თხრობა სულიერი ოა [71]. სიწმიდისათვის კეთილისა
ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“(მთ. 5,8).
საყვარელნო, სიწმიდე ანგელოსთა მსგავსება არს და ღმრთისა სამკვიდრებელ და კაცთაგან სანატრელ. სიწმიდისა ყუავილნი ყოვლადბრწყინვალე არიან, ნათლითა შემოსილ, ღმრთივშვენიერ და სუნნელებითა მადლისათა აღსავსე. სადაცა სიწმიდე არს, მუნ ღმერთი იდიდების, ანგელოსნი იხარებენ და ეშმაკნი იდევნებიან.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი, რომელი შემკობილ იყო ყოვლითავე სათნოებითა: მარხვითა, ლოცვითა, სიწმიდითა, სიმართლითა, სიტკბოებითა, სახიერებითა და მოწყალებითა. და მოენიჭა ღმრთისა მიერ მადლი სასწაულთმოქმედებისა. ვინათგან ყოველთა უწყოდეს ღირსება მისი და პატიოსნება, მიიყვანეს მისა ეშმაკეული ვინმე და ევედრებოდეს განკურნებად მისა. ხოლო წმიდასა მას კაცსა ღმრთისასა შეეწყალა იგი, ილოცა მისთვის და გამოსახა სასწაული პატიოსნისა ჯვარისა კაცსა მას ზედა და განსდევნა მისგან ეშმაკი იგი სახელითა იესო ქრისტესითა. მიუგო ეშმაკმან ბერსა მას და ჰრქუა: „ვინათგან განმდევნე მე საყოფელისაგან ჩემისა, უეჭველად შენ ზედა მოვიდე“. ჰრქუა მას ბერმან: „მოვედ, მე არა მეშინის შენგან“.
და ვითარცა მივიდა მისა ეშმაკი იგი, ხოლო ბერმან შესძინა მარხვასა და ლოცვასა თვისსა და უმეტესად განამრავლნა მოღვაწება ფრიად. და შემდგომად რაოდენისამე ჟამისა, წარვიდოდა მისგან ეშმაკი იგი. ჰრქუა მას ბერმან: „რად წარხვალ, სულო ბოროტო?“ მიუგო ეშმაკმან: „ვერვის ძალუძს ყოფად შენთანა თვინიერ ღმრთისა, რამეთუ დამწვი მე სიწმიდითა შენითა“. ესე სთქუა და უჩინო იქმნა ეშმაკი იგი. ხოლო ბერი უმეტესად გულმოდგინედ ადიდებდა ღმერთსა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ სიწმიდე, რომელი ანგელოსთა მსგავსება არს და ღმრთისაცა, ვითარცა იტყვის უფალი წინასწარმეტყველისა მიერ: „წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ“(ლევ. 19,2; 1 პეტ. 1,16). ძმანო, რომელიც კაცი სულით და ჴორცით წმიდა იქმნების, მის შორის მამა სათნო იყოფს, ძე დაიმკვიდრებს და სული წმიდა განისვენებს. ანგელოსნი იხარებენ და მარადის ღმრთისა დიდებასა განიცდის გონებისა თუალითა, გულის სიწმიდითა და სულის სიწრფოებითა და წმიდანი ღმრთისანი გვირგვინსა ყუავილოვანსა უმზადებენ და თვისთანა მიელიან საუკუნო სუფევად და დიდებად.
ხოლო სადა არაწმიდება იქმნების, მუნ ეშმაკნი იმწუპებიან, ვითარცა ღორნი სიმყრალესა შინა, და შეგინებული არს მათი სულიცა და გონებაცა. ამას საწუთოსა ბოროტად და ხენეშად გარდაიხდიან დღეთა თვისთა შიშით და ძრწოლით იტანჯებიან მხილებითა სვინიდისისაგან თვისისა. და მას საუკუნესა ცეცხლსა უშრეტსა, მატლსა დაუძინებელსა და ყოველსავე სიბოროტესა მიელიან.
ხოლო ჩვენ, საყვარელნო, განვეკრძალნეთ ყოველსავე სიბილწესა, რომელ საძაგელ არს სიტყვადცა და შემამწიკვლებელ გონებისაცა. არამედ შევიყვაროთ სიწმიდე გულისა, შევიტკბოთ სიწრფოება სულისა და მოვიგოთ უვნებელობა გულისსიტყვისა. ესევითარითა სიწმიდისა სათნოებითა მხიარულ ვჰყოთ მცველი ჩვენი ანგელოსი, რათა ლოცვა ჩვენი მან შესწიროს წინაშე ღმრთისა მსგავსად საკმეველისა სუნად სუნნელად, ვითარცა აბელის ძღვენი და ნოეს მსხვერპლი და ვითარცა შვილნი ზეცათა მამისანი ღირსებით ვიტყოდეთ: „წმიდა იყავნ სახელი შენი“(მთ. 6,9).
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, ვიღვაწოთ მოგებად სიწმიდისა, რათა ღირს ვიქმნეთ ყოველთა წმიდათა თანა დამკვიდრებად წმიდასა წმიდათასა ზეცისა სასუფეველსა, და შორის წმიდათა ანგელოსთა ვიხარებდეთ საუკუნოდ, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.