თხრობა სულეირი პა [81]. სარწმუნოებისათვის მართლისა

ღმრთივსულიერნო შვილნო აღმოსავლეთისა ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე იტყვის მამისა მიმართ: „ესე არს ცხოვრება საუკუნო, რათა გიცოდენ შენ, მხოლო ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე – იესო ქრისტე“(იო. 17,3). აწ უკუჱ საყვარელნო, ჰშვენის ჩვენდა ქრისტეანეთა, რათა მტკიცედ ვეგნეთ სარწმუნოებასა ამას ზედა ჩვენსა მართალსა და ჭეშმარიტსა, რომელი ესე წმიდათა მამათა, შვიდთა მსოფლიოთა კრებათა შინა დაამტკიცეს მადლითა სულისა წმიდისათა. და გვაქმნდეს საქმენიცა კეთილნი, განმაბრწყინვებელნი სულისა ჩვენისანი, რომელთა ძლით იპოვების ცხოვრება საუკუნო და აქაცა განათლება უფლისა მიერ. რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა იესრუსალიმის მონასტერსა შინა, ფრიად მშვიდი, მდაბალი, წრფელი, მართალი და უზაკველი სახელით იაკობ. და პატიოსნებისათვის და სათნოებისა მისისა ყოველთავე უყვარდათ იგი. და მონასტერსა მას შინა იყო ორი ეკკლესია, ერთი ბერძენთა და მეორე სომეხთა. სომეხნი ეტყოდეს: „ჩვენსა ეკკლესიასა ეზიარე, მამაო იაკობ, რამეთუ ესე ჭეშმარიტ არსო“. და ბერძენნი ეტყოდეს: „არ შეგაცთუნონ ჭეშმარიტებისაგან მწვალებელთაო“. ხოლო იგი, ორთაგან გულისსიტყვათა შეიწრდებოდა და არა უწყოდა, თუ რომელი ჰყოს. აღსდგა უკუჱ და შეიმოსა თვისი სამკუდრო სამოსელი, რომელიცა მიეღო კურთხევასა სქემისასა და განვიდა გარე მონასტრისა და შეაწყვდია თავი თვისი სენაკსა მცირესა და ბნელსა. ორმეოც დღე იმარხა და ევედრებოდა ღმერთსა, რათა გამოუცხადოს, თუ რომელი არს ჭეშმარიტი. და ვითარცა მოუძლურდა ფრიადისა მარხვისა და ლოცვისაგან, აჰა, განათლდა სახლი იგი და გამოუჩნდა მას ღმრთივშვენიერად უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ჰრქუა მხიარულითა პირითა და ბრწყინვალითა ჴმითა: „მშვიდობა შენთანა, ბერო იაკობ! რაჲსა იქმ აქა?“ ხოლო იგი მეყსეულად განძლიერდა და განათლდა გულითა და ჰრქუა: „მეუფეო წმიდაო, ტკბილო და სახიერო, შენ უწყი, თუ რაჲსა ვიქმ აქა, ანუ რაჲ მიხმს. ორთა მათ ეკკლესიათათვის, გევედრები, უფალო, არა უწყი მე, თუ რომელსა ზედა ვეგო“. მაშინ ჰრქუა მას უფალმან: „სადაცა ხარ, კეთილად ხარ“. ესერა ჰრქუა, მეყსეულად სიტყვასა მას თანა წამისყოფითა ღმრთისათა, იპოვა იგი ეკკლესიასა შინა ბერძენთასა, რამეთუ ჰგალობდენ რომელი ხერუვიმთასა და გამოასვენეს სიწმიდე შესაწირავისა. ხოლო ყოველნივე მსმენელნი მისნი ადიდებდეს საკვირველებასა ღმრთისასა და დაემტკიცნენ სარწმუნოებასა ზედა ჩვენსა ჭეშმარიტსა, უბიწოსა და მართალსა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო მართლ­მადიდებელნო, ესე ჭეშმარიტი სარწმუნოება შეუორგულებელად გვაქმდეს და საქმეთაცა კეთილთა ვიქმოდეთ, რამეთუ იტყვის იაკობ მოციქული, ძმა უფლისა: „სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკუდარ არს, ეგრეთვე საქმენი თვინიერ სარწმუნოებისა“[იაკ. 2,20-26]. არამედ ჩვენ, საყვარელნო, ორნივე ესე მტკიცედ ვიპყრათ, ვითარცა წმიდათა და ღმრთივგანათლებულთა მამათა გვიქადაგეს და ჩვენდა ჯერ არს დამარ­ხვად და აღსრულებად. ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, მტკიცედ ვეგნეთ ამას სარწმუნოებასა მართალსა და მოვიგოთ საქმენიცა კეთილნი, რომელ არიან: სიმშვიდე, სიმდაბლე, სიწმიდე, სიწრფოება, სიმართლე, მარხვა, ლოცვა და მოწყალება, რათა ამათ კეთილთა მოქმედებითა ღირს ვიქმნეთ ამაღლებად ზეცისა სასუფეველსა და მოღებად ნიჭსა სულისა წმიდისასა, და მადლითა მისითა განათლებად და განბრწყინვებად უფროს მზისა მცხინვარებისა და საუკუნო დიდებად, მადლობად და გალობად ყოვლადწმიდისა სამებისა და ღმრთივშვენიერად შემკობად გვირგვინითა და პატივითა წმიდათა მამათა თანა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.