თხრობა სულიერი ჲგ [63]. ქრისტეს მცნებათა დამარხვისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „უკეთუ გიყვარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“(იო. 14,15). საყვარელნო, ამით იქმნების ქრისტეს მცნებათა დამარხვა და აღსრულებაჲ, რათა მარადის წმიდათა წიგნთა ვიკითხვიდეთ და მათ შინა წერილთა მოძღვრებათა აღვასრულებდეთ, რომელთაგან არს ცხოვნება სულისა და სათნოყოფა ღმრთისა. რამეთუ იყო ვინმე კაცი მართალი, ქრისტეს მოყვარე, გულითა მოწყალე, ტკბილი და სახიერი და ჴელოვნებით მწერალი, რომელიცა ქრისტეს სიყვარულითა მარადღე იკითხვიდა წმიდათა წერილთა გულისჴმისყოფით. და მიემთხვია თხრობასა მას სულიერსა, რომელი წერილ არს წიგნსა მამათასა „სამოთხედ“ წოდებულსა, ვითარმედ: „მოვიდა ანგელოსი უფლისა დიდისა მამისა ანტონისა განმართებად, და იქმოდა ჴელთასაქმარსა, დაუტევის ჴელთსაქმარი, აღსდგის და ილოცის, და ოდეს დასცხრის ლოცვისაგან, დასჯდის და შვრებოდა ჴელთსაქმარსა. კვალადცა აღსდგის და ილოცის. და ჰრქუა ანგელოსმან მამასა ანტონის: „ესრეთ იქმოდე და სცხონდე“. ესერა აღმოიკითხა ძმამან მან სანატრელმან, გულსმოდგინე იქმნა და მუშაკობდა მარადღე. პირველად ილოცის კეთილად და მერმე დასჯდის და იწყის წერად. აღსდგის და ილოცის. კვალად დასჯდის და იწყის წერად. კვალადცა აღსდგის და ილოცის. და დასწერნა მრავალნი პატიოსანნი წიგნები, რომელსამე მათგანსა განჰყიდდა სახმრად თავისა თვისისა და უმრავლესსა გლახაკთა მოწყალებად მისცემდა ქრისტეს სიყვარულითა და რომელსამე თვით იკითხვიდა მცნებათა დამარხვისათვის. და უკეთუ ვინმე შეაწუხის იგი, ანუ აგინის, ხოლო მან მიუგის სიმშვიდით: „საყვარელო ძმაო, ეგე სიტყვა მეცა ძალმიძს თქმად, გარნა ქრისტეს მცნება დაჰკრამს პირსა ჩემსა“ და მოითმინის კეთილად. და იხილა რა ამაოება სოფლისა, განჰყიდა ყოველი წიგნები თვისი მონაგარი და განუყო გლახაკთა და წარვიდა უდაბნოდ. შეემთხვია მას დიდთა წმიდათაგანი ვინმე და ჰრქუა: „სადა წარხვალ, შვილო საყვარელო?“ ხოლო მან მიუგო: „მამაო პატიოსანო, ოცი წელი არს ვინათგან წმიდათა წერილთა ვიკითხავ და ქრისტეს მცნებათა ვიწვრთი. აწ მსურის, რათა რაჲცა გულისჴმა ვჰყავ, ჴელ ვჰყო აღსრულებადცა“. ჰრქუა მას წმიდამან ბერმან: „გაკურთხენ შენ უფალმან, შვილო, რამეთუ კეთილ არიან სიტყვანი და უმჯობეს საქმენი“. და იქმნა მონაზონ პატიოსან და წარჩინებულ და ანგელოსებრივი მოქალაქობა შეიტკბო, დღე და ღამე უგალობდა და ადიდებდა ღმერთსა ლოცვისა მიერ წმიდისა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, შევიყვაროთ იესო ქრისტე ჭეშმარიტითა სიყვარულითა და აღვასრულებდეთ მცნებათა მისთა ღმრთივშვენიერთა და მარადღე ვისმენდეთ წმიდათა წერილთასა, რომელთაგან არს მიმსგავსება წმიდათა კაცთა, განათლება გონებისა და ცხოვნება სულისა. და არათუ ლიტონად ვისმენდეთ, არამედ საქმითცა ვიქმოდეთ მათ შინა წერილთა მცნებათა, რამეთუ იტყვის მოციქული: „არა მსმენელნი სჯულისანი განმართლდენ, არამედ მყოფელნი“[რომ. 2,13]. ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, ვისმენდეთ ქრისტეს მცნებათა და ვიქმოდეთ სიმართლესა და მოწყალებასა კეთილითა გონებითა, რომელი ჰნებავს ქრისტესა მეუფესა ჩვენსა, ვითარცა ბრძანებს: „რომელმან ჰყოს ნება ჩემი, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი“[მთ. 12,50]. რომელი ესე იქმნების კეთილმსახურებით ქრისტეს მცნებათა დამარხვითა და ნებისა მისისა აღსრულებითა და სადაცა ქრისტე არს, მუნცა ჩვენ ვიყვნეთ, რამეთუ თვით ბრძანებს: „სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს“(იო. 12,26). მოსწრაფე ვიქმნეთ, საყვარელნო, მსახურებად მისა ღირსებით და სიწმიდით, რათა მისთანა ვსუფევდეთ, უგალობდეთ და ვადიდებდეთ მეუფებასა მისსა, თანა მამით და სულით წმიდითურთ დაუსრულებელად უკუნითი უკუნისამდე. ამინ.