თხრობა სულიერი ოგ [73]. შიშისათვის უფლისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, სული წმიდა იტყვის პირითა დავითისითა: „დასაბამი სიბრძნისა – შიში უფლისა“[ფს. 110,10]. და კვალად იტყვის: „შიში უფლისა წმიდა არს. და გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანება მოშიშთა მისთა“[ფს. 18,10; 33,10]. ამის ესევითარისა სამღთოსა მცნებისა შემტკბობელი იყო ვინმე ბერი წმიდა, საყვარელნო, კეთილგონიერი, მეცნიერებით განათლებული, ღმრთივგანბრძნობილი და მოშიში უფლისა, რომელიცა ევედრა ღმერთსა, რათა მომადლოს მას ნიჭი ესე, რომელ ჟამსა ლოცვისა, გინა სამღთოსა სწავლისა, ანუ სულიერთა თხრობისა და წმიდათა წერილთა კითხვისასა არა მიეძინოს. ხოლო უკეთუ სიტყვა ცუდი, უსარგებლო და ამაოჲ ითქმოდეს, მეყსეულად დაეძინოს, რათა არარაჲ ესევითარი შეიწყნაროს სასმენელმან მისმან, რამეთუ ეშინოდა ვნებათაგან. ხოლო ღმერთმან სახიერმან, ისმინა ვედრება მისი და მიანიჭა ესე მადლი, ვითარცა წერილ არს: „ნება მოშიშთა მისთა ჰყოს და ვედრებისა მათისა ისმინოს“(ფს. 144,19). ხოლო დღესა ერთსა ჰქადაგებდა ღირსი იგი ბერი წმიდასა ეკკლესიასა შინა და მოუთხრობდა ღმრთივმოცემულითა მისდა სიბრძნითა ზეცისა მხედრობათათვის და სასუფეველისა დიდებისა და მსმენელთა სულთა ცხოვნებისათვის და მცირედ გაგრძელდა სიტყვაჲ, და მრავალთა მიეძინათ. ხოლო მან ღონედ იხმია ჴელოვნება და შორის შემოიღო სიტყვა მსოფლიო და ყოველთა განიღვიძეს. მაშინ ჰრქუა მათ ნეტარმან: „ჵ, შვილნო საყვარელნო, გეშინოდენ უფლისა და ეკრძალენით ვნებათა და მანქანებათა ეშმაკისათა, რათა არა განვარდეთ პირისაგან ღმრთისა და გესმასთ: „მოისპენ უღმრთო, რათა არა იხილოს დიდება უფლისა“(ეს. 26,10). რამეთუ უღმრთო ეწოდების მსოფლიოთა საქმეთა მოყვარეთა, სიტყვისაებრ მოციქულისა, ვითარმედ: „რომელსა უყვარდეს სოფელი ესე, მტერად ღმერთსა აღუდგების“[იაკ. 4,4; 1 იო. 2,15]. და ძილი უჟამო, სიკუდილი არს სულისა და უნაყოფოება სიბნელესა შინა მყოფი, რომელისათვის ბრძანებს ქრისტე: „მონა ეგე უხმარი და უნაყოფო განხადეთ ბნელსა მას გარესკნელსა“[მთ. 25,30]. არამედ ჩვენ მღვიძარე ვიყვნეთ, საყვარელნო, რამეთუ არა ვიცით, თუ რომელსა ჟამსა უფალი ჩვენი მოვიდეს, რომელი არს კურთხეულ უკუნისამდე“. ესრეთ განაკრძალებდა მსმენელთა წმიდა იგი და სანატრელი მამა და ადიდებდა ღმერთსა. ამისთვის მეცა გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო, მღვიძარე ვიყვნეთ გონებითა და გვეშინოდენ უფლისა და გულს­მოდგინედ ვისმენდეთ მცნებათა მისთა. შიშით და კრძალულებით და მტკიცედ ვეგნეთ მოძღვრებასა ზედა ეკკლესიისასა. და გულისჴმისყოფით ვიკითხვიდეთ სამღთოთა წერილთა და კეთილსა ნაყოფსა გამოვიღებდეთ საცხოვნებელად სულთა ჩვენთა. და უკეთუ აქა არა გვეშინოდეს უფლისა და არა ვეკრძალებოდეთ ვნებათა, მუნ შეგვემთხვიოს ფრიადი შიში და ძრწოლა უსარგებლო, სადა იგი არად სახმარ იყოს შიში, და ვსძრწოდეთ შიშისაგან და მოლოდებისა. არამედ ჩვენ, საყვარელნო, გვეშინოდენ უფლისა, რათა ჯეროვანითა შიშითა მივიწივნეთ სრულსა სიყვარულსა ღმრთისასა და სრულმან სიყვარულმან გარე განსდევნოს უჯერო იგი შიში, და შევერთნეთ ნამდვილ საყვარელსა, ჭეშმარიტსა სასურველსა და ფრიად სატრფიალოსა, სახიერსა, საწადელსა და სანატრელსა, ყოვლადტკბილსა იესო ქრისტესა, ღმერთსა ჩვენსა, და ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა მისსა, რომელი განუმზადა მოშიშთა და მოყვარეთა თვისთა. ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, ვისმინოთ მეფსალმუნისა, ვითარცა იტყვის: „მოვედით შვილნო და ისმინეთ ჩემი, შიში უფლისა გასწავო თქვენ“(ფს. 33,12). და ვევედრნეთ უფალსა მეტყველნი: „შიშითა შენითა უფალო განმსჭვალენ ჴორცნი ჩვენნი, და სურვილითა შენითა მოსწყლენ სულნი ჩვენნი, რათა შიშითა განვეკრძალნეთ ვნებათა“. ხოლო სურვილით აღვასრულებდეთ მცნებათა და ღირს ვიქმნეთ დიდსა დიდებასა და ღმრთივშვენიერსა ბრწყინვალებასა შენსა. რამეთუ ჰშვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.