თხრობა სულიერი ოე [75]. სენთა კურნებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „სახელითა ჩემითა სნეულთა ზედა ჴელსა დასდებდენ და განცოცხლდებოდენ“[მრკ. 16,18]. საყვარელნო, სნეულთა კურნება და მკუდართა აღდგინება სამღთოთა მოციქულთა საქმე არს და სათნოებით მსგავსთა მათთა კაცთა წმიდათა და ღმრთისა მიერ განათლებულთა. ხოლო ჩვენდა ჯერ არს სასოებით შეწყნარება, სიმდაბლით თაყვანისცემა და სარწმუნოებით ვედრება მნათობთა მათ სოფლისათა. რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი, ფრიად მდაბალი გონებითა და დიდად მაღალი სათნოებით, და განათლებული ღმრთისა მადლითა, სახელით პიმენ. დღესა ერთსა მისთანა შეკრბენ ათორმეტნი ოდენ მამანი პატიოსანნი და გამოეძიებდენ სამღთოსა სიტყვასა წერილისასა და იტყოდენ თხრობათა სულიერთა და ზრახვიდენ ზეცისა მოქალაქობისათვის, და ურთიერთას განანათლებდენ თაფლისა უტკბილესითა სიტყვითა. და ოდეს დააცადეს სიტყვაჲ, ერთი მათგანი განვიდა გარე და იხილა კაცი ვინმე ღმრთისმოშიში და სასოებით მორწმუნე წმიდათა კაცთა, რომელსა ჰყვა მისთანა ყრმა და სტიროდა. ჰკითხა მას ბერმან და ჰრქუა: „რაჲსა სტირ, ძმაო?“ ხოლო მან მიუგო: „ესე ყრმა შვილი ჩემი არს და მონა სიწმიდისა შენისა, პატიოსანო მამაო, ფრიად სალმობიერ არს და მიახლებულ სიკუდილსა, და დიდი სასოება მაქუს წმიდისა მამისა პიმენისადა, რომელ ძალუძს კურნება ამისი, მის შორის დამკვიდრებულისა ღმრთისა მადლითა, გარნა მეშინის, ნუუკუჱ არა ჰყოს სასწაული სიმდაბლით და არა უწყი, თუ რაჲ ვჰყო, წმიდაო ღმრთისაო“. შეეწყალა ბერსა მას კაცი იგი და გამოართო ყრმა იგი და შევიდა შინა და ესე სიბრძნე იჴელოვნა მეტყველმან: „წმიდანო მამანო, ყრმასა ამას ყოველთავე ჯვარი დასწერეთ, სახელითა იესო ქრისტესითა“. პირველად არა მივიდა უპირატესისა მის მამისა პიმენისა, არამედ იწყო უკანასკნელთაგან და ყოველთავე ჯვარი დააწერინა. და შემდგომად ყოველთასა მივიდა წმიდისა მამისა პიმენისაცა. ხოლო მანცა მსგავსად მათსა გამოსახა სასწაული პატიოსნისა ჯვარისა და სთქუა: „სახელითა იესო ქრისტესითა ცოცხალ იქმენ“. ეჰა, საკვირველებათა შენთა, ღმერთო, რამეთუ მეყსეულად განმრთელდა ყრმა იგი და ფერჴითა თვისითა მივიდა მამისა მიმართ თვისისა. და ყოველნი ადიდებდენ სახიერსა ღმერთსა და სარ­წმუნოსა მონასა მისსა მამასა პიმენს. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, გვაქუნდეს სარწმუნოება ჭეშმარიტი ღმრთისა მიმართ და მოვიგოთ სასოება მტკიცე წმიდათა კაცთა ღმრთის­მსახურთა. და ყოვლადსახიერი ღმერთი ყოველსავე სასწაულსა იქმს ლოცვითა მათითა და მოგვანიჭებს კურნებასა სულისა და ჴორცთასა. და რაჲცა კეთილი ვითხოოთ სასოებით წმიდათა კაცთაგან და მათ ნეტართა ილოცონ ღმრთისა მიმართ ჩვენთვის, უეჭველად მოგვეცემის სარწმუნოებით, რამეთუ უფალი ბრძანებს: „რაჲცა ითხოოთ სახელითა ჩემითა, გეყოს თქვენ“[იო. 14,13; 16,23]. და პატივს ვსცემდეთ, საყვარელნო, პატიოსანთა მღუდელთა ეკკლესიისათა, ვითარცა მოციქულთა მობაძავთა, რამეთუ მღუდელნი არიან მნენი და გამგენი სულთა ჩვენთანი და შუამდგომელნი შორის ღმრთისა და კაცთა და შემწირველნი ჩვენთვის მსხვერპლთა და ლოცვათა ღმრთისა მიმართ და მომღებელნი ჩვენდა მომართ ღმრთისა მიერ წყალობასა მადლსა და კურნებასა. ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, ესრეთ კეთილითა სასოებითა და ყოვლით კერძო სათნოებით შემკობილნი ვიქცეოდეთ, ვითარცა ჰშვენის ქრისტეანეთა, რათა აქაცა კეთილი ცხოვრება მოვიგოთ და მას საუკუნესა დაუსრულებელთა კეთილთა ზეცისა სასუფეველისათა და წმიდათა თანა სუფევასა ღირს ვიქმნეთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.