თხრობა სულიერი ოჱ [78]. სიწმიდისათვის და უბიწოებისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „აჰა, მიგცემ თქვენ ჴელმწიფებასა, დათრგუნვად გველთა და ღრიანკალთა“(ლკ. 10,19). საყვარელნო, უკეთუ გვაქუნდეს სრული სიწმიდე სულისა და უბიწოება გულისა, არაწმიდანი ცხოველნი გესლიანნი ვერარას გვავნებენ და ვერცა გვეუფლოს არაწმიდა და სიბილწისმოყვარე ეშმაკი. ხოლო ესევითარისა სიწმიდისა მოგება ამით იქმნების, ძმანო, რათა შევიჭურნეთ მოღვაწებითა, მოთმინებითა, მარხვითა და ლოცვითა; და შევიტკბოთ სათნოება, სიმართლე, სიწმიდე, სარწმუნოება, სასოება და სიყვარული. ესრეთ რა შევიბეჭდნეთ საქმითა კეთილითა, ვერარაჲსა გვავნებენ ეშმაკნი და ვერცა მხეცნი ბოროტნი. რამეთუ იყო ვინმე ბერი ღირსი და პატიოსანი, ჯვარშემოსილი, წმიდა, უბიწო, უმანკო, უვნებელი, სრულსა საზომსა მიწევნილი, ნიშებშემოსილი და სასწაულთმოქმედი, სახელით პავლე, დამკვიდრებული უდაბნოსა. და ესევითარი მადლი მოენიჭა ღმრთისა მიერ, რომელ სადაცა იხილის გველი და ღრიანკალი, გინა რაჲცა ქვეწამძრომელი გესლიანი, პირველად თვით გამოისახის სასწაული პატიოსნისა ჯვარისა და მერმე მასცა დასწერის ჯვარი და მეყსეულად უსულო ჰყვის ძალითა ჯვარისათა. დღესა ერთსა წარვლიდა უშინაგანესსა უდაბნოსა ადგილსა, იხილა ვასილისკო და განიპყრნა ჴელნი ჯვარის სახედ და ჴმა ჰყო ღმრთისა მიმართ: „უფალო, უფალო, კაცთმოყვარეო, ანუ მე მოვჰკვდე, ანუ ესე!“ და მეყსეულად განსქდა ვასილისკო იგი ძალითა ქრისტესითა, და იგი ადიდებდა ღმერთსა, რომელმან მოციქულისა პავლეს მიერცა იქედნე ცეცხლითა დასწუა და მონა თვისი უვნებელად დაიცვა. ხოლო წმიდა ესე ბერი იხილეს ძმათა სულიერთა ჟამსა აღსრულებისასა, შეუვრდეს ვედრებით და ეტყოდეს: „ჯვარშემოსილო მამაო, ყოვლადპატიოსანო, გვაუწყე თუ რომელი სათნოება წარგიმართებიეს, რომელ ესე მადლი მოგანიჭა შენ ღმერთმან?“ ხოლო მან არა დაჰფარა სარგებელისათვის სულისა, არამედ ჰრქუა სიწრფოებით: „შემინდევით მე, ღმრთივსულიერნო ძმანო, რამეთუ უკეთუ ვინ მოიგოს სიწმიდე და უბიწოება, დაემორჩილებიან მას ყოველნი მხეცნი, ვითარცა იგი პირველსა მამასა ჩვენსა ადამს, იყო რა იგი სამოთხესა უწინარეს ცთომისა და მცნებათა გარდასლვისა“. ესერა სთქუა, ნიში პატიოსნისა ჯვარისა გამოისახა სანატრელმან და განწმედილი სული თვისი ჴელთა შინა ღმრთისათა შევედრა. ისმინეთ, საყვარელნო, თუ ვითარ კეთილ არს და პატიოსან სიწმიდე და უბიწოება. და ესეცა გულისჴმა ვჰყოთ თუ ვითარი ძალა აქვს ცხოველს­მყოფელსა ჯვარსა ქრისტესსა სარწმუნოებით გამოსახულსა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, მოვიგოთ ჩვენცა სიწმიდე გულისა და უბიწოება სულისა. და სარწმუნოებით გამოვისახვიდეთ პატიოსანსა ჯვარსა შუბლსა და პირსა ზედა ჩვენსა, რათა გულის სიწმიდით ღმერთი ვიხილოთ, ვითარცა თვით უფალი ბრძანებს: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“(მთ. 5,8). და სულის უბიწოებითა ღმრთისა მახლობელობასა ღირს ვიქმნეთ, ვითარ იგი სული წმიდა იტყვის პირითა სიბრძნისმეტყველისათა, ვითარმედ: „მოვედ მახლობელო ჩემო... და ბიწი არა არს შენთანა“(ქებ. 2,10-13; 4,7). ხოლო სარწმუნოებით ჯვარის გამოსახვითა ამალეკი და უფროსღა ეშმაკი ვიოტოთ, ვითარ იგი ძველ ოდესმე მოსე, კაცმან ღმრთისამან განპყრობითა ჴელთათა ჯვარის სახედ უკუნ აქცივნა ამალეკი. ვინათგან აწ ჩვენდა არღარა არს ამალეკი, არამედ დავსცეთ უხილავი ეშმაკი, ძალითა ცხოველ­მყოფელისა ჯვარისათა. ჰე, გევედრები, საყვარელნო, შევამკოთ სული ჩვენი სათნოებითა და შევსჭურნეთ ჴორცნი ჩვენნი პატიოსნითა ჯვარითა, რათა სულით და ჴორცით წმიდა ვიქმნეთ. და უკეთუ გვებრძოლოს არაწმიდა, უხილავი ეშმაკი ბოროტის გულისსიტყვითა, ხოლო ჩვენ, ძმანო, ჯვარითა ქრისტესითა აღვიბეჭდნეთ გული და გონება ჩვენი და წმიდად დაგვიცვას მადლმან ჯვარისამან, ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვადმდე ჩვენდა. და ნურაოდეს განვიშორებთ ჯვარსა იესო ქრისტესსა. და განწმედილი სული ჩვენი ჴელთა შინა ღმრთისა შევვედროთ, რომელი კურთხეულ არს და დიდებულ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.