თხრობა სულიერი ჲთ [69]. სიმართლისათვის სათნოჲსა
ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისა მიიღოს“(მთ. 10,41). და სული წმიდა იტყვის, პირითა სოლომონისათა: „მართალი თუ აღესრულოს, განსვენებასა შინა იყოს“(სიბრძ. 4,7).
საყვარელნო, სიმართლით და სიწრფოებით ცხოვრება აქაცა კეთილ არს და პატიოსან და მას საუკუნესა ღმრთისა მიერ პატივცემულ, ანგელოსთაგან საქებელ და წმიდათა კაცთა სათნო, საწადელ და საყვარელ, ვითარცა გალობს მეფსალმუნე: „სიმართლე და სიწრფოება შეიყვარა პირმან შენმან“[ფს. 10,7].
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი, გონებითა განწმედილი და სულითა მხილველი მრავალთა საკვირველებათა.
დღესა ერთსა გამოვიდა სენაკით და იხილა მკუდარი ვინმე მიაქუნდათ საფლავად. და სულიერითა თუალითა იხილა სული მის ნეტარისა ორთა ანგელოსთა პატივისცემით მიჰყვანდათ ზეცად. დასდგა წმიდა იგი ბერი ლოცვად და ევედრა ღმერთსა მხურვალედ, რათა გამოუცხადოს საქმე მის მიცვალებულისა. და აჰა, მოვიდა მცველი მისი ანგელოსი და ჰრქუა: „ამან, კაცმან მართალმან, სიწრფოებით და სიმართლით აღასრულა ცხოვრება თვისი, და ჴელითა თვისითა მუშაკობდა და მით ქველისსაქმესა ჰყოფდა. და რაჲთგან სცნა მან თავი თვისი, ოთხშაბათსა და პარასკევსა თვით იმარხვიდა და მშიართ გამოზრდიდა. და ორთა ამათ დღეთა პატივისათვის ორითა ანგელოსითა პატივსცა ღმერთმან სულსა მისსა.
ესერა ესმა ღირსსა მას ბერსა ანგელოსისა მისგან, განკვირვებული ადიდებდა ღმერთსა და იტყოდა: „ეჰა, კურთხეულ არს სახელი შენი, უფალო, რომელსა მრავალნი ესევითარნი დაფარულნი მონანი გისხენ და არა ვისსა კეთილსა უგულებელს ჰყოფ. დიდება ურიცხვთა შენთა მოწყალებათა, კაცთმოყვარეო მეუფეო“.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ ჩვენცა სიმართლე და სიწრფოება, რათა საყვარელ და პატივცემულ ვიქმნეთ ღმრთისა მიერ. და სიმართლით მოგებულითა ჩვენითა ვიქმოდეთ მოწყალებასა და ვიმარხვიდეთ პატიოსანთა ამათ დღეთა: ოთხშაბათსა ამისთვის, ვინათგან ჯვარი ქრისტესი ოთხშაბათსა განმზადეს და სიკუდილი იესოსი განიზრახეს ურიათა. და პარასკევსა მისთვის, რომელ მაშინ ჯვარს ეცუა მეუფე ჩვენი მაცხოვარი, და ჯერ არს ჩვენდა მარხვაჲ, ვითარცა თვით უფალი ბრძანებს: „ოდესს ამაღლდეს ძე კაცისა, მაშინ იმარხვიდენ“[მრკ. 2,20; ლკ. 5,35]. რამეთუ პარასკევსა დღესა ამაღლდა ჯვარსა ზედა უფალი დიდებისა, მზე სიმართლისა იესო და განსწმიდა ჰაერი კერპთმსახურებისა ნაზორევითა კუამლითა შებინდებული. და სისხლი მისი გარდამოსდიოდეს ქვეყანად, რათა აღიხუნას ცოდვანი სოფლისანი, აბელ მართლისა სისხლისა შემწყნარებლისანი.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, სიმართლითა გულისათა ვიქცეოდეთ და პატივს ვცემდეთ მარხვასა მოსეს პირის განმაბრწყინვებელსა, ისაიას ბაგეთა განწმედელსა, ილიას აღმამაღლებელსა, მოციქულთა სულითა წმიდითა აღმავსებელსა და ჩვენ შორის სათნოებათა ყუავილსა, სიწმიდისა მშობელსა. და შევიტკბობდეთ მოწყალებასა ქვეყანით ზეცად აღმამაღლებელსა ჩვენსა, და აღვასრულებდეთ წმიდასა ლოცვასა, ღმრთისა პირისპირ ზრახვით განმანათლებელსა.
რამეთუ მარხვა უვნებელი ცოდვასა განსწმედს, აღსაარება სინანულით სრულიად უჩინო ყოფს, მოწყალება სიმართლით ღმერთსა მოწყალე ჰყოფს ჩვენ ზედა, ლოცვა წმიდა ღმრთისა თანა მეტყველ გვყოფს; სიმდაბლე-სიმშვიდით გვირგვინ გვექმნება, სიყვარული ჭეშმარიტი ყოველსა შინა სრულ გვყოფს. ხოლო წმიდა ზიარება განგვაღმრთობს და ღმერთსა შეგვაერთებს და ვიქმნებით მადლით ღმერთ, ბუნებით ღმრთისა მადლითა.
ამას გევედრები, ჵ, ძმანო ჩემნო საყვარელნო, ესე სათნოებანი მოვიგოთ და ყოველთა მართალთა თანა ჩვენცა სასყიდელი და გვირგვინი სიმართლისა მივიღოთ სასუფეველსა ცათასა და ვიხარებდეთ საუკუნოდ ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.