თხრობა სულიერი ობ [72]. სიწმიდისათვის გვირგვინოსნისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი საბაოთ იტყვის პირითა წინასწარმეტყველისათა: „წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ“(ლევ. 19,2; 1 პეტ. 1,16). საყვარელნო, სიწმიდე ღმრთისა მსგავსება არს, ანგელოსთა მოყვსობა, წმიდათა მოდასეობა, მართალთა მხიარულება. და მარგარიტოვან ბრწყინვალედ გვირგვინოსან იქმნების მომგებელი სიწმიდისა და ღმრთივშვენიერებით ადიდებს მეუფესა სერაჶიმთაებრ წმიდაარსობით. რამეთუ ძმა ვინმე სიწმიდის მოყვარე წარვიდა ქალაქად მორჩილებითა მამისა სულიერისათა. და ბრძოლილ იქმნა ხუთგზის ეშმაკისაგან ბოროტისა გულისსიტყვითა. ხოლო იგი ილოცვიდა გონებითა ღმრთისა მიმართ და მოიხსენის ცეცხლი იგი გეენიისა, რომელი მიელის ცოდვილთა და არა­წმიდათა. და ესრეთ განთავისუფლდა ვნებისა მისგან ბოროტისა, მადლითა სახიერისა ღმრთისათა. და მივიდა მამისა თვისისა სულიერისა ფრიად შეწუხებული, და აღუარა გულისსიტყვანი თვისნი ხენეშნი. ხოლო მოძღვარი იგი მისი დიდთა წმიდათაგანი იყო. და იხილნა მის ზედა ხუთნი გვირგვინნი, ყოვლადბრწყინვალენი და ფრიად შვენიერნი და ჰრქუა: „ნუ გეშინინ, შვილო საყვარელო, რამეთუ ღმერთმან სათნო იყო და შეიწირა სიწმიდისმოყვარება შენი და გულს­მოდგინება და მისთვის მოგანიჭნა გვირგვინნი ძლევისანი მოთმინებისათვის, რომელ მხნე იქმენ და არა მისდრიკე გულისსიტყვა შენი ეშმაკისა ვერაგობასა, არამედ წინააღუდეგ ლოცვისა მიერ. და რამეთუ იოსებ შვენიერიცა მაშინ განბრწყინდა სიწმიდითა და გვირგვინოსან იქმნა, ოდეს არა იძლია დედაკაცისა მისგან, არცა ეშმაკისა მიერ ბოროტისა, არამედ დაიცვა უბიწოდ სიწმიდე თვისი შიშითა ღმრთისათა. და ამასცა სოფელსა და მას საუკუნესა მრჩობლი გვირგვინი მიიღო ზეგარდამო მადლითა ღმრთისათა. და აწცა რომელნი არა იძლევიან ეშმაკისაგან, არამედ დაიცვენ სიწმიდით თავთა თვისთა, მის თანა იდიდებიან გვირგვინითა ბრწყინვალითა საუკუნოდ. ესრეთ აღეშენა ძმა იგი დაბრკოლებული და ადიდებდა ღმერთსა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ სიწმიდე სულისა და ჴორცთა და უკეთუ მოგვიხდეს რაჲმე გულისსიტყვა ბოროტი, შემამწიკვლებელი სვინიდისისა, მსწრაფლ განვიწმიდნეთ გული ჩვენი ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ჴორცთასა. და აღვასრულებდეთ სიწმიდესა შიშითა ღმრთისათა და გვაქუნდეს რა სიწმიდე და სიმართლე, ღმერთი წმიდა იდიდოს სიმართლესა შინა ჩვენსა სიტყვისაებრ ისაიასა. რამეთუ სიწმიდის მოყვარენი წმიდათათვის განმზადებულსა სასუფეველსა ცათასა დაიმკვიდრებენ და წმიდათა ანგელოსთა შორის განწყობილნი სერაჶიმებრთა გალობასა სამწმიდაარსობით დიდებულ ღმერთსა უგალობენ სამარადისოდ და ადიდებენ ღმრთივშვენიერად. ხოლო სიბილწის მოქმედნი მიეცემიან სატანჯველსა საუკუნესა, ბნელსა გარესკნელსა, ტარტაროზსა ჯოჯოხეთისასა, რომელი განმზადებულ არს არაწმიდათა ეშმაკთათვის და მორჩილთა მათთათვის, სადა იგი ცეცხლი მათი არა დაშრტების და მატლი არა დაესრულების და გოდება მათი არა დაეცადების მეტყველთა: „ვაჲ ცოდვილთა, ვაჲ არაწმიდათა და ვაჲ უნანელთა შეგინებულთა სიბილწითა“. არამედ ჩვენ, ჵ, საყვარელნო, ვიდრემდის ვართ ცხოვრებასა ამას, აღვიკრძალოთ თავნი ჩვენნი და განვიწმიდნეთ გულნი შიშითა ღმრთისათა, რათა განვნათლდეთ სიყვარულითა სიწმიდისა მისისათა და ღირს ვიქმნეთ ხილვად პირისა ღმრთისა იაკობისსა. და აღმობრწყინდეს ჩვენ შორის ჰაეროვანი მთიები იგი განთიადისა ვარსკულავი ბრწყინვალე და უფროსღა მზე სიმართლისა. და მცხინვარებითა ელვარებისა თვისისათა მიგვიზიდოს სიმაღლედ, ხოლო სიტკბოებითა საწადელითა და ღმრთივშვენიერითა მეუფებითა გვიბრძანოს: „კეთილ მონაო, სახიერო და სარწმუნოო... შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა“(მთ. 25,21) და მიიღე სიმართლისა და სიწმიდისა იგი გვირგვინი ყოვლადბრწყინვალე და დიდებული, რომელი ღირს არს და მართალ სიწმიდის მოყვარეთა, რათა იდიდებოდეთ დაუსრულებელად ჩემთანა უკუნითი უკუნისამდე. ამინ.“