თხრობა სულიერი ოზ [77]. სიწმიდით განათლებულისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ“(მთ. 7,7; ლკ. 11,9). აწ უკუჱ საყვარელნო, გულის წმიდით ვითხოვდეთ წყალობასა ღმრთისასა, სარწმუნოებით ვეძიებდეთ სასუფეველსა ცათასა და სასოებით ვრეკდეთ, რათა განგვეღოს მოწყალებისა კარი და შევიდეთ სიხარულსა უფლისა ჩვენისასა და ვიხილოთ დიდება და დიდად შვენიერი ბრწყინვალება ღმრთისა, რომელი თუალსა მოშურნისასა არა უხილავს, ყურსა მჩურჩნავისასა არა სმენია და გულსა ულმობელსა არა მოსრულ არს. არამედ საყვარელნო, განვიწმიდნეთ გულნი ჩვენნი ყოვლისაგან ბიწისა და ყოვლადწმიდა ღმერთი დაემკვიდრების ჩვენ შორის, და ვიქმნებით ჩვენ ტაძარ ღმრთისა ცხოველისა, ვითარცა ჰგალობს მეფსალმუნე: „წმიდა არს ტაძარი შენი, უფალო, საკვირველ არს სიმართლითა“[ფს. 64, 5-6]. რამეთუ ესევითარი იყო წმიდა და ღმერთშემოსილი მამა ჩვენი ლონგინოს, რომელიცა დღესა ერთსა ვიდოდა ზღვის კიდესა სიმდაბლით და შეჰკრებდა შეშასა. იხილა იგი კეთილმორწმუნემან ვინმე დედაკაცმან და ჰრქუა: „მამაო პატიოსანო, სადა მყოფ არს, წმიდა იგი კაცი ღმრთისა მამა ლონგინოს?“ რამეთუ ვერ იცნობდა მას. მიუგო ბერმან: „რაჲ გნებავს მისგან, ღმრთივსულიერო დედაო? რამეთუ არს იგი ცნობამიღებულ“. ხოლო მან იწყო ტირილად და ჰრქუა: „ძუძუ ჩემი მელმის ძლიერად სენისა მისგან, რომელსა უწოდიან კირჩხიბი და მოვედ მისა სასოებით კურნებად, რამეთუ მასმიოდა სიწმიდე მისი“. და წმიდამან ბერმა გამოსახა სასწაული პატიოსნისა ჯვარისა მეტყველმან: „წარვედ, დედაო სულიერო, მშვიდობით და განიკურნო მადლითა ქრისტესითა, რამეთუ ლონგინოს არარა კეთილი ძალუძს ყოფად“. ხოლო დედაკაცი იგი სარწმუნო ექმნა სიტყვათა მისთა და განთავისუფლდა სენისა მისგან ბოროტისა. და მიუთხრა საქმე ესე სხუათა, სახე და ნიშანი კაცისა მის აუწყა, რომელმან განჰკურნა. მაშინ სცნა და ისწავა, ვითარმედ თვით იგი იყო მამა ლონგინოს და ადიდებდა ღმერთსა. კვალად მიიყვანეს ეშმაკეული ვინმე მამისა ლონგინოსისა, რათა გან­ჰკურნოს მის შორის დამკვიდრებულითა ღმრთისა მადლითა. და მან ჰრქუა მათ სიმდაბლით: „რაჲ ვჰყო, რამეთუ მე კაცი ვარ ცოდვილი? არამედ წარიყვანეთ ეგე ბერისა იმის, რომელი იყოფის მას სენაკსა“. და ვითარცა მიიყვანეს, იწყო ბერმან ოტებად ეშმაკისა, ჴმა ჰყო ეშმაკმან: „აწ ჰგონებ შენ, ბერო, თუ სიტყვითა შენითა განვალ?! არამედ მამა ლონგინოს ილოცავს და მეშინის ლოცვათაგან მისთა და ვსძრწი სიწმიდისაგან მისისა და მისთვის განვალ. თუ არა, არამცა მიგეცი შენ პასუხი სიტყვისა შენისა“. ესერა სთქუა, ივლტოდა ეშმაკი და განიკურნა კაცი იგი და ადიდებდა ღმერთსა. იხილეთ საყვარელნო, ძალი სიწმიდისა მისისა და გულისჴმა ჰყავთ თუ ვითარ სიმდაბლით შემოსილ არიან წმიდანი ღმრთისა კაცნი. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ ჩვენცა სიწმიდე სულისა, სიმდაბლე გულისა, უბიწოება ლოცვისა და რაჲცა ვითხოვოთ სარწმუნოებით ღმრთისა მიერ, ისმენს ჩვენსა და გვეტ­ყვის: „აჰა, ესერა აქა ვარ და მე მარადის თქვენ თანა ვარ, ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“[მთ. 28.20] და შემდგომად სოფლისაცა დაუსრულებელად არა განგეშორები. თქვენ ისმინეთ ჴმისა ჩემისა, რომელსა გამცნებ: „წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ“(ლევ. 19,2; 1 პეტ. 1,16). და მე ვისმინო ლოცვისა თქვენისა და დაგამკვიდრნე წმიდასა შინა წმიდათასა ზეცისა სასუფეველსა, და გადიდნე წმიდათა შორის ჩემთა საკვირველებით. ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, ვისმინოთ ტკბილნი ესე სიტყვანი უფლისანი და ვეტრფიალნეთ სიკეთესა სიწმიდისასა და წმიდის გულით ვილოცვიდეთ მეტყველნი: „მამაო ჩვენო ზეცათაო, წმიდა იყავნ სახელი შენი ყოვლადწმიდა, რომელი დიდებულ ხარ წმიდათა შორის შენთა და სამწმიდაარსობით იგალობები წმიდათა სერაჶიმთა მიერ. და ჩვენცა წმიდა მყვენ ყოვლისაგან ბიწისა, რათა ვიტყოდეთ, წმიდა ხარ შენ, უფალო, გაქებს სული ჩემი, განაძლიერე გული ჩემი, მოგებად სრულისა სიწმიდისა, რომელი წმიდათა შენთა შორის განისვენებ, განანათლებ და განაბრწყინვებ, ღმრთივშვენიერითა ელვარებითა სიწმიდისა შენისათა და შენდა დიდებასა შევსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“.