თხრობა სულიერი ჲე [65]. მართლისა მეტყველებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ბრძანებს: „ყოველი, რომელი ჭეშმარიტებისაგან იყოს, ისმინოს ჴმისა ჩემისა“(იო. 18,37). საყვარელნო, ვისმინოთ ღმრთივშვენიერი ქადაგება იესო ტკბილისა წმიდისა სახარებისა მიერ, რათა ვისმინოთ ყოვლადსაწადელი და ყოვლად­ტკბილი ჴმა მისი კურთხევისა და მშვიდობისა, სიხარულისა და ცხოვრებისა, რამეთუ „იგი არს ჭეშმარიტება და ცხოვრება“[იო. 14,6]. ესე არს ჴმისა მისისა სმენა, ძმანო, რათა შევიყვაროთ სიმართლე და მოწყალება, შევიტკბოთ სიმდაბლე და სიმშვიდე, შევიკრძალოთ სიწმიდე და სიყვარული, და ყოველივე სათნოება, რომელთა მიერ არს ცხოვნება სულისა და მარადის სურვილით ვეძიებდეთ სათნოყოფასა ღმრთისასა. რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმრთისა მადლითა განათლებული, კეთილად გულისჴმიერი, სიბრძნითა და მეცნიერებითა შემკობილი და უფროსად სამღთოს მოქალაქობითა და სათნოებით ამაღლებული და მართლგამომეტყველი სიტყვასა მას ჭეშმარიტებისასა. რომლისადა მივიდნენ ქრისტეს მიერ ძმანი სულიერნი და ჰკითხეს სიტყვა სამღთოსა წერილისა მეტყველთა: „რაჲ არს, ღმრთივგანბრძობილო მამაო პატიოსანო, სიტყვა იგი, რომელი წერილ არს იობს შინა, ვითარმედ: „ცანიცა არავე წმიდა არიან წინაშე შენსა, უფალო“[იობ. 25,5]. ხოლო სანატრელმან მამამან სულთ ითქუნა და სთქუა: „ვაჲ ჩემდა, რამეთუ დაუტევეს ძმათა ზრუნვა ცოდვათა და ქმნა სათნოებათა, რომელნი არიან ნამდვილ საჭირო სულისა ცხოვნებისათვის, და ცათასა გამოეძიებენ. გარნა ცხადი ძალი სიტყვისა მაგის ესე არს, საყვარელნო შვილნო, ვითარმედ: მხოლო ოდენ ღმერთი არს სრულიად წმიდა და ზესთა ყოველთა წმიდათა, და ვერარაჲ დაბადებულთაგანი შეესწორების ყოვლადწმიდასა მასთანა სიწმიდესა ღმრთისასა, და ამისთვის იტყვის თუ: „ცანიცა ვერ წმიდა არიან წინაშე შენსა, უფალო“. გარნა ჭეშმარიტი საძიებელი არს, ღმრთივსულიერნო შვილნო საყვარელნო, პატიოსანი სათნოება, რამეთუ თვინიერ სათნოებისა, ვერვინ იხილოს ცაჲ, და ვერცა ცისა შინანი, დიდება ღმრთისა. არამედ სათნოება იძიეთ, ვითარცა წმიდანი მამანი იტყვიან: „აბრაჰამ უცხოთმოყვარე იყო და ღმერთი იყო მისთანა; ილია ლოცვისმოყვარე იყო და ღმერთი იყო მისთანა; დავით მშვიდი იყო და ღმერთი იყო მისთანა; იობ მართალი იყო და ღმერთი იყო მისთანა“. ესევითარითა სათნოებითა მოიგების ღმერთი, ღმრთისა მიერ საყვარელნო შვილნო წმიდისა ემბაზისანო. და რომელნი სათნოებათა შეიტკბობენ, ღმერთი დაემკვიდრების მათ შორის და ამაღლდებიან ცასა ცათასა და განათლდებიან ღმრთისა თანა, ვითარცა თვით უფალი ბრძანებს: „მე მოყვარეთა ჩემთა შორის და იგინი ჩემ თანა“[იო. 14,3]. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, შევიტკბოთ ჩვენცა სათნოება და მოვიგოთ სათნოებათა საუნჯე – სიმართლე, და სათნო ვეყვნეთ სახიერსა უფალსა და ავმაღლდეთ ცასა ცათასა. და დავემკვიდრნეთ სასუფეველსა ღმრთისასა, სადაცა არს ბრწყინვალება თუალთ­შეუდგამი, ელვარება განუცდელი და შვენიერება გამოუთქმელი, მართალთა ბანაკი, წმიდათა მწყობრი და ღირსთა გვირგვინოსნება. ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო და სათნოებათა მოსურნენო, შევიმოსოთ სიმართლე და წმიდა ვიქმნეთ, ვითარცა ჰგალობს მეფსალმუნე: „მღუდელთა შენთა, უფალო, შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ“[ფს. 131,9]. ვიტყოდეთ მარადის მართალსა და ნუ ოდეს ვიცრუებთ, რამეთუ: „ცრუთა სასუფეველი ვერ დაიმკვიდრონ“[1 კორ. 6,9], სიტყვისაებრ მოციქულისა და სული წმიდა იტყვის: „ვის უყვარს სიცრუე, მას სძულს სული თვისი“(ფს. 10,5). არამედ შევიტკბოთ სიმართლე და შევიყვაროთ სული ჩვენი და დავადგრეთ ჭეშმარიტებასა, რათა ვსცხონდეთ იესოს თანა, ვითარცა ბრძანებს: „მე ვარ ჭეშმარიტება და ცხოვრება“(იო. 14,6). და მართლიად ვიტყოდეთ სიტყვასა ჭეშმარიტებისასა, სიბრძნითა და გონიერებითა, ვითარცა წერილ არს: „პირმან მართლისამან იწვართოს სიბრძნე და ენა მისი იტყოდეს მსჯავრსა“(ფს. 36,30). უკეთუ სიმართლით ვიქცეოდეთ, ჵ, ძმანო, ესეცა ქვეყანა კეთილითა ცხოვრებითა და მშვიდობით წარვლოთ და ნამდვილ ჭეშმარიტი ცხოვრება და საუკუნო დიდება სასუფეველისა დავიმკვიდროთ და ყოველთა წმიდათა და მართალთა თანა ვსუფევდეთ, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ საუკუნითგან აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.