თხრობა სულიერი ჲა [61]. სიმართლისათვის კეთილისა
ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“(მთ. 5,10).
საყვარელნო, სიმართლე საუნჯე არს შემკრებელი ყოველთა სათნოებათა. ნამდვილვე ნეტარ არიან მომგებელნი სიმართლისანი და ღირს სასუფეველისა და თავისუფალ სატანჯველთაგან, ვითარცა იტყვის სული წმიდა: „მართალთა სულნი ჴელთა შინა ღმრთისათა და არა შეეხოს მათ ტანჯვა“(სიბრძ. 3,1). არამედ ანგელოსთა მიერ ქებულ არიან, კაცთაგან წმიდათა პატივცემულ და სანატრელ, ხოლო ღმრთისა მიერ დიდებულ.
რამეთუ წმიდა და ღმერთშემოსილი მამა ჩვენი დიდი ანტონი ილოცვიდა რა, მოვიდა მისა ანგელოსი უფლისა და გამოუცხადა, ვითარმედ: „არს ქალაქსა შინა ერისკაცი მართალი, რომელი რაჲსაცა მოიგებს, ყოველსავე განუყოფს: უცხოთა, უღონოთა, უძლურთა და ყოველთა ჭირვეულთა და ჰგალობს სამწმიდაარსობით, ვითარცა ანგელოსნი ცათა შინა. და ლოცვა მდაბლისა მისგან გონებისა აღიწევის წინაშე ღმრთისა სუნად სუნნელად შეწირული“.
ესერა ეუწყა მამასა ანტონის, წარვიდა ძიებად და ჰპოვა იგი და ჰრქუა: „მშვიდობა შენთანა, შვილო სულიერო! ჰყავ სიყვარული მცნებისათვის უფლისა და გამომიცხადე, თუ რაჲსა ილოცავ, ანუ რასა იგონებ?“ ხოლო მან ჰრქუა: „ღმერთშემოსილო მამაო, მე ცოდვილი ესე და გლახაკი, შემდგომად მცირედისა ლოცვისა ჩემისა, დავსჯდები ჴელთსაქმარსა ჩემსა და ვიგონებ, ვითარმედ ყოველნი ესე აქა მყოფნი სასუფეველად შევლენ სიმართლისათვის მათისა და მხოლოდ მე დამკვიდრებად ვარ სატანჯველსა საუკუნესა, ცოდვათა ჩემთათვის“.
ვითარცა ესმა ესე მამასა ანტონის, განჰკვირდა გონებისა მისისა სიმდაბლესა და სიწრფოებასა და ჰრქუა მას: „ნამდვილვე ნეტარ ხარ შენ, შვილო საყვარელო, რამეთუ შორის ქალაქსა ეგევითარი სათნოება და სიმართლე მოგიგიეს, გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან სიონით, რომელი კურთხეულ არს უკუნისამდე“.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ ჩვენცა სიმართლე და გონებისა სიმდაბლე, რათა სთნდეს უფალსა მოქალაქობა ჩვენი და ლოცვა ჩვენი შეწირულ იქმნას წინაშე უფლისა ღმრთისა ჩვენისა, ვითარცა მართლისა მის ნოეს მსხვერპლი და იყნოსოს სუნად სუნნელებისად და შეისმინოს ვედრება ჩვენი, ვითარმედ: „ჴმა ჰყო მართალმან და უფალმა ისმინა მისი“[ფს. 33,18]. და სიმართლით მონაგებთა ჩვენსა მივსცემდეთ ქველისსაქმედ, რათა გვაქუნდეს საუნჯე ცათა შინა. და ოდეს მივიცვალნეთ, განვისვენოთ სასუფეველსა ღმრთისასა, აბრაჰამ, ისააკ და იაკობისთანა, რამეთუ იტყვის სული წმიდა: „მართალი თუ აღესრულოს, განსვენებასა შინა იყოს“(სიბრძ. 4,7).
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, შევიყვაროთ სიმართლე და მოვიძულოთ უსჯულოება, და ნუ მოვიძულებთ მართალსა, რათა არა უსჯულოდ გვიწოდოს წერილმან, ვითარმედ: „რომელთა სძულდენ მართალნი, უსჯულოებენ“(ფს. 33,22). და მივეცნეთ ჯოჯოხეთსა, ბნელსა გარესკნელსა, სადაცა არს ტირილი თუალთა, ღრჭენა კბილთა და ვაება დაუსრულებელი.
არამედ გევედრები, ჵ, ძმანო, ვილოცოთ ღმრთისა მიმართ, ვილოცოთ, რათა გვიხსნეს სატანჯველთაგან. და ვიდრემდის ვართ სოფელსა შინა, სიმართლით და ჭეშმარიტებით ვსცხონდებოდეთ და დღესა მას განკითხვისასა, მარჯვენით ქრისტესა მართალთა თანა დგომად ღირს ვიქმნეთ, და ღრუბლითა აღტაცებულნი ზეცისა იერუსალიმსა, ვიხარებდეთ უფლისა მიმართ, ვითარცა იტყვის: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ, და წრფელთა ჰშვენის ქება“[ფს. 32,1]. და ღმრთისა ნათლითა ყოვლადშვენიერითა და ღმრთივდიდებულითა განვბრწყინდეთ მსგავსად მზისა, რამეთუ მზე იგი სიმართლისა იესო ბრძანებს: „მაშინ მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისა ზეცათასა“[მთ. 13,43]. რომელსა ღირსმცა ქმნულ ვართ ყოველნი მოყვარენი სიმართლისანი მადლითა და კაცთმოყვარებითა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.