თხრობა სულიერი ჲჱ [68]. სიმართლისათვის პატიოსნისა
ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ“[ლკ. 6,21].
საყვარელნო, პირველისა მამისა ჩვენისა ადამისთანა უწინარეს ცთომისა არა იყო ტირილი და არცაღა ყოფად არს შემდგომად ყოველთა აღდგომისა მართალთათვის ტირილი. არამედ, ცთომასა შინა მყოფთა, შეცოდებულთა მოგვეცა წამლად ტირილი და ცრემლნი, და დიდნი წამალნი არიან სულისა ჭეშმარიტნი ცრემლნი. და მისთვის ნეტარ არიან, რომელნი ცოდვათა სინანულისათვის სტირიან, და მათ უბრძანებს უფალი: „გიხაროდენ, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ არს ცათა შინა“[მთ. 5,12]. და რომელნი განწმედილ იყვნენ ცოდვისაგან, და მიელისთ საუკუნო სიხარული. მისთვის მრავალთა მართალთა სული მხიარულებით განვალს ჴორცთაგან, ცხად მყოფელად მერმისა მის სიხარულისა.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა, მართალი, წრფელი, ტკბილი, სახიერი, სათნო უფლისა, დუმილის შემტკბობელი და გონებაგანათლებული ლოცვისა მიერ საიდუმლოდ ღმრთისა მიმართ. და უკეთუ მცირეოდენ რაჲმე ვნება იხილის თავსა შორის თვისსა, მეყსეულად, მოსწრაფედ, მხურვალითა ცრემლითა შეინანის და არარაჲ დაუტევის თვის შორის მანკიერება სულისა. რამეთუ მარადღე განმზადებულ იყო გულისა სიმართლითა და მოელოდა თანაწარუვალსა სიკუდილსა, ჰსუროდა განსლვა ჴორცთაგან და მისლვად უფლისა.
ხოლო ოდეს სათნო იყო კაცთმოყვარემან ღმერთმან ამის ღირსისა საუკუნო სიხარულსა შინა მიცვალება, რათა მიანიჭოს შრომისათვის სასყიდელი და სათნოებისათვის გვირგვინი, მაშინ მცირედ ოდენ სალმობიერ იქმნა. და შემოჰკრბენ ძმანი მონასტრისანი, წარგზავნასა მის ნეტარისასა წესისაებრ მიცვალებადისა, ვითარცა ჰშვენის სიყვარულსა წმიდათა მამათასა. და იგი ნეტარი მდებარე იყო თუალდაწუხვილი უსიტყველად, გარნა გონებითა ზესთა საკვირველებათა ხედვიდა, სადაცა მიმავალ იყო. ხოლო ძმანი იგი სტიროდეს და სცრემლეოდეს და მან ნეტარმან აღიხილნა თუალნი თვისნი და განიცინა, და კვალად განიცინა და მესამედ კვალად განიცინა.
ჰლოცვიდეს მას ძმანი და ეტყოდეს: „პატიოსანო მამაო, ყოვლადსანატრელო, გევედრებით, გვაუწყე, თუ რაჲ არს საქმე ესე, რომელ ჩვენ ვსტირთ და შენ იცინი“. ჰრქუა მათ წმიდამან ბერმან: „პირველად ამისთვის განვიცინე, შვილნო, რომელ ყოვლადვე გეშინისთ სიკუდილისაგან; მეორედ ამისთვის განვიცინე, თუ რად არა ხართ თქვენ მზაჲ; ხოლო მესამედ ამისთვის განვიცინე, რამეთუ ჭირისაგან განსვენებად მივალ და საუკუნო სიხარულად მადლითა ღმრთისათა“.
ესე ვითარცა ჰსთქუა, მეყსეულად დაიძინა წმიდამან ბერმან ძილი იგი მართალთა და იხარებს დიდებასა შინა ღმრთისასა განსვენებული სავანესა მართალთასა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ ჩვენცა სიმართლე, სიწრფოება და უვნებელობა სულისა. და უკეთუ შეგვემთხვიოს რაჲმე ვნება ჴორცთა შინა მყოფთა, მოსწრაფედ განვიბანოთ ბიწი სულისა ჩვენისა ცრემლითა ლმობიერითა. და განმზადებულ ვიყვნეთ სათნოებითა თანანადებისა ჩვენისა გარდახდისათვის, რომელ არს სიკუდილი. აქა ვსტიროდეთ ცოდვათა ჩვენთა, რათა მუნ საუკუნოდ ვიხარებდეთ ყოველთა მართალთა თანა.
ლმობიერნი გულითა ვსცრემლეოდეთ დუმილით ქრისტეს მიერ შესვენებულთა ძმათათვის და ამითცა კეთილ-წესიერებით მივემსგავსნეთ მაცხოვარსა ჩვენსა იესოს, ვითარ იგი კაცობრივის ბუნებით სცრემლეოდა საყვარელისა მეგობრისა თვისისა მართლისა ლაზარესთვის. და არა უშვერად ჴმა-განტევებითა ვგოდებდეთ, რომელსა წმიდანი მამანი სძაგებენ.
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, გულითა ლმობიერ ვიყვნეთ, სულითა – მდუღარე, სიტყვითა – მართალ, ჴელითა – მოწყალე, ფერჴითა – მორჩილ და ყოვლითა სათნოებითა შემოსილ. ხოლო პირითა ვფსალმუნებდეთ, გალობითა და შესხმითა სულიერითა ვაქებდეთ და ვაკურთხევდეთ უფალსა მეტყველნი: „კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი“(ფს. 118,12). და ესრეთ ყოვლითა კეთილითა საქმითა განმზადებულ ვიყვნეთ, რათა ოდეს მოვიდეს სიძე იგი უკუდავი, სიხარულით მივეგებნეთ ლამპარითა ბრწყინვალითა და ვიტყოდეთ: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“(ფს. 117,26; მთ. 23,39; ლკ. 13,35; იო. 12,13). ხოლო მან ტკბილმან და სახიერმან მეუფემან მოგვიგოს: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო“(მთ. 25,34), რათა შეხვიდეთ სიხარულსა უფლისა თქვენისასა და ჩემ თანა გიხაროდენ საუკუნოდ, დაუსრულებელად უკუნითი უკუნისამდე. ამინ.