თხრობა სულიერი პბ [82]. სარწმუნოებისათვის კეთილისა
ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ მე და ვრწმენე“[იო. 20,29].
აწ უკუჱ საყვარელნო, ჩვენ არა გვიხილავს იგი და გურწამს ჭეშმარიტად. და უფროსღა მარადის ვხედავთ იესოს გონებისა თუალითა და სიტკბოებისა მისისა გემოსა განვიცდით წმიდისა საიდუმლოსა ზიარებითა და მარადღე გვესმის ღმრთივშვენიერი ჴმა მისი წმიდისა სახარებისა ქადაგებითა, ვითარცა თვით ბრძანებს: „აჰა, ესერა, მე თქვენ თანა ვარ ყოველთა დღეთა... და ნეტარ არიან თუალნი თქვენნი, რამეთუ ხედვენ და ნეტარ არიან ყურნი თქვენნი რამეთუ ესმის“[მთ. 28,20; 13,16; ლკ. 10,23]. და რაჟამს ჩვენცა, ძმანო, სარწმუნოებითა კეთილითა და სიყვარულითა ჭეშმარიტითა ვჰხადოთ, იგი ისმენს, და ღმრთივბრწყინვალედ გამოგვიჩნდების უფალი იგი დიდებისა, ტკბილი იესო მაცხოვარი ჩვენი და ნუგეშინისცემითა მშვიდობასა მოგვფენს სახიერებითა და კაცთმოყვარებითა თვისითა.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა, სარწმუნოებითა და სიყვარულითა ღმრთისა განმტკიცებული, რომელი მარადის ილოცვიდა სასოებითა და ჴელთსაქმისაგან არა დასცხრებოდა და მით მოწყალებასა იქმოდა.
ესე სანატრელი მამა დღესა ერთსა შევიდა უშიშად ტაძარსა საკერპოსა, იწყო მუნ ლოცვად და ჴელთსაქმედ. გამოეცხადნეს მას ეშმაკნი, რეცა კაცისა სახითა და ჰრქუჱს: „განვედ, ბერო, ადგილისაგან ჩვენისა“. და მან მიუგო: „თქვენ ადგილი არა გაქვსთ თვინიერ ჯოჯოხეთისა, რამეთუ უფლისა არს ყოველი ქვეყანა და სავსება მისი“. ხოლო ეშმაკთა განაბნივეს ჴელთსაქმარი მისი და იგი შეიპყრეს და გამოზიდვიდეს გარე. მაშინ ბერმან სარწმუნოებითა მხურვალითა გამოისახა სასწაული პატიოსნისა ჯვარისა და სთქუა: „უფალო ჩემო და ღმერთო, იესო ქრისტე, შემეწიე მე!“ და მეყსეულად უჩინო იქმნნეს და განიბნივნეს ეშმაკნი იგი ბოროტნი.
ხოლო ბერი დასდგა ლოცვად და იწყო ტირილად. და აჰა, ღმრთივშვენიერებით გამოუჩნდა მას უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ჰრქუა მხიარულითა პირითა და ბრწყინვალითა ჴმითა: „მშვიდობა შენთანა, რაჲსა სტირ, ჵ, კაცო?“ მიუგო ბერმან და ჰრქუა სიმდაბლით: „ამისთვის, უფალო, ღმერთო ჩემო, რამეთუ ესრეთ უღირს ვარ ცოდვათა ჩემთა ძლით, რომელ ეშმაკნი არა მიტევებენ მონებად შენდა“. ჰრქუა მას სახიერმან უფალმან სიტკბოებით: „ნუ გეშინინ, იხილე თუ ვითარ მსწრაფლ შეგეწიე და გიხსენ მათგან, ჴმა ჰყავ რა ჩემდა მომართ, რამეთუ რომელი მხადოდეს მე სარწმუნოებით, არავის უგულებელს ვჰყოფ; და „რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“(იო. 6,37).
ესერა ჰრქუა მაცხოვარმან, უფროსად განძლიერდა ბერი იგი და განათლებულის გულით, სარწმუნოებით ადიდებდა ღმერთსა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ სარწმუნოება ჭეშმარიტი, ყოველსა შინა საქმესა ჩვენსა, და უფროსად განსაცდელისა და შეჭირვებისა ჟამსა ჴმა ვჰყოთ მხურვალედ ღმრთისა მიმართ და მსწრაფლ განვთავისუფლდეთ, ვითარცა იტყვის სული წმიდა პირითა დავით მგალობელისათა: „ჭირსა მხადე და მე გიხსნა შენ“[ფს. 49,15]. და გულის წმიდით ვილოცვიდეთ მეტყველნი: „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“.
და მართალსა ამას სარწმუნოებასა თანა მოვიგოთ საქმენიცა კეთილნი, რომელ არიან: სიწმიდე, სიმართლე, სიყვარული, სახიერება, სიტკბოება და მოწყალება, რათა სარწმუნოებითა მართლითა განვნათლდეთ, და საქმითა კეთილითა დამაშვრალნი, ვითარცა ტრედი უმანკო, ორითა ფრთითა ზეცად აღვფრინდეთ და ანგელოსთა შორის განვბრწყინდეთ და წმიდათა მოციქულთა თანა ვიდიდნეთ გვირგვინითა პატიოსნითა და გურქუას მეუფემან ტკბილმან და სახიერმან: „ნეტარ ხართ თქვენ, რომელნი სახელისა ჩემისათვის დაშვერით, „აწ მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი სათნოებისათვის და მე განგისვენო თქვენ წიაღთა ჩემთა სიყვარულით და სუფევდეთ უკუნისამდე“[მთ. 11,28].
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, ვიღვაწოთ სათნოყოფად ყოვლადბრწყინვალისა მეუფისა, რათა ამას ნეტარებასა ღირს ვიქმნეთ, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.