თხრობა სულიერი ოვ [76]. სიტკბოებისათვის სანატრელისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი მსუბუქ“(მთ. 11,30). ამისთვისცა წინასწარმეტყველი ჰგალობს: „ტკბილ ხარ შენ, უფალო, და სიტკბოებითა შენითა მასწავე მე სიმართლენი შენნი“(ფს. 118,68). და ჩვენცა გვასწავებს სიტკბოებასა და სახიერებასა ღმრთისასა მეტყველი: „განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი“(ფს. 33,9). და კვალად იტყვის: „ტკბილსა კაცსა ეწყალის და ავასხის“(ფს. 111,5). რამეთუ თავადიცა უფალი ტკბილ არს ყოველთა მიმართ. ამის ესევითარისა სანატრელისა სიტკბოებისა მომგებელი და შემ­ტკბობელი იყო ვინმე კაცი ღმრთისმოყვარე, მშვიდი, მდაბალი, წრფელი, უმანკო, სახიერი, საწადელი და ტკბილი საქმითა და სიტყვითა. და მოსწრაფე იყო ყოველთა მცნებათა ღმრთისათა აღსრულებად და ლოცვასა განკრძალულ გულითა წმიდითა. და ესვა მას ასული მხოლოდშობილი ქალწული, მსგავსი თვისისა სათნოებისა, ვითარცა ბრძანებს სახიერი უფალი: „კეთილმან ხემან ნაყოფი კეთილი გამოიღის“[მთ. 7,17]. დღესა ერთსა მეცნიერი ვინმე მისი ესტუმრა კაცსა მას ღმრთისასა და წარრავიდოდა სტუმარი იგი, სამკაული რაჲმე დიდფასისა მისცა ქალწულსა მას ნამარხევად ვიდრემდის მოვიდეს. ხოლო კეთილკრძალულმან ქალწულმან დაფლა მიწასა შინა და არავის უთხრა ადგილი იგი უმეტესისა კრძალულებისათვის. და შემდგომად მცირედთა დღეთა მიიცუალა უფლისა მიმართ სანატრელი იგი ქალწული. და ოდეს მოიქცა სამკაულისა უფალი, ითხოვდა თვისსა და ვერვინ შეუძლო პოვნად მისა. და ვინათგან დიდსა ურვასა და მწუხარებასა შინა იყო მამა მისი, მიისწრაფა ღმრთისა მიმართ და ილოცა მხურვალითა გულითა წმიდითა და ფრიადითა სარწმუნოებითა. და შეისმინა ყოვლადსახიერმან და ტკბილმან უფალმან ლოცვა იგი მართლისა მის კაცისა. ვითარცა წერილ არს: „ჴმა ჰყო მართალმან და უფალმან ისმინა მისი“[ფს. 33,7]. ეჰა, დიდება კაცთმოყვარებასა შენსა, ღმერთო! რამეთუ აღსდგა ქალი იგი მკუდრეთით და მისცა სამკაული იგი უფალსა მისსა და კვალად მიიძინა, რათა უხრწნელად აღსდგეს ყოველთა აღდგომასა. და ყოველნივე განთავისუფლდენ მწუხარებისა მისგან და ადიდებდეს უსაზღვროსა მოწყალებასა და სახიერებასა ღმრთისასა, რომელმან ჰყვის ზესთა ბუნებისა საკვირველება წმიდათა შორის მისთა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ ჩვენცა სიტკბოება, სახიერება, მყუდროება, მარხვა და მოთმინება, რათა ღმრთივბრწყინვალე ნაყოფი სულისა გამოვიღოთ პატიოსნად, რომელ არიან: ლოცვა უვნებელი, შემუსრვა სულისა, სიწმიდე გულისა, და სრული სიყვარული ღმრთისა. და მიუთხრობელითა სიტკბოებითა ღმრთისათა განვნათლდეთ, რამეთუ სიტკბოება ღმრთისა სინანულად მოგვიყვანებს და ღმრთივშვენიერად განგვაბრწყინვებს და სახიერებასა მისსა შეგვაერთებს, ვითარცა თვით უფალი ბრანებს: „თქვენ ჩემთანა და მე თქვენ შორის“(იო. 14,20). ესევითარისა სიტკბოებისა მოგება ამისგან იქმნების, საყვარელნო, რომელ მარადის თაფლისა უტკბილესთა სიტყვათა წმიდათა წერილისათა სურვილით ვიკითხვიდეთ და გულსმოდგინედ ვისმენდეთ, ვითარცა ჰგალობს მეფსალმუნე: „რაბამად ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყვანი შენნი, უფალო, უფროს თაფლისა პირსა ჩემსა“[ფს. 118,103]. და სიტკბოება ჰყავ მონისა შენისათანა, უფალო, სიტყვისაებრ შენისა; სიტკბოება და სწავლულება მასწავე მე, რამეთუ მცნებანი შენნი მრწმენეს მე. რამეთუ შენ, უფალი, ტკბილ და მართალ ხარ და დიდად მოწყალე, ყოველთათვის, რომელნი გხადიან შენ. ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, სულისა წმიდისა მიერ თქმულთა სიტყვათა წმიდათა წერილისათა ვიწურთიდეთ და ვისმენდეთ სურვილით და მათ შინა მდებარეთა მცნებათა ღმრთისათა აღვასრულებდეთ სიყვარულით და მათგან ვისწავოთ სიტკბოება და მოვიგოთ გული წმიდა, და ყოვლადტკბილსა და საწადელსა იესოს სათნო ვეყვნეთ, რათა დაუსრულებელსა სიტკბოებასა ზეცისა სასუფეველისასა ღირს ვიქმნეთ და უტკბილეს მანანაჲსა საშვებელითა ვიხარებდეთ, მართალთა თანა ვიდიდნეთ, ღირსთა თანა გვირგვინოსან ვიქმნეთ და წმიდათა თანა ვგალობდეთ და ვადიდებდეთ სახიერებასა და სიტკბოებასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.