თხრობა სულიერი ოთ [79]. სათნოებით სიწმიდისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ყოველმან, რომელმან მოიღოს ნაყოფი, განსწმიდოს იგი, რათა უფროსი ნაყოფი გამოიღოს“(იო. 15,2). საყვარელნო, ნაყოფი სათნოებისა წმიდა ჰყოფს გულსა, განანათლებს გონებასა და განაბრწყინვებს სულსა, და ესევითარი კაცი ანგელოსთა მიემსგავსების, ღმერთსა ადიდებს და სასუფეველისა შვილებასა მიიღებს, და ღმრთივშვენიერითა გვირგვინითა იხარებს წმიდათა თანა დაუსრულებელად. რამეთუ იყვნეს ორნი ძმანი დიდებულთა შვილნი კეთილგონიერნი, რომელთაცა შეიყვარეს იესო ტკბილი და სურვილითა საუკუნოსა დიდებისათა იქმნეს მონაზონ და ნაყოფი მრავალი გამოიღეს: სათნოებისა, სიმდაბლისა, სიმშვიდისა, მორჩილებისა, მოთმინებისა, მარხვისა და ლოცვისა წმიდისა. და მერმე წინამძღვრის შენდობით აღიშენეს შორს მონასტრისაგან თვის თვისად სენაკები და დასხდენ მათ შინა დაყუდებით. და სამღთოსა ტრფიალებით განათლებულთა ძლიერად იღვაწეს სათნოყოფად ღმრთისა და მრავალთა წელთა ურთიერთას არა იხილეს მოთმინებით, რათა საუკუნო დიდებასა შინა ზოგად იხარებდენ პატივითა. შემდგომად მრავლისა ღვაწლისა ერთი მათგანი დასნეულდა. მივიდენ ძმანი მონასტრისანი და იხილეს იგი მცნებისაებრ უფლისა. ხოლო სნეული იგი მიეცა განკვირვებასა მყოვარჟამ და უსულო იქმნა, მერმე კვალად მოეგო თავადვე თვისად. და ჰკითხვიდეს ძმანი მოანასტრისანი, თუ: „რაჲ იხილე, პატიოსანო მამაო, განკვირვებასა შენსა?“ ხოლო მან ჰრქუა: „ვიხილე, ღმრთივსულიერნო ძმანო, რამეთუ წმიდანი ანგელოსნი მოვიდეს და წარგვიყვანეს მეცა და ძმაცა ჩემი და აღგვიყვანეს ჩვენ ზეცად. და შეგვემთხვივნეს არაწმიდანი ეშმაკნი, ჰაერის მცველნი, და ვერ უძლეს მოახლებად ჩვენდა, რამეთუ მცველთა ჩვენთა წმიდათა ანგელოსთა იოტნეს იგინი, ხოლო ეშმაკნი იგი ჴმობდეს: „დიდ არს კადნიერება სიწმიდისა და სათნოებისა“. ესერა სთქუა წმიდამან და სანატრელმან ბერმან, მეყსეულად დაიძინა. და წარგზავნეს ვინმე, რათა აუწყოს ძმასა მისსა მიცვალება მისი. და მისრულთა იხილეს იგიცა მასვე ჟამსა აღსრულებული და ორნივე დამარხნეს პატივითა და ადიდებდეს ღმერთსა. იხილეთ, საყვარელნო, თუ ვითარ ორთავე ურთიერთას მოყვარეთა სულითა და კეთილად მოღვაწეთა გულისჴმისყოფითა, ნაყოფიცა სათნოებისა ზოგად გამოიღეს და კეთილი მგზავრობაცა ზოგად მიიღეს, ანგელოსთა წინამძღვრებითა, და ზოგადცა იხარებენ დიდებასა შინა ღმრთისასა დაუსრულებელად. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ ჩვენცა სათნოება, წმიდამყოფელი სულისა. და თავნი ჩვენნი დავიცვნეთ ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ჴორცთასა და ბოროტის გულისსიტყვისგანცა არაწმიდათა, რომელნი საძაგელ არიან სიტყვადცა და შემამწიკვლებელ გონებისაცა. რომლისათვის იტყვის უფალი: „გამოვედით შორის მათსა და გამოეშორენით... და არაწმიდასა ნუ შეეხებით და მე შეგიწყნარნე თქვენ და ვიყო მე თქვენდა მამა და თქვენ იყვნეთ ჩემდა ძეებ და ასულებ“(2 კორ. 6,17-18). არამედ ვიქმოდეთ, საყვარელნო, რაჲ იგი არს სათნო ღმრთისა და აღვივსნეთ სულითა წმიდითა და „ვაქებდეთ უფალსა ფსალმუნითა და შესხმითა“[ფს. 150,3] სულიერითა გულთა შინა ჩვენთა, რათა გულიცა და გონებაცა ჩვენი წმიდა იქმნას, სიტყვითა ღმრთისათა და ლოცვითა წმიდითა და ჩვენ შორის დაემკვიდროს იესო ტკბილი მაცხოვარი ჩვენი და ჴმა ჰყოს მამისა მიმართ ზეცათასა: „მამაო წმიდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა წმიდითა“. ჰე, გევედრები, საყვარელნო, დავიცვნეთ ბაგენიცა ჩვენნი სიტყვათაგან უჯეროთა, და ყოველი სიტყვა უშვერი ნუ გამოვალნ პირით ჩვენით, რამეთუ ესეცა შეამწიკვლებს სულსა ჩვენსა, ვითარცა უფალი ბრძანებს: „პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა“(მთ 15,11), და ვითარმედ: „სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო“(მთ. 12,37). არამედ პირით ჩვენით, ძმანო, ვიტყოდეთ მარადის სათნოსა ღმრთისასა და ჭეშმარიტებასა, რათა სთქუას ჭეშმარიტმან სიტყვამან ღმრთისამან მამისა მიმართ: „წმიდა ჰყვენ ესენი ჭეშმარიტებითა, რამეთუ სიტყვა შენი ჭეშმარიტ არს და ამათთვის წმიდა ვჰყოფ თავსა ჩემსა, რათა ესენიცა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებით და ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა“[იო. 17,17-24]. ჵ, საყვარელნო ძმანო, შევიტკბოთ წმიდამყოფელი ჩვენი სათნოება და დავემკვიდროთ წმიდასა წმიდათასა, სასუფეველსა ცათასა, და ვიხილოთ დიდება ღმრთისა და ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა და დიდად­შვენიერსა სახელსა მისსა, რამეთუ მისა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.