად განსქდა ლოდი იგი დიდი მარმარილოჲსა, ხუთ ნაკვეთად, რომელსა აქუნდა სისქე ოთხი მტკაველი. ხოლო მათ ესე სასწაული რა იხილეს, განკვირვებულნი ადიდებდეს ღმერთსა. და ვითარცა წარგზავნიდა მათ წმიდა იგი ბერი, ჰრქუა: „გამცნებ თქვენ, შვილნო საყვარელნო, რათა მომავალსა შაბათსა მოხვიდეთ და მიხილოთ მე“. და მოიწია რა შაბათი, მივიდეს მესამესა ჟამსა და ჰპოვეს წმიდა იგი მამა აღსრულებული. და მრავლითა ლმობიერებითა ამბორს უყვეს და დამარხეს მადიდებელთა ღმრთისათა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო და ქრისტეს ძმათა მოწყალენო, რომელ არიან გლახაკნი. შევიმოსოთ მოწყალება, რათა ნათელი შევიმოსოთ და ვითარცა მზე გამოვბრწყინდეთ სასუფეველსა ცათასა. და რაჟამს მზე იგი სიმართლისა, ბრწყინვალება მამისა, იესო ქრისტე, მოვიდეს დიდებითა თვისითა, მაშინ ჩვენცა მივეგებნეთ ნათლისა ღრუბელითა და მოიხილოს ჩვენ ზედა, ყოვლადბრწყინვალითა პირითა და გვიბრძანოს ღმრთივშვენიერითა ჴმითა ტკბილითა: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ თქვენთვის განმზადებული სასუფეველი და იხარებდეთ საუკუნოდ“[მთ. 25,34]. ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, მოსწრაფე ვიქმნეთ აღსრულებად მცნებათა ღმრთისათა, რათა ბრწყინვალითა გვირგვინითა ვიხარებდეთ დაუსრულებელსა დიდებასა ღმრთისასა. ანგელოსთა და ყოველთა წმიდათა თანა ჩვენცა უგალობდეთ, ვადიდებდეთ და ვაკურთხევდეთ წყალობისა ჯერმჩინებელსა მამასა, კაცთმოყვარესა ძესა და ცხოველსმყოფელსა სულსა წმიდასა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა საუკუნითგან აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. დასასრuლი მეექვსისა თავისა