თხრობა სულიერი ოდ [74]. კეთილის მეტყველებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გულისა თვისისა გამოიღის კეთილი“[მთ. 12,35]. და წმიდა მოციქული იტყვის: „ძმანო, რავდენი არს ჭეშმარიტ, რავდენი პატიოსან, რავდენი მართალ, რავდენი წმიდა, რავდენი საყვარელ, რავდენი საქებელ, რავდენი სათნო და რავდენი ქებულ მას ზრახევდით და ღმერთი მშვიდობისა იყავნ თქვენ თანა“[ფილ. 4, 8-9]. ამის ესევითარისა სანატრელისა კეთილობისა სურვილითა, საყვარელნო, შეკრბენ ოდესმე ღირსნი და პატიოსანნი მამანი და ზრახვიდენ სიტყვათა სულისა სარგებელთა, ანგელოსებრივისა მოქალაქობისათვის. და სამოთხისა უშვენიერესითა თხრობითა განათლდებოდეს და ურთიერთას სამღთოთა მადლითა განაპოხებდეს, ვითარცა წერილ არს: „თხრობამან კეთილმან განაპოხნის ძუალნი კაცთანი“[იგ. 15,30]. და იყო შორის მათ ნეტართასა ერთი მამა წმიდა და ღმერთშემოსილი და საკვირველებათა მხილველი. და ამაღლდა გონებითა, გაბრწყინდა სულითა და იხილნა წმიდანი ანგელოსნი ზეცით გარდამომავალნი, რომელთა ეპყრათ ღმრთივშვენიერი ყუავილნი კეთილსუნნელნი. და მოვიდეს ნეტართა მათ მამათა შორის, აქებდეს და შეასხმიდეს სანატრელთა მათ მამათა და აყნოსებდეს ყუავილთა მათ სუნნელთა სამღთოსა მისთვის მეტყველებისა მათისა. და თუ ოდესმე შემოვიდის სიტყვა რაჲმე უსარგებლო, მსოფლიო და ამაო, განეშორნიან წმიდანი იგი ანგელოსნი ნათლისანი და წარმოსდგებოდიან შავნი ეშმაკნი ბოროტნი. და კვალად იტყოდიან რა სიტყვათა სულიერთა, კვალადცა მოვიდიან ბრწყინვალენი იგი ანგელოსნი და რომელმანცა წარმოიწყის სიტყვა სულიერი, აყნოსებდიან ყუავილსა და შეასხმიდიან ქებით. ესერა იხილა წმიდამან ბერმან, ადიდებდა და ჰმადლობდა კაცთმოყვარებასა ღმრთისასა; თვითცა მარადის კეთილსა ზრახვიდა და სხუათაცა კეთილის მეტყველებად ასწავებდა საცხონებლად სულთა ღმრთისმოყვარეთა და სადიდებელად ღმრთისა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, პატიოსანნო მსმენელნო, მარადის კეთილსა ვზრახვიდეთ და სამღთოთა თხრობათა ვისმენდეთ და მოქალაქობათა ნეტართა მამათასა ვჰბაძვიდეთ, საცხოვნებელად სულთა ჩვენთა და სადიდებელად ღმრთისა, რამეთუ ამისთვის ვართ ხატად და მსგავსად ღმრთისა შექმნულნი და დაბადებულნი. და ფრიად ვეკრძალნეთ, ძმანო, უშვერთა ზრახვათა, ვითარცა მოციქული გვამცნებს: „ყოველი სიტყვა უშვერი ნუ გამოვალნ პირით თქვენით, რამეთუ ზრახვა რაჲმე ცოდვისა მტერობა არს ღმრთისა და სიკუდილი სულისა ჩვენისა“[ეფეს. 4,29; რომ. 8,6-7]. ამისთვის ნურარას ვიტყვით, ძმანო, უჯეროსა და უსარგებლოსა, ვითარ იგი უფალიცა ბრძანებს: „ყოველი სიტყვა უქმი, რომელსა იტყვიან კაცნი, მისცენ სიტყვისა მისთვის, სიტყვაჲ დღესა მას სასჯელისასა“[მთ. 12,36]. და უფროსად განვეკრძალნეთ, საყვარელნო ეკკლესიასა შინა მეტყველებისაგან ამაოსა, რათა არა შერისხულ ვიქმნეთ უფლისა მიერ, ვითარმედ: „წარვედ ჩემგან, სატანა... რამეთუ არა ზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა“(მთ. 16,23). ამისთვის გევედრები, ჵ, საყვარელნო ძმანო ჩემნო, მარადის კეთილსა და სამღთოსა ვზრახვიდეთ, მოსწავებასა წინასწარმეტყველთასა ვიგონებდეთ, ქადაგებათა მოციქულთასა ვიხსენებდეთ, წამებასა მოწამეთასა ვიწურთიდეთ, მოთხრობასა მამათასა ვიტყოდეთ და მოქალაქობასა მათსა ვბაძვიდეთ, სწავლასა მათსა ვისმენდეთ და გულითა კეთილითა და სახიერითა შევიწყნარებდეთ, რათა გულთა შინა ჩვენთა დათესული სამღთო სიტყვა თუალთაგან გარდამოდენილითა ცრემლთა მიერ ჩვენთა, მოვრწყოთ, რომელიცა ღმერთმან აღაორძინოს და ნაყოფი შვენიერი გამოვიღოთ მოთმინებითა, ოცდაათეული, სამოცეული და ასეული საცხოვნებელად სულთა ჩვენთა და სადიდებელად ღმრთისა. ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, განვაკრძალოთ პირი ჩვენი და გონება ამაოსა ზრახვისაგან. არამედ კეთილსა ვიტყოდეთ და სასუფეველსა ვიგონებდეთ და დიდებასაცა მისსა ღირს ვიქმნეთ დამკვიდრებად, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.