თხრობა სულიერი ჲბ [62]. სტუმართ მოყვარებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე უბრძანებს მოციქულთა: „რომელმან თქვენი ისმინოს, ჩემი ისმინოს“[ლკ. 10,16]. და წმიდა მოციქული პავლე იტყვის: „სტუმართმოყვარებასა შეუდეგით“[რომ. 12,13]. საყვარელნო, სტუმრის მოყვარება აბრაჰამ მამათმთავრის მსგავსება არს, რომელი ყოველთავე სტუმართა შეიწყნარებდა და ანგელოსნიცა ესტუმრნეს ყოვლადკეთილისა გონებითა ქმნილსა სათნოებასა ზედა მისსა და აკურთხა ღმერთმან იგი და მამად მრავალთა სახელ სდვა. სტუმართმოყვარება ღმრთისა სათნო არს, ძმანო, ანგელოსთაგან პატივცემულ და კაცთა მიერ საქებელ, სურვილით საძიებელ და სანატრელ. რამეთუ იყო ვინმე კაცი მართალი, ღმრთისმოყვარე, წმიდათა მოსურნე, ყოველთავე სათნოებათა მუშაკი და უმეტესად სტუმართმოყვარებისად შედგომილი მცნებისათვის უფლისა, ვითარცა ბრძანებს: „უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე“(მთ. 25,35). რომელმანცა სახლი თვისი აღაშენა გზასა ზედა უდაბნოსასა და რაჲსაცა მოიგებდა, ყოველსავე სტუმართმოყვარებისათვის წარაგებდა კეთილად. რამეთუ სადაცა იხილის გლახაკი, ანუ უცხოჲ, წარიყვანის სიხარულით სახლად თვისად და კეთილად ისტუმრნის. და ოდეს მოვიდიან მონაზონნი უდაბნოჲთ განსყიდვად ჴელთსაქმრისა მათისა, მან სურვილით და სასოებით შეიწყნარის სახლსა თვისსა, დაბანნის ფერჴნი და განუსვენის კეთილად და ლოცვასა მათსა დაევედრის. დღესა ერთსა მოვიდა ვინმე მონაზონი და კაცმან მან ღმრთისამან შეიწყნარა ჩვეულებისაებრ თვისისა კეთილისმოქმედებისა და განუმზადა ტაბლა სიყვარულისა. ხოლო ბერსა მას არა ენება პურისა ჭამაჲ, ვიდრე მიმწუხრადმდე მარხვისა მიზეზითა, რამეთუ ეტყოდა: „მე მაქვს კანონი თავსა შორის ჩემსა აწ არა ჭამა პურისა, არამედ შენ მიიღე, საყვარელო ძმაო“. მიუგო ქრისტეს მოყვარემან კაცმან და ჰრქუა: „გევედრები, პატიოსანო მამაო, დღეს ზოგად მივიღოთ საზრდელი და ვმადლობდეთ წყალობის მომცემელსა ღმერთსა. და უკეთუ არა ისმენ ვედრებასა სიგლახაკისა ჩემისასა, აჰა, ესერა ხე, რომელი სდგას წინაშე ჩვენსა ვილოცოთ ორთავე და ვისცა თაყვანისცემასა ხემანცა თაყვანი სცეს, მისსა ნებასა დავემორჩილნეთ“. ილოცა ბერმან და იქმნა არარაჲ. ხოლო ილოცა სტუმრის­მოყვარემან და თაყვანისსცა ღმერთსა და ეგრეთვე ხემანცა თაყვანისსცა. და მაშინღა მიიღეს საზრდელი და იტყოდეს სიტყვათა სულიერთა წმიდათა მამათასა და ადიდებდენ კაცთმოყვარებასა ღმრთისასა, რომელმან ჰყვის საკვირველი მონათა თვისთათანა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ჩვენცა შევიტკბოთ სტუმრის მოყვარებაჲ. და რაჲცა გვაქუნდეს, ღმრთისა მიერ ნიჭებული, კეთილითა გონებითა დაუგოთ უცხოთა. დაღაცათუ მცირე პური გვაქუნდეს და ლიტონი წყალი, შეიწირავს ღმერთი გულსმოდგინებასა ჩვენსა და არა დაგვიშურვებს დიდსა წყალობასა თვისსა, რამეთუ თვით ბრძანებს: „რომელმან ასუას სასმელი ერთი წყალი გრილი სახელად ჩემდა, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი“[მრკ. 9,41]. ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, შევიწყნაროთ უცხოჲ, მწირი, გლახაკი, შეჭირვებული, უღონოჲ, ქვრივი და ობოლი და ყოველივე შეწუხებული; და ძალისაებრ ჩვენისა ნუგეშინისვსცეთ, რამეთუ უმეტეს ძალისა ჩვენისა შეუძლებელსა არარას ეძიებს ღმერთი ჩვენგან. არამედ შეძლებისაებრ ჩვენისა გვამცნებს წყალობასა კეთილითა და მხიარულითა გონებითა, და ამათ მცირედთა ნაცვლად სასუფეველისა დიდსა დიდებასა მოგვანიჭებს მეტყველი: „გიხაროდენ, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ არს ცათა შინა“[მთ. 5,12]. პურისა წილ უკუდავებითა გამოგვზრდის, წყლისათვის წყარო ცხოვრებისა გვექმნება, შიშველთ შემოსისა ნაცვლად ნათლითა შეგვმოსს, უცხოთ შეწყნარებისათვის სავანესა წმიდათასა შეგვიწყნარებს და ყოველთავე სათნოებათათვის გვაკურთხევს და სასყიდელსა მოგვცემს მეტყველი: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო“(მთ. 25,34) და განისვენეთ წიაღთა აბრაჰამისთა, ვინათგან საქმეთა აბრაჰამისთა იქმოდით, მისთანაცა იდიდენით საუკუნოდ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი, ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარდის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.