თხრობა სულიერი ო [70]. მართალთა მიცვალებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისა ზეცათასა“[მთ. 13,43]. საყვარელნო, ნამდვილ ნეტარ არიან მართალნი და სამგზის სანატრელ მათი მიცვალებაჲ, ჭეშმარიტად, ვითარცა ბრძანებს უფალი: „ნეტარ არს მონისა მის, რომლისა მოვიდეს უფალი მისი“(მთ. 24,46) და ჰპოვოს იგი ესრეთ მოქმედი, შემკული სათნოებითა და განმზადებული სიმართლითა. რამეთუ იყო ვინმე კაცი მართალი, ღმრთისმოყვარე, რომელმან მცნებისაებრ მაცხოვრისა განჰყიდა მონაგები თვისი და განუყო გლახაკთა. ვითარცა ბრძანებს: „განჰყიდენით მონაგებნი თქვენნი, და მიეცით ქველისსაქმე და ჰყავთ თავისა თქვენისა საფასე... საუნჯე მოუკლებელი ცათა შინა“(ლკ. 12,33). განთავისუფლდა ზრუნვათაგან სოფლისათა და წარვიდა უცხოებად, და მუნ კეთილითა სათნოებითა იყოფოდა სიმდაბლითა, სიმშვიდითა, ბაგისა დუმილითა, გონებისა ლოცვითა და არავის განიკითხვიდა, არამედ მარადის მზა იყო სიკუდილისათვის და თვით მოელოდა განკითხვასა უფლისა მიერ. და ოდეს მოიწია ჟამი მიცვალებისა მისისა, კეთილითა სასოებითა, ლოცვითა და პატიოსნებითა, მშვიდობით უფლისა მიმართ მიიცუალა. ვითარცა წერილ არს: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“(ფს.115,6). ხოლო დახუდა მიცვალებასა მის ნეტარისასა დიდთა წმიდათაგანი ვინმე, სულითა მხილველი, რომელმანცა იხილნა სიმრავლე ანგელოსთა მოსრულნი ნუგეშინისცემად მართლისა მის, და წინაუძღოდეს სულსა მას საყვარელსა ღმრთისასა. ამას ყოველსა ჰხედვიდა ღირსი იგი ბერი, ვიდრემდის აღიყვანეს ზეცად და განეხვნეს მას ცანი და შეიყვანეს ყოვლადსანატრელი იგი სული დიდებასა ღმრთისასა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ვიდრემდის ვართ ცხოვრებასა ამას, მოვიგოთ სიმართლით კეთილნი საქმენი, რათა სათნო ვეყვნეთ მეუფესა ჩვენსა, და მარადის მზა ვიყვნეთ თანაწარუვალისა სიკუდილისათვის და არა შევსძრწუნდეთ სიტყვისაებრ მგალობელისა. ხოლო უკეთუ არა ვქმნეთ კეთილნი საქმენი და არა განვემზადნეთ ბუნებისა ჩვენისა თანანადებისა სიკუდილისათვის, უეჭველად „მოვიდეს დღესა, რომელსა არა მოველოდეთ და ჟამსა, რომელნი არა უწყოდეთ, და ორად განგვეკვეთოს ჩვენ – სული ჴორცთაგან განაშოროს და ნაწილი ჩვენი, რომელ არს სული დასდვას ორგულთა თანა“[მთ. 24,50-51], რომელ არიან ეშმაკნი. ვაჲ, რამეთუ „სიკუდილი ცოდვილთა ბოროტ არს“(ფს. 33,22); ვაჲ რამეთუ ჰაერის მცველთაგან ტანჯვაჲ უბოროტეს არს; ვაჲ, რამეთუ წინაშე ღმრთისა წარდგომა საშინელ არს; და ვაჲ, რამეთუ ღმრთისა პირისაგან განვრდომა უსაშინელეს არს; ვაჲ, რამეთუ ჯოჯოხეთს შესლვა საწყალობელ არს; და ვაჲ, რამეთუ შესლვა და გამოუსვლელობა უკუნისამდე უსაწყალობელეს არს. ამისთვის ვიტყვი, ვედრებით ვიღვაწოთ, ძმანო, ვიღვაწოთ, რათა არა მივეცეთ ბნელსა გარესკნელსა, არამედ სათნოებათა საუნჯე – სიმართლე შევიმოსოთ, რათა გვიხსნეს კაცთმოყვარემან ღმერთმან ყოველნივე ქრისტეანენი. და მოგვმადლოს სახიერებითა თვისითა კეთილის მოქმედება, სათნოებით წარმატება, აღსაარებით განწმედა და ზიარებით განბრწყინვება, სათნოდ ღმრთისა მიცვალება და სასუფეველსა დამკვიდრება, საუკუნოდ მას შინა სუფევა და დიდება და დიდად შვენიერი ბრწყინვალება და განათლება დაუსრულებელად. ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო პატიოსანნო უფალნო ჩემნო, ესე ყოველნი სამღთონი მცნებანი და ღმრთივსულიერნი თხრობანი გულთა შინა ჩვენთა დავიუნჯნეთ, ვითარცა კეთილნი მარგარიტნი. და ოდესცა სახმარ იყვნენ სათნოებათათვის, ღმრთივშვენიერად ვიხმარნეთ და ნაყოფიერ ვიქმნეთ სულითა, ვითარცა უფალი ბრძანებს სახლისა უფლისათვის ყოვლადბრძნისა, ვითარმედ: „გამოიღის საუნჯისაგან გულისა თვისისა, ძველნი აღთქმანი და ახალნი მადლნი“[მთ. 13,52]. და გულსმოდგინე ვიქმნეთ, ჵ, საყვარელნო, კეთილთა შინა მოქმედებათა, ვინათგან: „სული გულსმოდგინე არს, ხოლო ჴორცნი უძლურ“(მთ. 26,41). და ესრეთ სათნოებით წარვლოთ მცირე ესე ჟამი ცხოვრებისა ჩვენისა, და მშვიდობით უფლისა მიმართ მივიცვალნეთ, და წმიდათა ანგელოსთა შეწევნითა უვნებელად განვერნეთ ჰაერის მცველთაგან. ხოლო დიდებით მოსლვასა უფლისასა მართალთა თანა აღვირაცხნეთ, და მათთანავე აღტაცებულნი ღრუბლითა, ვითარცა მზე გამოვბრწყინდეთ სასუფეველსა ცათასა და სამარადისოდ უგალობდეთ, ვმადლობდეთ და ვადიდებდეთ მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, რომელი კურთხეულ არს და დიდებულ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. დასასრuლი მეშვიდისა თავისა