თხრობა სულიერი ჲდ [64]. სამართლისათვის ჭეშმარიტისა
ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ნუ ჰსჯით თუალთღებით, არამედ სამართალი სასჯელი საჯეთ“(იო. 7,24).
საყვარელნო, სამართალი ჭეშმარიტი ჰშვენის ჩვენდა ქრისტეანეთა, რათა ამითცა სათნოებითა მივემსგავსნეთ ქრისტესა მეუფესა ჩვენსა, რომელი იგი მართლმსაჯულ არს და არავის თუალ აღებს პირსა კაცისასა. და ჩვენცა არა რომლითამე სახითა გარდავაქცევდეთ სამართალსა, არამედ ჭეშმარიტებით ვსჯიდეთ ღმრთისმოშიშებით და მართლმსაჯულებით.
რამეთუ წმიდასა მთავარეპისკოპოსსა ეპიჶანეს ჰყვანდა კრებულად ოთხმეოცი მონაზონი და შორის მათსა იყო ვინმე პატიოსანი და კეთილგონიერი, სახელით საბიანე, რომელიცა ესე დაადგინა ეპიჶანემ სჯად საეკკლესიოთა საქმეთათვის.
დღესა ერთსა მოვიდენ ორნი მოჩივარნი: ერთი მდიდარი იყო და მეორე გლახაკი. და სამართალი მდიდარსა მას შესწევდა. გარნა საბიანე გლახაკთ წყალობისათვის ინება გლახაკისა მის განმართლება და მცირედ სამართალი გარდააცილა. ხოლო წმიდა ეპიჶანე სდგა ადგილსა ფარულსა და ისმენდა ბჭობასა მათსა. ესერა იხილა, მაშინ შევიდა ცხადად და თვით განბჭო საქმე იგი, მდიდარი განამართლა, ვინათგან მართლეოდა და გლახაკსა მას მოწყალება მისცა საიდუმლოდ და განუტევა.
მერმე საბიანეს ამხილა სიყვარულით და ჰრქუა: „შვილო ჩემო საყვარელო, სამღთო წერილი იტყვის: „არა შეიწყალო გლახაკი სასჯელსა შინა“[გამოს. 23,3]. ესე იგი არს, ვითარმედ: დაღაცათუ გლახაკი იყოს უსამართლო, რომელთადა მოწყალება ბრძანებულ არს ჩვენდა, ნუ მისდრკებიო სამართლისაგან. არამედ სამართალი ჭეშმარიტი ჰშვენის და გლახაკთა მიმართ მოწყალება საიდუმლოდ.
ესრეთ განსწავლა ღირსი იგი საბიანე და მიერითგან მართლიად სჯიდა სამართალსა და ადიდებდა ღმერთსა.
იხილეთ, პატიოსანნო მსმენელნო, უკეთუ გლახაკთა წყალობისათვის არა ჯერ არს სამართლისა გარდაქცევა, გლახაკთათვის, რომელნი ქრისტეს ძმად წოდებულ არიან, რომელთადა წყალობაცა ფრიადი თანაგვაძს. და უკეთუ ვინმე მდიდართა კაცთა სათნოყოფისათვის, ანუ ქრთამისა, გინა რომლითამე საქმითა თუალთღებით სამართალი გარდააქციოს, არა ვუწყი, თუ ვითარი სასჯელი მოიწიოს მის ზედა, რაჟამს მართლმსაჯული იესო სჯიდეს ყოველთავე და მიაგებდეს კაცად კაცადსა საქმეთა, სიტყვათა და გონებათა მათთაებრ.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, სამართალსა ჭეშმარიტსა ვსჯიდეთ. და უკეთუ ვისიმე მომადლება და სიყვარული გვენებოს, გინა გლახაკთა წყალობაჲ, ნუ სამართლისა გარდაქცევით მოვიმადლებთ დასასჯელად სულთა ჩვენთა, არამედ სხვითა სახითა აღვასრულოთ პატივისცემა მათი და სიყვარული, კეთილად და ღმრთივშვენიერად. და სამართალი ჭეშმარიტი დავამტკიცოთ უცილობელად, ვითარცა წერილ არს: „უკეთუ იქმოდეთ სიმართლესა, ჭეშმარიტებასამცა ზრახევდით, ძენო კაცთანო“.
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, ვინათგან სამართალი ჭეშმარიტი ჯერ არს, მაშა ამას ზედაცა ჭეშმარიტი სამართალი ჰშვენის ჩვენდა, რომელ სული ჩვენი გლახაკ და უწყალო დაგვიტევებიეს, და ჴორცნი შვებით და პატივით შეგვიმკიეს, რომლისათვის უფალი ბრძანებს: „ანუ არა რაჲსათვის თავით თვისით არა სჯის სამართალსა“[ლკ. 12,57].
ვჰსაჯოთ, საყვარელნო, თავსა შორის ჩვენსა ჭეშმარიტი სამართალი! და ვითარცა „სული უფროს არს ჴორცთასა“[მთ. 6,25; ლკ. 12,23], ეგრეთვე უმთავრესიცა ნაწილი, სულსა ჰშვენის მიცემად, ვინათგან ყოველივე სულიერი საუკუნო არს და ჴორციელი საწუთო, „რამეთუ ყოველი ჴორცი თივა არს და ვითარცა ყვავილი ველისაჲ“[ეს. 40,6; 1 პეტ. 1,24].
სულისა ნაწილი არს მოწყალება, ხოლო ჴორცთა – შემკობა. სულისა ცხოვრება არს მარხვა, ხოლო ჴორცთა – ჭამა. სულისა სარგებელი არს მოღვაწება, ხოლო ჴორცთა – განსვენება. სულისა სათნო არს ლოცვა, ხოლო ჴორცთა – ძილი.
არამედ განვჰყოთ საცხოვრებელი ჩვენი, საყვარელნო, და მივჰსცეთ ღმრთისა ღმერთსა, ლოცვა და სათნოება სულითა, ხოლო კეისრისა – კეისარსა, ძილი და ჭამა უცოდველი – ჴორცთა. და სიმართლით კეთილად წარვლოთ წუთ-ჟამისა ესე ცხოვრება, რათა საუკუნოსა ცხოვრებასა მივიწივნეთ. და ვითარცა სულ არს ღმერთი, ეგრეთვე სულითა და ჭეშმარიტებითა თაყვანისვსცემდეთ მამასა და მართლმსაჯულსა ძესა და სულსა ყოვლადწმიდასა, რომელი ჰსუფევს და იდიდების უკუნითი უკუნისამდე. ამინ.